ადენოზინმონოფოსფატ დეამინაზა (AMPD1) გენია, რომელიც ენერგიის სწრაფად წარმომქმნელ ფერმენტს გამოიმუშავებს. მის ნაკლებობას მეტაბოლური დარღვევა იწვევს, რომლის დროსაც კუნთების ეფექტიანობა მცირდება. AMPD1 გენის ეს მუტაცია ნეანდერტალელებში იყო გავრცელებული.

ნეანდერტალელების გენები თანამედროვე ადამიანებშიც გვხვდება. AMPD1-ის მუტაცია ერთ-ერთია, რომელიც ამ უძველესი სახეობიდან დღევანდელი ევროპელების ნაწილში შემორჩა (მოსახლეობის დაახლოებით 9-14 პროცენტში). აღმოჩნდა, რომ ეს დარღვევა, შესაძლოა, აღნიშნული გენის მქონე ადამიანებს სპორტული შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს უშლიდეს.

მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების გენები გააანალიზეს. ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ გენის ამ ვარიანტში ფერმენტების აქტივობა 25%-ით დაბალი იყო. ასევე აღმოჩნდა, რომ მას ყველა ნეანდერტალელი ატარებდა.

უფრო სიღრმისეული კვლევისთვის მეცნიერებმა ეს კონკრეტული ვარიანტი გენმოდიფიცირებული თაგვების ორგანიზმში გადაიტანეს. ამის შედეგად კუნთოვან ქსოვილში AMPD1-ის აქტივობა 80 პროცენტით დაეცა, რაც ფერმენტის ფუნქციას მნიშვნელოვნად ასუსტებდა.

შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ თანამედროვე ადამიანებმა ეს გენი ნეანდერტალელებისგან მივიღეთ — ამჟამინდელ არააფრიკულ მოსახლეობაში დნმ-ის დაახლოებით 1-2% სწორედ ნეანდერტალურია.

"საინტერესოა, რომ ამ ვარიანტის მატარებელ ადამიანთა უმეტესობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს. მიუხედავად ამისა, ეს ფერმენტი სპორტულ შესაძლებლობებზე ზემოქმედებს", — განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი, დომინიკ მაკაკი.

ნეანდერტალელი

ფოტო: The New Yorker

მეცნიერებმა სპორტის სხვადასხვა სახეობის ათასზე მეტი წარმომადგენლის მონაცემები გაანალიზეს. ამან აჩვენა, რომ თუნდაც უფუნქციო AMPD1-ის მქონე ადამიანებს მაღალი დონის სპორტსმენად ქცევის ნაკლები შანსი აქვთ.

"თუ AMPD1 ფერმენტი დაზიანებულია, სპორტში წარმატების მიღწევის შანსი ორჯერ მცირდება", — ამატებს მკვლევარი.

მართალია, ჩვეულებრივ, AMPD1 ფერმენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენებში ის აუცილებელია. მკვლევრები ამბობენ, რომ ფიზიოლოგიურ და ევოლუციურ კონტექსტში მისი შესწავლა ბიოლოგიური ეფექტების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

"შესაძლოა, თანამედროვე ადამიანებსა და ნეანდერტალელებში კულტურულ-ტექნოლოგიურ წინსვლას კუნთების ზედმეტად დატვირთვის საჭიროება შეემცირებინა", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჰუგო ზებერგი.

თანამედროვე ადამიანებზე ნეანდერტალელთა გენის უძველესი ვარიანტების გავლენის შესახებ მეტის გაგება შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობის, შესაძლებლობებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლაში დაგვეხმაროს.

კვლევა გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.