მეცნიერებმა მექსიკაში მაიას ცივილიზაციის ძველი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაკარგული იყო. ამაში მათ 1698 დაწერილ ტექსტში არსებული ინფორმაცია დაეხმარა, რომელიც Sak-Bahlán-ის მდებარეობაზე მიანიშნებდა — მისი სახელი ითარგმნება, როგორც"თეთრი იაგუარის მიწა".

ეს ქალაქი ლაკანდონ-ჩოლის ხალხმა მას შემდეგ დააარსა, რაც ისინი თავიანთი დედაქალაქიდან 1586 წელს გამოყარეს. მათ ჯუნგლებში გადაინაცვლეს და ესპანელი კოლონისტებისგან შორს თავისუფლად ცხოვრება დაიწყეს. ამის მიუხედავად, 1695 წელს ეს ადგილი დომინიკელმა მისიონერმა, პედრო დე ლოს რიოსმა, აღმოაჩინა, რასაც მალევე ესპანელების მიერ ქალაქის აღება მოჰყვა. მას სახელი შეუცვალეს და Señora de los Dolores დაარქვეს — "მწუხარე დედა". 1721 წელს იგი მიატოვეს და ამდენი წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ინფორმაციით, არქეოლოგებმა ქალაქის ნანგრევების კვალს ახლა მიაგნეს. მისი ადგილმდებარეობის შესახებ მათ მისიონერ დიეგო დე რივასის ნაწერიდან შეიტყვეს, რომელიც იქ მისასვლელი გზის აღწერას შეიცავს.

ფოტო: Josuhé Lozada, CINAH Chiapas

მაგალითად, ტექსტში წერია, რომ 1698 წელს ქალაქის დატოვების შემდეგ რივასმა თავის ჯარისკაცებთან ერთად მდინარე ლაკანტუნამდე 4 დღე იარა. შემდეგ მათ 2 დღე იცურეს იმ ადგილამდე, სადაც შენაკადი მდინარე პასიონს უერთდება. მომდევნო გაჩერება გვატელამაში მდებარე პეტენ-იცას ტბა იყო, სადამდეც ფეხით მივიდნენ.

მეცნიერებმა ეს ინფორმაცია გააანალიზეს. ასევე, მათ ამ რეგიონის ლანდშაფტი, მცენარეული საფარის მსგავსი ცვალებადი მახასიათებლები და თითოეული ადამიანის ტვირთის სავარაუდო რაოდენობა გაითვალისწინეს. შედეგად მკვლევრებმა ქალაქის შესაძლო მდებარეობა დაადგინეს და იქ ნანგრევებს მართლაც მიაგნეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.