რატომ არ მუშაობს ChatGPT უწინდებურად კარგად? — რა ხდება ჩატბოტის თავს
ფოტო: Chip Somodevilla / Getty / Futurism
7 აგვისტოს OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, უახლესი ენობრივი მოდელი გამოუშვა. მოდელი, სახელად GPT-5, კომპანიის დაპირებისამებრ ყველაზე ჭკვიანი და დახვეწილი უნდა ყოფილიყო. ChatGPT ამიერიდან მხოლოდ GPT-5-ზე მუშაობს, თუმცა ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილოა.
ჩატბოტს უმეტესად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ პასუხები ზედმეტად მოკლეა; იგი გაცილებით უარესად წერს და "პიროვნულობისგანაც" დაცლილია. გარდა ამისა, არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ, "PhD-ს დონის" ინტელექტის მიუხედავად, ჩატბოტი სულელურ შეცდომებს უშვებს — მაგალითად, ამტკიცებს, რომ სიტყვა blueberry-ში სამი b გვხვდება.
მსგავსი პრობლემების გამო მომხმარებლებმა OpenAI-ს წინა მოდელის, GPT-4o-ის, დაბრუნებაც კი მოსთხოვეს, რადგან GPT-5-ის გამოშვების შემდეგ იგი ხელმისაწვდომი აღარ არის. კომპანია ამ მოთხოვნას ნაწილობრივ დაემორჩილა და GPT-4o ჩატბოტის ფასიანი ვერსიის მომხმარებლებისთვის დააბრუნა.
დაზუსტებული არ არის, რა იწვევს ახალი მოდელის ერთგვარი კრახს, თუმცა მომხმარებლები ამაზე აქტიურად მსჯელობენ. The Register-ზე გამოთქმული ვარაუდით, ეს იმით აიხსნება, რომ GPT-5 უფრო მეტად ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, ვიდრე წინა მოდელის გაუმჯობესების მიზნით.
ეს მოსაზრება დამაჯერებლად ჟღერს, რადგან AI ინდუსტრია მილიარდობით დოლარს ხარჯავს, თუმცა უკან ნაკლები უბრუნდება. შესაძლოა, OpenAI ხარჯების შემცირებას ცდილობდეს, რათა ათწლეულის დასასრულისთვის მოგებაში წავიდეს. ჯერჯერობით გაუგებარია, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება.
GPT-5 არა ცალკეული მოდელი, არამედ ორის კომბინაციაა: ერთი სტანდარტულ თხოვნებზე მუშაობს, მეორე კი უფრო რთულ, სააზროვნო შემთხვევებზე. ცალკეული მოდელი, ერთგვარი როუტერი, წყვეტს იმას, თუ რომელი მათგანი უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტულ თხოვნაზე.
ასევე იხილეთ: ChatGPT-ში ცვლილებებია — 6 მთავარი სიახლე, რომლებიც ჩატბოტში დაგვხვდება
როგორც აღმოჩნდა, როუტერი კარგად არ მუშაობდა, სემ ალტმანის განმარტებით კი, იგი მოდელის გაშვების დღეს გაფუჭდა. ამჟამად იგი ამუშავებულია და თითქოსდა გაუმჯობესდა, თუმცა მომხმარებლებში მოდელის არჩევის შეუძლებლობას მაინც ვერ აბალანსებს.
ავტომატური გადამრთველის შემოღების შემდეგ მომხმარებლებს აღარ შეუძლიათ აირჩიონ, რომელი მოდელი გასცემთ პასუხს. ყველა მოდელის მუშაობა OpenAI-ს ძვირი უჯდებოდა, მათი მოშორება კი კომპანიას თანხის დაზოგვაში დაეხმარება. ხალხის უკმაყოფილების ფონზე OpenAI-მ ძველი მოდელი ფასიან ვერსიაზე დააბრუნა.
ხარჯების შემცირებაზე შეიძლება მეტყველებდეს სხვა დეტალებიც. მათ შორისაა ის ფაქტი, რომ უფასო ვერსიის მომხმარებლებს ჩატბოტისთვის საათში მხოლოდ ათი შეტყობინების მიწერა შეუძლიათ. გარდა ამისა, მოდელის "კონტექსტური ფანჯარა" (შეიძლება ითქვას, იგივე მეხსიერება) არ შეცვლილა. Plus ვერსიის მომხმარებლებისთვის იგი 32 ათას ტოკენს მოიცავს, ხოლო Pro-ს შემთხვევაში კი — 128 ათასს. ცნობილია, რომ მომხმარებლები ამ ლიმიტის გაზრდასაც ითხოვდნენ.
კომპანიის მხრიდან თანხის დაზოგვის "თეორიას" სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ეხმაურებიან. Reddit-ის ჯგუფში, სახელად r/ChatGPT, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოსტი შემდეგი შინაარსისაა:
"ძვირი, უნარიანი მოდელები ავტოროუტერით შეცვალეს, რომელიც უმთავრესად ხარჯების შემცირებაზეა ფოკუსირებული", — წერს მომხმარებელი — "ცუდად ჟღერს, ამიტომ GPT-5-ის სახელით შეფუთეს და გვიმტკიცებენ, რომ გასაოცარია".
მომხმარებლებისთვის შეიძლება უსიამოვნო იყოს, თუმცა ხარჯების შემცირება OpenAI-სთვის ლოგიკური მიდგომა იქნებოდა. კომპანია ამჟამად უპრეცედენტო კონკურენციას აწყდება; მატულობს ზეწოლაც იმისა, რომ ბიზნესი მოგებიანი გახდეს. მიჩნეულია, რომ OpenAI-ს ღირებულება $500 მილიარდია. შესაბამისად, ელიან, რომ კომპანია მალე დაიწყებს თანხის გამომუშავებას.
რაც არ უნდა იყოს ახალი მოდელის გამოშვების მიზანი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ ძველი მოდელებისადმი მომხმარებელთა მიჯაჭვულობა სწორად ვერ შეაფასა. უცნობია, გახდება თუ არა ახალი მოდელი ისეთი, როგორსაც OpenAI მის გამოშვებამდე გვპირდებოდა.
კომენტარები