ზჯისლავ ბეკშინსკი და მისი კოშმარული ხელოვნება

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

50-წლიანი კარიერის განმავლობაში ზჯისლავ ბეკშინსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დისტოპიურ სიურრეალიზმში.

შესავალი

ბეკშინსკი 1929 წელს დაბადებული სიურრეალისტი მხატვარია, წარმოშობით სანოკიდან, პოლონეთიდან. როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომამდე, პოლონეთში მცხოვრები ებრაელების უდიდესი ნაწილი, 30%, სწორედ სანოკში სახლობდა. დაახლოებით 1940 წლისთვის პოლონეთში ზასლავის საკონცენტრაციო ბანაკი შეიქმნა, რომელმაც უამრავი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.

ფოტო: DeMilked

ცხადია, ეპოქამ და გარემოებებმა დიდი გავლენა იქონია ბეკშინსკის ხელოვნებასა და მსოფლმხედველობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბეკშინსკის ცხოვრებაზე ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, აშკარაა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იმ პერიოდის პოლონეთში ცხოვრება მძიმე იყო, განსაკუთრებით კი 11-16 წლის ბავშვებისთვის.

მოგვიანებით, 1952 წელს, ბეკშინსკიმ კრაკოვის უნივერსიტეტში არქიტექტურა შეისწავლა და სწავლის დასრულების შემდეგ ორ სამსახურში დაიწყო მუშაობა — ავტობუსის დიზაინერად და კონსტრუქციების ზედამხედველად — თუმცა, მას ორივე სამსახური ერთნაირად არ მოსწონდა.

ფოტოგრაფია

ამ პერიოდში ბეკშინსკის ხელოვნებისადმი ინტერესი გაუჩნდა, განსაკუთრებით კი ფოტოგრაფიის მიმართ. ის ცდილობდა, ექსპერიმენტები ჩაეტარებინა და იმ ნივთებს აღბეჭდავდა ხოლმე, რომლებსაც კონსტრუქციის მშენებლობისას აღმოაჩენდა. ზჯისლავმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა, რომ ფოტოგრაფის როლიც შეეთავსებინა და 1957 წლიდან ფოტოებს აქტიურად იღებდა.

მაგრამ, როგორ გამოიყურებოდა ფოტოგრაფიული სამყარო იმ პერიოდში?

Milly, John and Jean MacLellan, South Uist, Hebrides

Milly, John and Jean MacLellan, South Uist, Hebrides

ფოტო: Paul Strand Archive, Aperture Foundation

White Fence, Port Kent, New York

White Fence, Port Kent, New York

იმ დროისთვის ფოტოგრაფიის ფილოსოფიური იდეა "სუფთა" ფოტოგრაფია (Pure photography) იყო. ამ მიმართულების ფოტოგრაფები იყვნენ — ედვარდ ვესტონი, პოლ სტრანდი, ენსელ ადამსი და სხვები. ამ მიმართულების მთავარი პრინციპის მიხედვით, სურათი უნდა ყოფილიყო მკვეთრი და შუქის გამოყენებით, სურათზე მაქსიმალურად უნდა დაგვენახა ტექსტურა. "სუფთა" ფოტოგრაფია, ფაქტობრივად, ანტი-პიქტორეალიზმი იყო და სრულიად უგულებელყოფდა ამ მიმართულებას.

სადისტის კორსეტი, 1957 წელი

სადისტის კორსეტი, 1957 წელი

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

პიქტორეალიზმს ადრეულ 1900-იანებში ვაწყდებით, მისი იდეაც რეალობის გადმოცემაა, თუმცა ბუნდოვნად და გაურკვევლად, თითქმის ისე, როგორც იმპრესიონისტი მხატვრების ნამუშევრებში.

"სუფთა" ფოტოგრაფია ცდილობდა, ისე ეჩვენებინა ობიექტი ან ადამიანი, როგორიც რეალურად იყო. ხოლო როდესაც ბეკშინსკიმ პირველი გამოფენა მოაწყო — რომელშიც დაახლოებით 15 სურათი წარადგინა — ის მალევე კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.

1957 წელს გადაღებულმა სადისტის კორსეტმა არცთუ ისე კარგი შეფასებები დაიმსახურა. ფოტოზე ვხედავთ ბეკშინსკის ცოლს, ზოფიას, რომლის სხეულიც ძაფებითაა შეკრული. სურათი, ფაქტობრივად, ტრადიციული ნუდიზმის ფოტოგრაფიას ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან კამერამ ადამიანის თავი მთლიანად მოჭრა, ხოლო სხეული არასექსუალურად წარმოაჩინა.

ბეკშინსკი განსაკუთრებით კრიტიკულად შეაფასა პოლონელმა ისტორიკოსმა და კრიტიკოსმა, ალფრედ ლიგოკიმ. ის თავის წიგნში, სახელად რენესანსის ხელოვნება (Szutka renesansu), წერდა, რომ სიურრეალისტური ფოტოგრაფია საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან ობიექტს ისე არ გამოსახავენ, როგორც რეალურად გამოიყურება. ლიგოკი ბეკშინსკის ფოტოგრაფიას ანტი-ფოტოგრაფიასაც კი უწოდებდა.

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

რასაკვირველია, ბეკშინსკის კრიტიკა უყურადღებოდ არ დაუტოვებია, რადგან მან მალევე პოლონურ ჟურნალ Photography-ში გამოაქვეყნა ესე, სათაურით — The Crisis in Photography and the Perspective to Overcome It, რომელშიც თავისი უკმაყოფილება გამოხატა. ბეკშინსკის აზრით, ტრადიციული, სუფთა ფოტოგრაფია არ აძლევს ხელოვანს საშუალებას საკუთარი თავი გამოხატოს. ის ასევე ამბობდა, რომ ხელოვანს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა და როგორ უნდა გააკეთოს.

ბეკშინსკის სურათებში მარტივად შეამჩნევთ მის მსოფლმხედველობას. თითქმის ყველა ფოტოში ობიექტი მანიპულაციის ხერხებით არის ნაჩვენები, ვხედავთ მას სპეციფიკურ პოზებში, ასიმეტრიაში, ფოტოები შუაში მოჭრილია, ობიექტი (მიზანმიმართულად) არ არის ფოკუსში, ხოლო ადამიანზე დაცემული ჩრდილები მაყურებელში ორაზროვნებას იწვევს.

უსახელო

უსახელო

ფოტო: Zdzisław Beksiński / The Historical Museum in Sanok

უსახელო

უსახელო

ფოტო: Zdzisław Beksiński / The Historical Museum in Sanok

ბეკშინსკის კარიერაში ფოტოგრაფიამ, რასაკვირველია, დიდი როლი ითამაშა. თუმცა ადრეულ 1960-იანებში მან ფოტოების გადაღება შეწყვიტა და მთლიანი კოლექცია სანოკის ისტორიულ მუზეუმს გადასცა. ბეკშინსკიმ აღნიშნა, რომ ფოტოგრაფიით მისი სათქმელი ამოწურა.

ზჯისლავი ამბობდა, რომ მხოლოდ სურათების გადაღება წარმოსახვის უნარს ავიწროებდა და ისე ვერ გადმოსცემდა სათქმელს, როგორც ეს მის გონებაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბეკშინსკი თავისი ნახატებით უფრო ცნობილია, ვიდრე ფოტოგრაფიული კარიერით, მისი ფოტოები იმის იდეურ წარმოდგენას მაინც მარტივად გვიქმნის, თუ რისი თქმა სურდა ხელოვანს.

ვიზუალური ხელოვნების ახალი ასპექტი — ხატვა

1960 წლიდან ბეკშინსკის ცხოვრებაში ახალი ეტაპი — ხატვა — დაიწყო. ის ხატავდა ნაგებობებს, ომს, აპოკალიფს, სიზმრებს და ა.შ. საინტერესოა ისიც, რომ მისი ყველა ნამუშევარი უსათაუროა. ის ფიქრობდა, რომ ნახატის დასათაურება უაზრო იყო.

უსათაურო

უსათაურო

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: WikiArt

ზჯისლავის აზრით, დასათაურებულ სურათზე შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია გვქონდეს, რომელიც ნახატთან მიმართებით სრულიად ალოგიკურია. მისივე აზრით, კონკრეტულ ნახატს არავითარი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. "მაყურებელი ნახატით უნდა დატკბეს და მასში დედააზრი არ უნდა ეძიოს", — თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

ადამიანის აზრი უაზროა ჩემთვის, არც სიმბოლიზმი მაინტერესებს და ვხატავ, რასაც ვხატავ და ის არ არის რაიმეზე დაყრდნობილი...რამის თქმა რომ მინდოდეს, მას დავწერდი ან ვიტყოდი, მაგისთვის ნახატის დახატვა არ მჭირდება

ბეკშინსკისთვის ნებისმიერი დოზით სურათის ინტერპრეტირება მიუღებელი იყო და ხშირად ნაწყენდებოდა ხოლმე კრიტიკოსებზე, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ნახატებში რამე მინიშნება ეპოვათ. მიუხედავად ზჯისლავის სურვილებისა, ნამუშევრების არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს და ხელოვანის შემოქმედებას ადამიანები დღემდე დეტალურად აკვირდებიან და სწავლობენ.

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

ბეკშინსკის შემოქმედებაში, კერძოდ კი მხატვრობაში, ნახატებს შორის ძალიან ბევრი მსგავსება შეგვიძლია დავინახოთ. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ნახატებს შორის ასეთი მსგავსებები გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ზჯისლავის ნამუშევრები ეყრდნობა ხელოვანის ცხოვრებას და ბეკშინსკი სწორედ იმას ხატავდა, რასაც ხედავდა.

თითქმის ყველა ნამუშევარში ბეკშინსკი ისეთ რაღაცებს გვიხატავს, რაც შეიძლება ნანახი ან გამოცდილი აქვს. ის ფაქტი, რომ მხატვარი მეორე მსოფლიო ომის დროს გაიზარდა, შესამჩნევია მის შემოქმედებაშიც, რადგან ხშირად გვხვდება საბრძოლო ე.წ. ომის ჩაფხუტები, დამწვარი შენობები და უსიცოცხლო სხეულები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ბეკშინსკის ნახატებში ლურჯი ფერია. კერძოდ, Prussian blue hue არის ლურჯის ის ტონალობა, რომელსაც ბეკშინსკი იყენებს. სახელი მომდინარეობს prussic accid-სგან (წყალბადციანმჟავასგან). მიუხედავად იმისა, რომ ეს საღებავი დღეს არ შეიცავს მომაკვდინებელ ნივთიერებებს, გასულ საუკუნეში მასში შემავალ მჟავებს ნაცისტები ტყვეების საწამებლად იყენებდნენ. მიჩნეულია, რომ ამ ფერის გამოყენებით ბეკშინსკი ხაზს უსვამდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან დაკავშირებულ მოვლენებს.

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

მაგალითად, მარჯვნივ მოცემულ სურათში სიკვდილის თემას ვხედავთ. ვუყურებთ ლურჯ ფორმაში შემოსილ ფიგურას, რომელიც აკვანში მოთავსებულ ბავშვს არწევს. ხოლო, მის უკან ვხედავთ კაცს, რომელსაც ფრინველები ცოცხლად ჭამენ. იქვე ვკითხულობთ კედელზე ამოტვიფრულ ლათინურ წარწერას: In Hoc Signes Vinces, რომელიც განიმარტება, როგორც — ამ ნიშნის ქვეშ ყველა გავიმარჯვებთ. აღსანიშნავია, რომ მოცემულ სლოგანს ხშირად იყენებდა ამერიკული ნაცისტური პარტია.

მხატვრის შემოქმედებაში კიდევ ერთი აქტუალური თემა ნიჰილიზმია. ზჯისლავი ხშირად გვიხატავს სუსტ და უსიცოცხლო სხეულებს, რაც, სავარაუდოდ, კავშირშია ომთან და რელიგიურ სიმბოლოებთან.

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

ბეკშინსკის დახატული ადამიანის სხეულები თითქმის არასდროსაა ჩვეულებრივად გამოსახული და თითქოს რაღაცას ერწყმიან, მაგალითად, უკან დახატულ ლანდშაფტს, ხეს, სკამს. ვხედავთ შენობებს, რომლებიც აგებულია ადამიანის გვამებით, რომელთა სხეულებზე ამოტვიფრულია რიცხვები. ვხედავთ დეფორმირებულ ადამიანებს, რომლების ტორსო სკამთან არიან შერწყმულნი. მიჩნეულია, რომ მეტაფორულად გამოხატულია საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები, რომელთა გვამებსაც ნაცისტები ზოგჯერ სხვადასხვა ნივთის, მაგალითად, საპნის დასამზადებლად იყენებდნენ.

უსათაურო

უსათაურო

კიდევ ერთი საინტერესო თეორია ბეკშინსკის დახატულ ადამიანებთან მიმართებით არის ის, რომ ბეკშინსკის მიერ დამახინჯებული სხეულების დახატვის ინსპირაცია იოზეფ მენგელეს ადამიანებზე ჩატარებული საზარელი ექსპერიმენტები გახდა.

ცნობილია, რომ მენგელე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდა როგორც ზრდასრულებზე, ისე ბავშვებზე. ვარაუდობენ, რომ ბეკშინსკის ნახატებში გამოსახული დამახინჯებული სხეულები სწორედ ამ სასტიკი ექსპერიმენტების გამოძახილია.

კიდევ ერთი ინტერპრეტაციით, ბეკშინსკის მიერ დახატული დანგრეული შენობები დანგრეულ ვარშავას განასახიერებს. ვინაიდან, მხატვარს ძალიან უყვარდა მშობლიური ქალაქი და მასში დიდი ხანი დაყო, ვარაუდობენ, რომ დანგრეულ და თითქმის განადგურებულ შენობებში სწორედ ეს მეტაფორაა.

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

ნახატებში მთავარი და თითქმის ერთადერთი მსგავსება ის არის, რომ სხეულები იმაზე სუსტები არიან, ვიდრე უნდა იყვნენ. ამასთანავე, ნახატებში კონკრეტული ფიგურები უფრო დიდები არიან, ვიდრე სხვები. მაგალითად, ზოგ ნახატში ბრბო უფრო მცირე ზომითაა გამოსახული, ვიდრე მთავრობის წარმომადგენლები და რელიგიური პირები. ბეკშინსკი ხშირად ხატავს ბრბოს, თუმცა თითქმის ყველა ნახატში ისინი ან გარბიან, ან უკვე მკვდრები არიან.

ზჯისლავ ბეკშინსკი, როგორც გრაფიკოს-დიზაინერი

1990 წლიდან ბეკშინსკის შემოქმედებაში ახალი, ბევრი ადამიანისთვის არცთუ ისე საინტერესო, ეპოქა იწყება. ის დაინტერესებული იყო ტექნოლოგიებით და 1990-იან წლებში დაიწყო ციფრული ტექნოლოგიების შესწავლა, დაუბრუნდა ფოტოგრაფიას და ფოტოშოპის მანიპულაციების გამოყენებით დაიწყო ექსპერიმენტები.

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

ზჯისლავი ამბობდა, რომ ამით გონების სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას გადმოსცემდა, რომელსაც ნახატში ვერ წარმოაჩენდა. ის მიიჩნევდა, რომ ასეთი პროგრამებით შეეძლო ხელოვნური რეალობა შეექმნა. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბეკშინსკის შემოქმედების ეს პერიოდი ნაკლებად საინტერესოა, ვინაიდან მასში ნაკლებადაა გადმოცემული ადამიანის ემოცია და თითქოს, სურათები უსიცოცხლოა.

მიუხედავად ამისა, ბეკშინსკის ხელწერა და ესთეტიკა უცვლელია. მას მალევე მოსწყინდა ფოტომანიპულაციებით სურათების შექმნა და დროებით ხელოვნებას დაუბრუნდა, თუმცა არა დიდი ხნით.


უსათაურო

უსათაურო

ბეკშინსკის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული იყო. ის დღის უმეტეს ნაწილს ხატვაში ატარებდა, უსმენდა მუსიკას (ძირითადად კლასიკურ ან მძიმე როკს) და უყურებდა ფილმებს, ნაკლებად მოსწონდა გარეთ გასვლა და სოციალიზაცია, თუმცა მალევე ყველაფერი შეიცვალა.

ჯერ კიდევ 1998 წელს მისი ცოლი, ზოფია, კიბოთი გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მისმა შვილმა, თარჯიმანმა და მუსიკალურმა ჟურნალისტმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, ბეკშინსკის ტრაგიკული ცხოვრება ამით არ დამთავრებულა.

იგი 2005 წელს ვარშავაში, საკუთარ სახლში, სასიკვდილოდ დაჭრეს. მკვლელი, რომელმაც მხატვარს ჩვიდმეტი ჭრილობა მიაყენა, მისივე დიასახლისის 19 წლის ვაჟი, რობერტ კუპიეცი, აღმოჩნდა. მკვლელობის მოტივად კი ის დასახელდა, რომ უბედურ შემთხვევამდე ბეკშინსკიმ მოზარდს თანხა არ ასესხა. სწორედ ამიტომ, ბეკშინსკის ხელოვნების სიმძიმეს უკანასკნელი წლების ტრაგიკულობით ხსნიან.

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

მარცხნივ მოცემული ნახატი ბეკშინსკის ბოლო ნამუშევარია, 2005 წელს შესრულებული. აშკარაა, რომ მოცემული ნახატი რადიკალურად განსხვავდება ზჯისლავის სხვა დანარჩენი ნამუშევრებისაგან, რადგან ის მეტისმეტად მინიმალისტურია. ნახატს ისეთივე რელიკვიური დეტალები აქვს, როგორც ბეკშინსკის სხვა ნამუშევრებს. ნახატი შემაძრწუნებელია, მაგრამ ამავდროულად, გვამშვიდებს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყო იმით, რომ იმ დროისთვის ბეკშინსკი უკვე ხნიერი იყო, დაახლოებით 76 წლის.

ვარაუდობენ, რომ იმ პერიოდში ზჯისლავის მსოფლმხედველობა განსხვავებული, ხოლო მისი გონება უფრო მშვიდი იყო, შესაბამისად, მინიმალისტურ ნამუშევრებს ხატავდა. აი, როგორც ფრენსის ბეიკონი ხატავდა გარდაცვალებამდე შედარებით მშვიდ და მინიმალისტურ სურათებს. ასეთივე მინიმალური ნამუშევრები შემოგვთავაზა ხანში შესულმა ნეო-ექსპრესიონიტმა მხატვარმა, ჟან-მიშელ ბასკიამ.

ფრენსის ბეიკონი — Study of a Bull

ფრენსის ბეიკონი — Study of a Bull

ფოტო: The estate of Francis Bacon

ჟან მიშელ ბასკია — Riding with Death

ჟან მიშელ ბასკია — Riding with Death

ბეკშინსკი და მუსიკა

ზჯისლავ ბეკშინსკის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ხელოვნებაზე, არამედ ვიზუალურ კულტურასა და მუსიკალურ მიმართულებებზეც. მისი ნამუშევრები — რომლებიც შიშისა და ტრაგედიის სამყაროს ასახავს — განსაკუთრებით შესაფერისია ხელოვნების იმ ფორმებისთვის, რომლებიც უფრო მუქ და მძიმე თემებს გამოხატავენ.

ხელოვნების სწორედ ასეთი ფორმაა მძიმე და ბლექ მეტალის (Black Metal) მუსიკალური ჟანრი. გასაკვირი არ არის, რომ მეტალის მუსიკოსები ხშირად შთაგონებულები არიან ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშებით და სწორედ ამ ნამუშევრებს თავიანთი მუსიკის თემატურ საფუძვლად იყენებენ.

ბეკშინსკის მხატვრობა, მისი ვიზუალური ენით, ემთხვევა მეტალის ჟანრის მუქ, მძაფრ და მელანქოლიურ ატმოსფეროს. სწორედ ამ მიზეზით, ბეკშინსკის ნამუშევრები ხშირად აღიქმება მეტალის კულტურის ვიზუალურ და კონცეპტუალურ წყაროდ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეკშინსკის გავლენა ბლექ მეტალის ჟანრის ბენდებზე საკმაოდ დიდია. ამ მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზჯისლავის ნამუშევრებს მსმენელი ხშირად შეამჩნევს მეტალის მუსიკოსების ალბომების გარეკანზე.

უსათაურო

უსათაურო

Khthoniik Cerviiks

Khthoniik Cerviiks

ბეკშინსკის ნამუშევარი ინსპირაცია გახდა გერმანული Black/Death მეტალის ბენდ Khthoniik Cerviiks-თვის. ბენდმა თავისი სადებიუტო ალბომისთვის გამოიყენა მხატვრის 1973 წლის ნამუშევარი.

მოცემული ნამუშევარი ალბათ ბეკშინსკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივად ამოსაცნობი ნახატია, რომელიც არაერთი მუსიკოსის ალბომის გარეკანზე გვხვდება. ნამუშევარში ყველაზე შესამჩნევი მისი სისხლისფერი ვიზუალია, რაც, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მოსალოდნელ შიშსა და მძვინვარე გახრწნას აღნიშნავს.

კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ბენდი, რომელმაც ბეკშინსკის ნამუშევარი ინსპირაციად გამოიყენა, გახლავთ 2004 წელს ჩამოყალიბებული უკრაინული ჯგუფი Blood of Kingu.

უსათაურო

უსათაურო

Blood of Kingu

Blood of Kingu

ჯგუფმა ბეკშინსკის მიერ 1977 წელს დახატული ნამუშევარი გამოიყენა რიგით მეორე სტუდიური ალბომის გარეკანად, რომელშიც გამოსახულია შთამბეჭდავი არსება და უცნაურად ჰუმანოიდური ფიგურა, რომელიც ადამიანივით დადის. ნახატი ბეკშინსკის პირველი ფერწერული ციკლის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნამუშევარია. ასევე, საფრანგეთში დაფუძნებულმა ბლექ მეტალის ჟანრის ბენდმა, ვოლოკმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი პირველი ალბომის — Servum Pecus-ს სრული ინსპირაცია ზჯისლავ ბეკშინსკის 1980 წელს შესრულებული ნამუშევარი იყო.

უსათაურო

უსათაურო

Wolok

Wolok

ნამუშევარი გვიჩვენებს მხატვრის იმდროინდელ აკვიატებებს, კერძოდ, საგნის, ძვლებისა და კიდურების ერთმანეთზე გადაბმას. როგორც ვარაუდობენ, ნამუშევრის დეტალები შეიცავს რელიგიურ და ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებულ ელემენტებს, რაც შესაძლოა შინაგან ბრძოლებზე მიუთითებდეს. სრული ალბომი კი, ერთი დიდი ქაოსია და ისეთივე ქაოსსა და გაურკვევლობაშია, როგორც სურათზე გამოსახული ობიექტები.

ბექშინკსკის სურათების გავლენას ასევე ვხედავთ Antestor-ისა და Decayor-ს ცნობილ ალბომებშიც. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბეკშინსკი არ იყო მეტალის მუსიკასთან დაკავშირებული, მისი ნამუშევრები უსასრულო შთაგონების წყაროდ იქცა გოტიკური, მძიმე და ბლექ მეტალის ჯგუფებისთვის. მისმა შემოქმედებამ უდავოდ დიდი როლი შეასრულა მეტალის კულტურის განვითარებაში, ფაქტობრივად, ბეკშინსკის უნდა ვუმადლოდეთ, რომ ასეთი შესანიშნავი მუსიკალური ალბომები თუ სიმღერები შემორჩა მოცემულ მუსიკალურ ჟანრს.

ბეკშინსკი და Stranger Things

სიმართლე გითხრათ, არასდროს წარმომედგინა, რომ ამ ორ სიტყვას ერთ წინადადებაში გამოვიყენებდი, თუმცა Stranger Things-ის მეხუთე სეზონის ყურებისას, რამდენიმე მსგავსება ვიპოვე.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის შემქმნელები ამას პირდაპირ არ აღნიშნავენ, სწორედ ბეკშინსკის დისტოპიურმა სიურრეალიზმმა ჩამოაყალიბა ის ბნელი ატმოსფერო, რომელიც სერიალის მაყურებელს ერთდროულად აფრთხობს და იზიდავს.

Vecna

Vecna

ფოტო: Netflix

უსათაურო

უსათაურო

ფოტო: Zdzisław Beksiński / Bosz Publishing House

მისი ნახატები — დამახინჯებული სხეულები, გოტიკური არქიტექტურა და სამყაროს ნგრევის პეიზაჟები — თითქოს იმავე პარალელურ რეალობას ეკუთვნის, რომელსაც Upside Down-ში ვხედავთ.

Stranger Things-ის გარდა, ბეკშინსკის გავლენა გილერმო დელ ტოროს ფანტასტიკურ-საშინელებათა სამყაროშიც იგრძნობა, მათ შორის, ფილმებში Hellboy და Pan’s Labyrinth.


ბეკშინსკის ხელოვნება აგრძელებს მაყურებლის მოხიბვლას მთელ მსოფლიოში, მისი გასაოცარი ვიზუალის, სიმბოლიზმისა და პოლონეთის ისტორიასა თუ კულტურასთან კავშირის გამო. ხოლო მისი უნიკალური, დისტოპიური სიურრეალიზმი ადამიანის რთული გამოცდილების გამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობების მუდმივ შეხსენებას ემსახურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: შენ უფრო მეტი იცი საქართველოზე თუ მეცხრეკლასელმა?
  2. ვის რა დავუწერეთ და ვინ როგორ შეგვაფასა — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
  3. ქვიზი: ახალი წლის რომელი პერსონაჟი ხარ?
  4. ტესტი: გყოფნის თუ არა ძილი?
  5. ტრადიცია აღდგა — ლესბოსური პორნო საქართველოში წელსაც ყველაზე პოპულარული იყო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ