ტელეკომპანია იმედს ერთი მკაფიო მიზანი აქვს — არ დაუშვას ოპოზიციის ძალაუფლებაში მოსვლა — მიზანი, რომელმაც, ყოფილი თანამშრომლების თქმით, ეთიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაწონა.

2019 წლის სექტემბერს, როდესაც თამარ შარიქაძე იმედის ახალი ამბების ჟურნალისტი გახდა, ის კიდევ ახერხებდა ისეთი სიუჟეტების მომზადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მთავრობის ქმედებებს. ყოველ შემთხვევაში სოფლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მაგრამ, ყველაფერი 2020 წელს შეიცვალა. როდესაც საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა, ჟურნალისტს მსგავსი რეპორტაჟების გაკეთება აუკრძალეს.

"ეს [სიუჟეტები] ჩაიხსნა და ჩაიხსნა. აღარასდროს დაბრუნებულა. პირიქით, მერე უკვე წავიდა გაშუქება, როგორ განვითარდა რეგიონები, როგორი მშენებლობები მიდის იქ და ა.შ", — იხსენებს ჟურნალისტი, რომელმაც 4 წელზე დიდი დრო გაატარა იმედში, სანამ 2024 წლის ივლისში, სამსახურს დატოვებდა.

"ჩემი წამოსვლის შემდეგ, იმედზე პოლიტიკის გაშუქება კიდევ უფრო გაუარესდა და დღეს არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან," — განაცხადა იმედის სხვა ყოფილმა ჟურნალისტმა, ქეთი ფხაკაძემ, რომელმაც 10 წელი იმუშავა ტელეკომპანიაში და 2023 წელს დატოვა ის.

2012 წლიდან, რაც ქართული ოცნება მმართველ პარტიად მოვიდა, იმედს ჰქონდა მკაფიო პროსამთავრობო გეზი. მაგრამ, ბოლო წლებში, რაც ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა კონტროლი, ტელეკომპანიის კურსმა უფრო მეტად დამაზიანებელი სახე მიიღო — იმედი ეჭვგარეშე, მმართველი პარტიის ყველა შეთქმულების თეორიას თუ პროპაგანდას იმეორებს და თავს ესხმის ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ყველას, ვინც ოცნებას აკრიტიკებს.

შედარებითი ნეიტრალიტეტიდან ღიად პროსახელისუფლებო კურსამდე

იმედის კრიტიკული პოზიციის ისტორია ოპოზიციასთან მიმართებით ყოფილი მმართველი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროიდან იწყება.

2007 წლის ნოემბერში, მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შემდეგ, სპეცრაზმმა დაარბია იმედის ოფისი, არხი "გადატრიალების მცდელობაში" დაადანაშაულა და მაუწყებლობა გაუთიშა. იმედი, რომელიც იმ დროს ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, სახელმწიფოს ლოიალურმა პირებმა ჩაიგდეს ხელში და ნაციონალური მოძრაობის მომხრე არხად გადააკეთეს.

2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან, პატარკაციშვილის ოჯახმა იმედის მფლობელობა დაიბრუნა. ამას არხის მენეჯმენტისა და თანამშრომლების მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა და მისი სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა.

ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანების, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიის მონიტორინგის ინფორმაციით, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, იმედის ახალი ამბები და პოლიტიკური პროგრამები, ძირითადად დაბალანსებულად და ნეიტრალურად შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო შემთხვევები მმართველი პარტიისთვის სასარგებლო სიუჟეტების გაშუქებისა.

2016 წლისთვის, ქართულ ტელეინდუსტრიაში გაიზარდა პოლიტიკური პოლარიზება, რის შედეგადაც იმედმა მმართველი პარტიისადმი მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში წარუმატებლობის შემდეგ, იმედმა ღიად განაცხადა ახალი მიზანი, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ მალევე დაიწყო ქართული ოცნების მოწინააღმდეგეების უარყოფით გაშუქება და თანდათან არხიდან კრიტიკული ხმაც ქრებოდა.

2019 წელს, იმედის ხელმძღვანელმა, ნიკა ლალიაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ დაევიწყებინათ ეთიკური და დაბალანსებული გაშუქება, ყოფილიყვნენ მიკერძოებულები და "ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო" პოზიციის, რადგან ისინი "ომში" იყვნენ. ცოტა ხნის წინ, იმედის ამჟამინდელმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ არხი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები ხელისუფლებაში არასოდეს დაბრუნდნენ“.

"პრობლემაა, როგორც შენ აზროვნებ"

იმედის ყოფილი ჟურნალისტი, ქეთი ფარცხალაძის თქმით, არხის თანამშრომლების ნაწილმა არხის ღია "ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო" პოზიციის შესახებ, მხოლოდ 2018 წლის ლაივიდან შეიტყვეს.

"ნაწილს გაგვიჩნდა პროტესტი, რომ ამის შესახებ მინიმუმ წინასწარ მაინც უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული, მოგვცემოდა დრო გადაწყვეტილება მიგვეღო, გვსურდა, თუ არა ასეთ არხზე მუშაობა", — განუცხადა ფარცხალაძემ OC Media-ს.

ფარცხალაძემ არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო რადგან მიხვდა, რომ პოლიტიკურ თემებს თავისუფლად ვეღარ გააშუქებდა. თუმცა, მისი ხელმძღვანელის თხოვნით ის ტელეკომპანიაში იმ პირობით დარჩა, რომ კულტურის თემებს გააშუქებდა.

პოლიტიკური ჟურნალისტი თამარ შარიქაძე იმედის გუნდს ერთი წლის შემდეგ შეუერთდა. ის OC Media-ს უყვება, რომ არხის პოლიტიკა მისთვის პრობლემა არ იყო, რადგან იმ დროისთვის როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მიმართ გულგრილი იყო. თუმცა, ჟურნალისტი მალევე მიხვდა, რომ არხის თავდასხმის ობიექტი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ იყო.

მისი ერთ-ერთი პირველი კონფლიქტი სამსახურში 2022 წელს მოხდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ და მისმა თანამოაზრეებმა წამოიწყეს კამპანია ერეკლე II-ის თანამედროვე კრიტიკოსებისგან "დასაცავად". ისინი მეფეს რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის აკრიტიკებდნენ. როგორც შარიქაძე იხსენებს, იმედის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ნათია თოიძემ მას დაავალა გაეკეთებინა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ "შეურაცხყოფდა" აშშ-ის მიერ დაფინანსებული რადიო თავისუფლება მეფეს და მის მეუღლეს 2020 წლის სტატიაში. როდესაც შარიქაძემ სტატია წაიკითხა მას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ასეთი რეპორტაჟის მომზადება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი იქნებოდა.

"ამაზე ძალიან დიდი კონფლიქტი მოგვივიდა, ხმის აწევით. მახსოვს, რომ მაშინ მითხრა შეურაცხმყოფელი ფრაზა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ: "პრობლემაა, როგორც შენ აზროვნებ", — განაცხადა თამარ შარიქაძემ.

საბოლოოდ, შარიქაძემ რეპორტაჟის გაკეთებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც თოიძემ მას რეპორტაჟების მომზადების შესაძლებლობა საერთოდ აღარ მისცა.

"ასე დამსვა და რამდენიმე თვე ნიუსრუმში დამქონდა წიგნები, ვუყურე ყველა კარგ სერიალს, რაც კი არსებობდა…" — იხსენებს ხუმრობით შარიქაძე, თუ როგორ ცდილობდა ამ პერიოდში დროის გაყვანას.

ნათია თოიძემ, რომელიც იმედის მოქმედი თანამშრომელია, OC Media-ს განუცხადა, რომ შარიქაძეს ბრალდება "აბსოლუტური სისულელეა".

იმედის სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ სოციალურ საკითხებზეც თანდათან მმართველი პარტიისას დაემთხვა. კერძოდ, იმედი ქართული ოცნების ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, საქართველოს ქვიარ-თემის გამოწვევების აქტიური გაშუქებიდან ჰომოფობიური და ტრანსფობიური კონტენტის შექმნაზე გადავიდა.

ბოლო დროს, იმედის სამიზნე პროფესორი და აქტივისტი ნანა დიხამინჯია გახდა, რომელიც ახალი ამბების წამყვანმა "ლგბტ თემის პროპაგანდისტად" და "ფაშიზმის მიმდევრად" მოიხსენია მას შემდეგ, რაც დიხამინჯია ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდა.

შარიქაძის თქმით, იმედის სარედაქციო პოლიტიკამ დიდი ხანია გასცდა "ნაციონალური მოძრაობა აღარასოდეს დაბრუნდეს" ნარატივს. ჟურნალისტის აზრით ახლა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ავტომატურად ნაცად ითვლება — ტერმინი, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათ მხარდამჭერებს მოიხსენიებენ.

"მაშინ რატომ ებრძოდნენ ზელენსკის? ისიც ნაცი აღმოჩნდა. ევროპარლამენტარებიც ნაცები აღმოჩნდნენ, მეც ნაცი აღმოვჩნდი ბოლოს! ყველა ნაცი როგორ არის?" — კითხულობს შარიქაძე.

"სამონტაჟოში ვიჯექი და ვტიროდი"

შარიქაძე იხსენებს, რომ კიდევ ერთი ინციდენტი 2022 წელს მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროისთვის ქართულმა ოცნებამ შეთქმულების თეორიის გავრცელება დაიწყო, რომ გარკვეული უცხოური ძალები ცდილობდნენ საქართველოს ჩათრევას კონფლიქტში და რომ ქართველი ჩინოვნიკები, როგორიცაა მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერთადერთი იყო, ვინც ამ საფრთხისგან საქართველოს იცავდა. მოგვიანებით ამ უცხოურ ძალებს "გლობალური ომის პარტია" უწოდეს.

შარიქაძეს თქმით, სწორედ ამ დროს იხილა მან, როგორ გასცემდა სახელმწიფოს პრესსამსახური ჟურნალისტებისათვის დეტალურ ინსტრუქციას ღარიბაშვილის სხვადასხვა რეგიონში ვიზიტების შესახებ ვრცელი ვიდეოების დასამონტაჟებლად

"პირდაპირ მესიჯბოქსები მოდიოდა. ასე, ფრჩხილებში იყო მიწერილი, რომ აქ ამას ამბობს და ეს უნდა იყოს შუმად, აი ეს უნდა იყოს შუმად, ბურთს ფეხი რომ დაარტყა, ეს უნდა იყოს და ასე", — იხსენებს ჟურნალისტი.

შარიქაძე ასევე იხსენებს, რომ მის ერთ-ერთ კოლეგას უსაყვედურეს იმის გამო, რომ რეპორტაჟი ღარიბაშვილის რეგიონული ვიზიტის შესახებ ეთერში გასვლამდე 11 წუთიდან 6 წუთამდე შეამცირა.

"მთავრობიდან დარეკეს, რატომ იყო 6-წუთიანი, რატომ აკლდა ის შუმები, რომლებიც მითითებული იყოო?" — ამბობს შარიქაძე.

როდესაც შარიქაძის ჯერიც დადგა, ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გაეშუქებინა, მას საკმარისი მასალა ჰქონდა 25-წუთიანი სიუჟეტის შესაქმნელად. სიუჟეტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ჟურნალისტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეემცირებინა, მაგრამ ეს დიდი ნერვიულობის ფასად დაუჯდა, რადგან ეშინოდა, თავისი თანამშრომლის მსგავსად მასაც შენიშვნა არ მიეღო.

"ხანძარში მიმუშავია და არ მინერვიულია. დარბევებზე მიმუშავია და არ მინერვიულია. და ამ დროს, სამონტაჟოში ვიჯექი და ვტიროდი", — განაცხადა შარიქაძემ.

თუმცა, ის იხსენებს შემთხვევებს, როდესაც ჟურნალისტები სხვა პროსამთავრობო ტელეარხებიდან, მათ შორის რუსთავი 2-დან და POS TV-დან, გადაღებებზე ისეთივე მასალებით მივიდნენ, როგორიც შარიქაძეს იმედის საინფორმაციო პროდიუსერებმა მიაწოდეს. მისი აზრით, მმართველი პარტია ამ მასალებს კოორდინირებულად ავრცელებდა.

"მაგალითად, [ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა] გააკეთა ესა და ეს განცხადება და ამაზე ვაგებთ სიუჟეტს. ზუსტად ის განცხადება, ზუსტად ისე მოჭრილი, ზუსტად იგივე ვიდეო აქვს ამ დროს ჩემს კოლეგას რუსთავი 2-დან, POST TV-დან…" — იხსენებს ჟურნალისტი.

შარიქაძემ ასევე დასძინა, რომ მისი აზრით ეს ყველაფერი "გარე ინსტრუქციებით" იმართებოდა.

ამავე პერიოდში ფარცხალაძე გადაცემა იმედის კვირისთვის ექსკლუზიურად კულტურულ თემებს აშუქებდა. თუმცა, 2024 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური შინაარსის თავიდან აცილება სულ უფრო რთული გახდა.

"სექტემბერში დაიწყო ახალი სატელევიზიო სეზონი. პირველივე თათბირზე ითქვა, რომ ჩვენ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა გვაქვს, საარჩევნო წელია და ღია ტექსტებით იმუშავებდა გადაცემა ხელისუფლების მხარდასაჭერად", — იხსენებს ფარცხალაძე.

ის იხსენებს თუ როგორ აიმედებდა პროგრამის წამყვანი, რომ არაპოლიტიკური სიუჟეტების გაშუქებას კვლავ შეძლებდა. მაგრამ, ამ ლაპარაკიდან ერთ თვეში, ფარცხალაძეს მოსთხოვეს, გაეკეთებინა სიუჟეტი, რომელიც ქართული ოცნების 11-წლიან მმართველობას შეაჯამებდა, იმ პირობით, თუ ის მხოლოდ სახელმწიფოს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული მასალით იხელმძღვანელებდა.

"ეს იყო ხელისუფლების პიარსიუჟეტი და არა ჟურნალისტიკა. მივხდი, რომ შემდგომში უარესი მელოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ სიუჟეტს ისე ვერ გავაკეთებდი, როგორც ვხედავდი, გამორიცხული იყო ხელისუფლების კრიტიკული ხაზის გატარება", — იხსენებს ფირცხალაძე.

როცა ფირცხალაძემ გაანალიზა, რომ უარესი კიდევ წინ იყო, მან სამსახური დატოვა. ჟურნალისტმა საჯაროდ დაწერა ფეისბუქ-პოსტში არხის დატოვების მიზეზებზე, რისი წაშლაც მოგვიანებით მოუწია.

"სამსახურის დატოვების შესახებ მიზეზი რომ საჯაროდ დავწერე, ბევრმა იქაურმა მეგობრებმაც უარყოფითად მიიღო, თითქოს ამით მე ხელი შევუწყვე მათ ბულინგს, არხზე დარჩენილთა ბულინგს. არადა მხარდაჭერას ველოდი. განა, მე არ ვიყავი გარემოების მსხვერპლი?!," — განაცხადა ფირცხალაძემ.

"ნახე, შენს ეთერში რა იყო!"

"ყალბი ოცნება, ყალბი იმედი!" — ვკითხულობთ ერთ-ერთი ანტისამთავრობო აქციის პოსტერზე. აქციები ქართული ოცნების მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის შეჩერების შესახებ განცხადებებს მოჰყვა. ტექსტი სიტყვათა თამაში იყო — ტელეკომპანია იმედის სახელწოდებამ, ბევრი მომიტინგისთვის დიდი ხანია სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა.

მიმდინარე დემონსტრაციების პირველ დღეებში იმედი ყურადღებას ამახვილებდა და ავრცელებდა ნარატივებს, რომ პოლიცია, "ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის" ქვეშ, "სპეციალურ ზომებს" მხოლოდ "აგრესიული მოქალაქეების" წინააღმდეგ იყენებდა. იმედი მმართველი პარტიისა და მისი თანამოაზრეების ნარატივებს იმეორებდა. თითქმის არცერთ სიუჟეტში არ იყვნენ ნახსენები ის აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, რომლებიც ნიღბიანმა და დაუდგენელმა სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს, აწამეს, გაძარცვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოვლენების ასეთი გაშუქება გარდამტეხი აღმოჩნდა იმედის იმდროინდელი ვიდეომონტაჟის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის, ზვიად ბარათელისთვის, რომელმაც არხზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დეკემბერში სამასახური დატოვა.

"ასევე, აღარ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი იმ პროპაგანდის, მავნე პროპაგანდის მონაწილე, რასაც იმედი აკეთებს,” — განუცხადა ბარათელმა OC Media-ს და აღნიშნა, რომ მისთვის გაუსაძლისი იყო იმის ყურება, თუ როგორ მოიხსენიებდა არხი მომიტინგეებს, რომელთა შორის მისი მეგობრები და ახლობლები იყვნენ.

"რომ მივხვდი, რომ უკვე ყველაფერს ვკარგავთ, ჩვენს ევროპულ მომავალს ვკარგავთ, აღარ მინდოდა, ამაში მიმეღო მონაწილეობა," — დასძინა მან.

ბარათელი ასევე აკრიტიკებს იმედის მცდელობებს, რომ პროტესტის მასშტაბები შეემციურებინა.

"ჩემი თვალით რომ ვხედავ, რომ რაღაც აქციაზე დგას უამრავი ადამიანი და იმედის დრონი იღებს რაღაც კადრს, კონკრეტულ დროს და აქციის კონკრეტულ ნაწილს, სადაც უფრო ნაკლები ხალხი ჩანს, ვიდრე რეალურადაა… ეს არ მომწონდა, თუნდაც, მინიმუმ, ამის [ასეთი მანიპულაციის] კეთება რომ მიწევდა," — იხსენებს ბარათელი.

მისი თქმით, ამგვარი მანიპულაციური პრაქტიკის წინააღმდეგ წასვლა, ნებისმიერი შდა ბუნტი წარუმატებლობისთვის იყო განწირული.

"ყოველთვის მოწმდება და მონიტორინგს გადის ყველა კადრი, ყველა სიუჟეტი, რაც გადის ეთერში. მაგრამ იდეაში ყველა თანამშრომელმა იცის წინასწარ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რადგან რამე სხვანაირად რომც გავიდეს ეთერში, მერე იმის გადაკეთება ხდება, რომ შეცვლილი ვარიანტი გავიდეს," — ხსნის ბარათელი ინტერვიუში.

შარიქაძის თქმით, 2024 წლის გაზაფხულზე, უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროსაც მსგავსს ტაქტიკას იყენებდნენ.

"მე ვამბობ ჩართვაში პატიოსნად, რომ წყლის ჭავლის მანქანა დაიძრა, სპეც-რაზმელები მოდიან, შსს იწყებს დარბევას და ამ დროს [კადრში] არაფერი. კადრში დამაბრუნეს მაშინ, როცა ბარიკადების აგება დაიწყეს აქციის მონაწილეებმა," — იხსენებს შარიქაძე.

მისი თქმით, სანამ ის მოვლენებს აღწერდა, არხის დრონი ქუჩაზე მოშორებით დაფრინავდა, სადაც არც ბევრი მომიტინგე ან პოლიციელი ჩანდა. ამის გამო ის აქციის მონაწილეებთან კონფლიქტში შევიდა.

"მახსოვს, გამლანძღა ვიღაცამ და ძალიან გავბრაზდი. რატომ მლანძღავ, შენს წინ არ ვიდექი მეთქი? გაზიც ვყლაპე, საღებავიც შემესხა მეთქი. და ამ დროს ადამიანმა ამაფარა სახეზე ჩემივე ჩართვა, შენ კი იდექი იქ და ყვებოდი, მაგრამ ნახე, შენს ეთერში რა იყოო. ენა ჩამივარდა, ვერაფერი ვუთხარი," — ამბობს შარიქაძე.

როდესაც მან თავის უფროსს მოგვიანებით ჰკითხა, თუ რატომ არ ავრცელებდნენ კადრებს, რომელიც პოლიცია უცხოელი აგენტების კანონის პროტესტის დროს აქტივისტ დავით ქაცარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან პასუხად შემდეგი სიტყვები მიიღო — "იცი რატომ".

მიუხედავად იმისა, რომ იმედის მფლობელი, ირაკლი რუხაძე რადიო თავისუფლებასთან ბოლო ინტერვიუში არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას ამტკიცებდა, მან თავადვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს, პოლიციის მიერ ჟურნალისტ გურამ როგავას მსგავსი სასტიკი ცემის ფაქტი არ გაუშუქებიათ. რუხაძემ ეს გადაწყვეტილება როგავას იმედისადმი კრიტიკით ახსნა.

რუხაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არხი დარჩება "ივანიშვილის მხარეს" მანამ, სანამ იქნება "მოწინააღმდეგე მხარე". ტელეკომპანიის მფლობელმა ასევე დასძინა, რომ თუ იმედი გააკრიტიკებს ქართულ ოცნებას, ეს ხელისუფლებაში იმ პიროვნების დაბრუნებას გამოიწვევს, ვისიც მას ყველაზე მეტად ეშინია. ამ პიროვნებად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ნაგულისხმები.

"მე ვარ ერთ-ერთი, ვინც ამ ბოროტების მანქანას ქმნიდა"

ქართული ოცნების მიერ მიღებული საყოველთაოდ დაგმობილი კანონებისა და 2023–2024 წლებში პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის ფონზე, იმედი არაერთმა თანამშრომელმა საჯაროდ დატოვა.

შარიქაძემ იმედიდან 2024 წლის ივნისში, მას შემდეგ წამოვიდა, რაც მან უარი თქვა სიუჟეტის მომზადებაზე, რომელიც "ძალადობას წაახალისებდა".

შარიქაძის თქმით, აღნიშნული შემთხვევა, 1-ელ ივნისს, თბილისში ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცთა ჯგუფს ეხებოდა. იმედის ვერსიით, თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის დაცვის თანამშრომლების აგრესიას მოჰყვა. შარიქაძე იხსენებს, თუ როგორ სთხოვა პროდიუსერმა მას, სიტყვა "თავდასხმა" თავის გაშუქებაში არ გამოეყენებინა.

შარიქაძემ უარი თქვა იმედის ვერსიის გაშუქებაზე, რადგან თვლიდა, რომ ამ ვერსიას არ ჰქონდა მტკიცებულებები და რომ ასეთი ამბავი მომავალში მსგავსი პრაქტიკის წახალისებას გამოიწვევდა.
როგორც ის იხსენებს, მისმა უარმა მას და მის პროდიუსერს შორის კონფლიქტი და საბოლოოდ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნათია სონღულაშვილის ჩარევა გამოიწვია.

შარიქაძე ამბობს, რომ მან სონღულაშვილს განუმარტა თავისი დასკვნები და დასძინა, რომ მისთვის "ორივე მხარე აბსურდია", რაც ორივე პარტიისადმი ანტიპათიაზე მიუთითებდა.

"ამაზე მითხრა ნათიამ, რომ აა, ანუ შენ თვლი, რომ მეორე მხარეც მარაზმშია? ესე იგი, შენ არ ეთანხმები არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაშინ მიიღე ადეკვატრი გადაწყვეტილება და წადიო," — იხსენებს შარიქაძე მის ბოლო დღეს იმედში.

"მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ არ არსებობს სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ამართლებს ძალადობას. თუ ეს ასეა, შენ ხარ უნიღბო ტიტუშკა [ყაჩაღი], რომელიც ბევრად უარესს აკეთებს, ვიდრე ერთი ადამიანის ცემა, რადგან ბევრ ადამიანს არწმუნებ, რომ ვიღაც იმსახურებს ცემას", - ამბობს ის.

შარიქაძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ, სონღულაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ იმედში არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც ნაცმოძრაობაზე მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად მიზეზებს ეძებენ.

OC-Media კომენტარისთვის სონღულაშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღია.

შარიქაძის თქმით, ის ადრე არხს არ ტოვებდა, რადგან თავს არწმუნებდა, რომ ის არ იყო პასუხისმგებელი რაიმე აშკარა პროპაგანდისტული ისტორიების შექმნაზე. თუმცა, მას შემდეგ მიხვდა, რომ ეს შეცდომა იყო.

"ის, რაც დღეს გავაცნობიერე, რომ ნებისმიერ ტელევიზიაში დამლაგებლიდან დაწყებული დირექტორით დამთავრებული, ყველა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გადის ეთერში, ოღონდ ეს მე მერე გავაცნობიერე" — აღნიშნა შარიქაძემ.

შარიქაძეს თქმით, ის "სისტემის ერთ-ერთი რგოლი" იყო და "ბოროტების მანქანას" ქმნიდა.

შარიქაძე ასევე დასძენს, რომ იმედში მუშაობის პერიოდში ჟურნალისტების უმრავლესობა ჯერ კიდევ ღიად გამოხატავდა თავის აზრს კონკრეტულ საკითხებზე და აკრიტიკებდა არხის გარკვეულ საკითხებს. თუმცა, ახლა ასეთი ხმები ჩახშობილია.

"და დღეს რაც ხდება, იმის მიხედვით, რასაც შორიდან ვუყურებ ან რაღაც ამბებს ვიგებ… ის ადამიანები, ვისაც რეალურად ჰქონდა პროტესტი, ნელ-ნელა უკან გაიწივნენ, " — ამბობს ყოფილი ჟურნალისტი.

ბარათელის თქმით, იმედში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან არსებული რეალობით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ფინანსური საჭიროებების გამო, მუშაობას აგრძელებენ.

შარიქაძე, რომელიც ახლა რამდენიმე მეგობართან ერთად თავის YouTube არხზე აქტუალურ კონტენტს ამზადებს, ამბობს, რომ იმედიდან წასვლის შემდეგ სტაბილური შემოსავალი არ აქვს, მაგრამ საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკუთარ თავს ვერ "უღალატებდა".

"მეც მქონდა ეს კომფორტი: სტაბილური შემოსავალი, კარგი მივლინება… სულელი უნდა იყო, რომ ეს არ მოგწონდეს. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რამდენად წონიანია ეს ყველაფერი, ვიდრე საკუთარი თავი", — განაცხადა იმედის ყოფილმა ჟურნალისტმა, თამარ შარიქაძემ.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.