პრეცედენტული გადაწყვეტილებები საქართველოს სამართლებრივ სისტემაში
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იქმნება პრაქტიკა, დგინდება სტანდარტი, რაც, საბოლოოდ, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ზოგადად ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე, არამედ რიგით მოქალაქეზეც. მართალია, საქართველო პრეცედენტული სამართლის ქვეყანა არ არის, თუმცა, საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
სამართლებრივი სისტემები
მსოფლიოში ორ ძირითად სამართლებრივ სისტემას გამოყოფენ — ანგლო-ამერიკული სამართალი (Common law) და კონტინენტური ევროპის სამართალი (Civil Law). მათ გარდა, არის კიდევ რამდენიმე, მათ შორის, რელიგიური, სტანდარტული, თუ შერეული სისტემები.
საქართველოში კონტინენტური ევროპის სამართალი მოქმედებს, საერთო სასამართლოები გადაწყვეტილებებს დაწერილი კანონების შესაბამისად იღებენ.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვერიკო ჯგერენაიამ გვითხრა, საქართველო "დაწერილი სამართლის ქვეყანაა". თუმცა კანონი პირდაპირ ვერ გაითვალისწინებს ყველა შემთხვევას, ამიტომ მოსამართლეს ნორმის განმარტების ფუნქცია აქვს. სწორედ ნორმის განმარტების საფუძველზეც იქმნება პრეცედენტები და ვითარდება სასამართლო პრაქტიკა.
"პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას ისეთ საკითხზე, რომელიც კანონით ცალსახად და პირდაპირ არ არის მოწესრიგებული. სასამართლო პრაქტიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა სწორი პრეცედენტების ჩამოყალიბებაა".
სასამართლო გადაწყვეტილებების მნიშვნელობა
მოსამართლე ნინო ბაქაქურის განცხადებით, დასაბუთებული გადაწყვეტილებებით სასამართლოს შეუძლია, დაუპირისპირდეს უთანასწორობას, ხელი შეუწყოს თანასწორობას და სოციალურ პროგრესს. ამის შესახებ ბაქაქურმა ისაუბრა USAID-ს სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით — მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლის უზენაესობაზე საქართველოში.
- "სასამართლოს აქვს ძალაუფლება, განახორციელოს, ძალა შესძინოს კონსტიტუციურ პრინციპებს და დაიცვას საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფები. კომპლექსური საკითხების დასაბუთებულ ანალიზს შეუძლია, საფუძველი შეურყიოს სისტემას და ხელი შეუწყოს უფრო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
სასამართლოს შეუძლია, იყოს სოციალური ცვლილებების კატალიზატორი. შეუძლია, გაბატონებულ ნორმებთან და მიდგომებთან დაპირისპირებით, მათი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, დასაბუთებული სამართლებრივი ანალიზით საფუძველი გამოაცალოს ღრმად გამჯდარ მიკერძოებას და ხელი შეუწყოს კანონის ნორმების პროგრესულ განმარტებას", — აღნიშნა ნინო ბაქაქურმა.
პრეცედენტული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე გვესაუბრა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილიც. მან On.ge-სთან აღნიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის სტრატეგიული სამართალწარმოება.
რა არის სტრატეგიული სამართალწარმოება: სტრატეგიული სამართალწარმოება გულისხმობს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას ფართო სოციალური ან პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ის მიმართულია ზოგად კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სისტემური პრობლემების აღმოფხვრისკენ და მოიცავს საკითხის ადვოკატირებასა თუ პრეცედენტების დაყენებას.
სტრატეგიული სამართალწარმოება აერთიანებს ისეთ საკითხებს, რომლებიც მიზნად ისახავს
- ადამიანის უფლებების ხელშეწყობას,
- სოციალური სამართლიანობის გაძლიერებას,
- გარემოს დაცვას,
- დისკრიმინაციული კანონების ან პრაქტიკის დაძლევას,
- ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ ქმედებებზე.
"უფასო იურიდიული დახმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი იურიდიული ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებენ. მსგავსი ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებს უმსუბუქებენ ტვირთს, რომელიც მსგავსი კატეგორიის საქმეების წარმოებას თან ახლავს — იქნება ეს ფინანსური, საერთაშორისო პრაქტიკის თუ ეროვნული კანონმდებლობის შესწავლა/დამუშავება, — უთხრა On.ge-ს თეონა ზაქარაშვილმა.
პრეცედენტული გადაწყვეტილებები
საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან არაერთია პრეცედენტული, რომელსაც პრაქტიკის შეცვლა ან გაუმჯობესება მოჰყვა. ამ ქვეთავში პრეცედენტული გადაწყვეტილების რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ.
2021 წლის 10 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქცევითი გამოწვევისა და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით.
ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, რასაც ეს გადაწყვეტილება მოჰყვა:
- "დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთ მექანიზმი, რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30-დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება".
ამ საქმეზე საუბრის დროს, მოსამართლე ნინო ბაქაქურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა ტკივილის დაუშვებლობაზე — "სასამართლომ მიიჩნია, რომ ტკივილი, რომელსაც შშმ პირები განიცდიდნენ, უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. 2023 წლის მარტში სახელმწიფომ ახალი სერვისი შექმნა და შესაბამისად, სასამართლო წარმოება წარმატებით დასრულდა".
პრეცედენტული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ქალთა საფეხბურთო კლუბ მართვესა და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დადგინდა.
- "ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36 000 ლარის ოდენობით", — აცხადებდნენ ორგანიზაცია PHR-ში.
ოჯახის წევრის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება
რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, იმისათვის რომ შემდეგ საქართველოშიც შეიქმნას პრეცედენტები, კარგად ჩანს სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან სარიშვილი-ბოლქვაძის საქმეზე.
ოჯახის წევრის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სარიშვილი-ბოლქვაძის საქმეზე კი, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.
2018 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წელს ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა.
სწორედ ოჯახის წევრის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების კარგი პრეცედენტული მაგალითი აქვს საიას. ორგანიზაციის იურისტმა, ვერიკო ჯგერენაიამ გაიხსენა საქმე, როდესაც დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების გამო თბილისი ენერჯის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
ამ საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის სამართლებრივი პოზიცია შპს თბილისი ენერჯის, როგორც დამსაქმებლისა და როგორც ლიცენზიანტი კომპანიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
"დადგინდა შპს თბილისი-ენერჯის, როგორც არა მხოლოდ კერძო დამსაქმებლის, არამედ როგორც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე სუბიექტის — ლიცენზიანტი კომპანიის პასუხისმგებლობა, განახორციელოს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდება და სისტემატური შემოწმება", — ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო და პრეცედენტული გადაწყვეტილებები
პრეცედენტული გადაწყვეტილებებს, რომლებიც არსებულ პრაქტიკას აუმჯობესებენ და ცვლიან საკანონმდებლო ჩარჩოსაც, ძირითადად, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს.
მაგალითად,
- 2014 წელს საქმეზე — ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ფსიქიატრიულ დახმარებაზე კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.
- 2020 წელს ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
- 2016-2021 წლის პრეცედენტული საქმეების მაგალითები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გამოქვეყნებული. სწორედ ამ დოკუმენტშია სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, 2016-2021 წლებში 960 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება შევიდა.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები