ევროპისკენ სვლა ირაკლი კობახიძის პირობებში? — რას ველოდოთ
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი... აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ — გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე, სიის მესამე ნომერი“, — ასე წარადგინა საკუთარი თავი ირაკლი კობახიძემ 2020 წელს, როდესაც საზოგადოებას ქართული ოცნების საარჩევნო სია გააცნო.
ბევრი რომ გაეგრძელებინა, ალბათ, იმასაც გაიხსენებდა, რომ მის კარიერაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID, 2000 - 2001 წლებში), სადაც საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორის პოზიცია ეკავა და — გაეროს განვითარების პროგრამაც (UNDP, 2006 - 2014 წლები). ამ ორგანიზაციაში კობახიძე პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი იყო.
- UDNP-ს დატოვებიდან 8 წლის შემდეგ, ირაკლი კობახიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი რუსული კანონის პროექტისა, რომლის მიხედვით, უცხოური გავლენების აგენტად უნდა გამოცხადებულიყო არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მედია — ყველა, ვისი შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება, მათ შორის, იღებს გრანტს USAID-დან და UNDP-დან, სადაც წლების წინ ირაკლი კობახიძე თავადვე მუშაობდა.
რატომ დავკარგავდით ევროპულ მომავალს, თუ პარლამენტი მიიღებდა კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
ევროსტრუქტურები და ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს, ამის შესახებ, პირდაპირ აფრთხილებდნენ.
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებდა, რომ კანონი შეუთავსებელი იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან.
- კანონპროექტის გაწვევისკენ ოცნებას მოუწოდებდნენ ევროპარლამენტარებიც, ამერიკელმა სენატორებმა კი თქვეს, რომ ე.წ. რუსული კანონი "მხოლოდ დააშორებდა საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელშიც მას გაწევრიანება სურს."
- კანონპროექტის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც — პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ ამას, შესაძლოა, ძირი გამოეთხარა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და მისწრაფებებისთვის: "შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც ერთგულნი არიან თავიანთი თემებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაზე. მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისწრაფებები. რისი სურვილიც საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ ბოლო ათწლეულებში."
ირაკლი კობახიძემ კი ყველას, ვინც კანონს რუსულად მოიხსენიებდა, ცრუპენტელა უწოდა.
"ამბობენ, რომ სიტყვა "აგენტი" ხელს შეუწყობს სტიგმატიზებას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს "რუსული კანონი". ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა", — თქვა მან.
- საბოლოოდ, პარლამენტმა კანონპროექტის მიღება გადაიფიქრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ორჯერ, ძალის გამოყენებით დაარბია აქციის მონაწილეები.
რა როლს აკისრებს შესაძლო პრემიერობა კობახიძეს ევროკავშირის რეკომენდაციაში, პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრის შესახებ
"ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად, საჭიროა, პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მმართველი პარტიის უფრო პოზიტიური ჩართულობა", — ეს მესამე დათქმაა ცხრიდან, რომელიც ევროკავშირის დავალებით უნდა შევასრულოთ.
ევროსტრუქტურები საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისკენ უკვე დიდი ხანია, მოუწოდებენ.
კობახიძე და "რადიკალური ოპოზიცია"
თითქმის ყველა გამოსვლაში, როდესაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე საუბრობს, მათ დიდ ნაწილს რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ ნაცმოძრაობას უწოდებს.
- მაგალითად, ერთ-ერთ ბრიფინგზე, 10-წუთიანი ტექსტის წაკითხვისას, რადიკალური ოპოზიცია 15-ჯერ ახსენა.
- ასევე, ის ხშირად მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. მაგალითად, ნიკა მელიაზე თქვა, რომ ის "ვერ იქნება ღირსების მატარებელი", ლევან ხაბეიშვილი "არასერიოზულ კაცად" მოიხსენია, გიორგი გახარია კი — "კერკეტ კვერცხად".
"დაუმორჩილებელი პრეზიდენტი" და ვერშემდგარი იმპიჩმენტი
გასულ, 2023 წელს განსაკუთრებით გაღრმავდა დაპირისპირება მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორისაც.
იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ნებართვის გარეშე გამართა შეხვედრები მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, მმართველმა გუნდმა მისი იმპიჩმენტი გადაწყვიტა. საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლებას სწორედ ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა.
- ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა "გააშიშვლებდა რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ იყო მიმართული".
"მას აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად", — ამბობდა კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილზე.
- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზურაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის არქონის გამო, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა.
ურთიერთობა ამის შემდეგაც დაძაბული დარჩა. მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტი არამხოლოდ ევროპულ ტურნეებზე, არამედ, ღონისძიებებზეც მიუღებელი გახდა. მაგალითად, მათ არ მოიწონეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ხალხთან ერთად აღენიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ხელისუფლების ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულიყო.
- ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ღონისძიებაზე "არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას, არაფერი ესაქმებოდათ": "რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, მით უმეტეს ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე", — თქვა კობახიძემ.
ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მაინც მივიდა, თუმცა მისთვის სცენაზე ასვლა არავის შეუთავაზებია.
ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ
ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა, — ვკითხულობთ 9 დათქმის მე-9 პუნქტში.
"ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე".
ეს ირაკლი კობახიძის მიმართვაა ქალი ჟურნალისტის მიმართ, რომელმაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა, როდესაც არახამიამ ირაკლი კობახიძის მამა, გია კობახიძე, კგბ-ს აგენტად მოიხსენია.
ჟურნალისტთან ასე საუბრიდან მეორე დღეს ფაქტს კვლავ გამოეხმაურა კობახიძე ფეისბუქზე და სხვა ჟურნალისტებსაც "ცნობილი ვაჭრები" და "პავლიკა მოროზოვები" უწოდა.
"გუშინ "მთავარის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას "მთავარიდანაც" კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ."
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს.
მაგალითად,
"გელა მთივლიშვილი [მთის ამბების მთავარი რედაქტორი] საერთოდ სამარცხვინო კაცია. ...ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი მედიის კონტექსტში არის აბსოლუტურად არასწორი. არაფერი კავშირი არ აქვს მედიასთან და ჟურნალისტიკასთან გელა მთივლიშვილს“, — თქვა კობახიძემ.
მან გარყვნილი უწოდა ჟურნალისტებს — ნოდარ მელაძეს, დიანა ტრაპაიძეს, ინგა გრიგოლიას.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას კი ასე გამოეხმაურა:
- მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც დედას იგინება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მერე იღებს ამაზე პასუხს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, მე მგონი, პირველ რიგში.
- [...] საკუთარ გულში ჩაიხედოს, პირველ რიგში, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო."
კობახიძისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად უწოდებს ოპოზიციასთან აფილირებულს, რომლებიც, მისი თქმით, "ყველაფერს აკეთებენ, რომ გაღრმავდეს პოლარიზაცია".
მასვე ეკუთვნის ეს განცხადება:
- "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არც ერთ ინიციატივას არ განვიხილავთ, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ. ეს "ენჯეო“ სხვა არაფერია, თუ არა "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილი".
და ესეც:
- "თქვენ ნახეთ, რომ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ყოველგვარი მათი[ოპოზიციისა და არასამთავრობოების] ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ამ 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან. ჩვენი ქვეყანა წინ მაინც წაიწევს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, თუ ყველა სუბიექტი ევროკავშირის მოთხოვნებს გაჰყვება და იმ პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პირობების შესრულებასთანაა დაკავშირებული."
უკმაყოფილება დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებით
კობახიძე აკრიტიკებს დასავლეთსაც იმის გამო, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ: "ერთი მხრივ, არ შეიძლება ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ —აფინანსებდე პოლარიზაციას. მაგალითად, როდესაც აფინანსებენ სირცხვილიას, ან დროას, ან მსგავსი ტიპის ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და თან ითხოვ დეპოლარიზაციას, ეს ხომ ნონსენსია?!", — თქვა კობახიძემ 2023 წლის მარტში.
ამასთან, კობახიძემ ეჭვქვეშ დააყენა USAID-ის დაფინანსების გამჭვირვალობა მას შემდეგ, რაც სუს-მა განაცხადა, რომ საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები, რომლებმაც ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი "რევოლუციური სცენარისთვის" მოსამზადებელი ტრენინგები ჩაატარეს.
- "მით უფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, რაც ნიშნავს ამერიკის დახმარებას და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება", — თქვა კობახიძემ.
ბრალდებებს მალევე უპასუხა აშშ-ის საელჩომ და აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები მცდარია და "არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის მათი დახმარების მიზნებს":
- "USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.
- მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია", — დაწერა ამერიკის საელჩომ.
ეს განცხადება კობახიძისთვის "გამაოგნებელი" და "შემაშფოთებელი" აღმოჩნდა.
"საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“,— თქვა მან.
- კელი დეგნანის განცხადებები ირაკლი კობახიძისთვის არაერთხელ ყოფილა "აღმაშფოთებელი". აშშ-ის ელჩი მან ბევრჯერ გააკრიტიკა და ბოლოს, როდესაც კელი დეგნანის საქართველოში ყოფნის ვადა ამოიწურა, კობახიძემ თქვა:
"ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს".
ის, უკმაყოფილო იყო ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მუშაობითაც. მას შემდეგ, რაც ელჩს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი" და რომ "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა".
მსგავსი: კობახიძემ თან ევროსკეპტიკური განცხადება გაავრცელა და თან ევროინტეგრაციის სამუშაო შეხვედრაზე მივიდა
კობახიძის ფაქტორი და მართლმსაჯულების რეფორმის დათქმა
იმისთვის, რომ საქართველო ევროგაერთიანების ნაწილი გახდეს, სასამართლო რეფორმის დასრულება და ისეთი სასამართლოს მიღება, სადაც აღარ იქნება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
გაიგე მეტი: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეფორმების 4 ტალღა ჩაატარა, თუმცა, სასამართლო სისტემაში კვლავ დარჩნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კლანის წევრებად მიიჩნეოდნენ — მათ შორის, ლევან მურუსიძე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეც იყო.
- ირაკლი კობახიძემ, 2018 წელს, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, თქვა, რომ "მოხდა ლევან მურუსიძის დემონიზება, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების მიერ" და მურუსიძის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევა მას შემდეგ დაიწყო, "რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ ის დამოუკიდებელი გახდა".
- მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ, ასევე, განაცხადა, რომ "შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე, და ადამიანები [მოსამართლეები], რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა კარგ რაღაცებს ჩადიან".
- მას, ასევე, სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაც.
სტრიქონებს შორის: 2023 წლის 5 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.
- სანქცირებული არიან ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.
- სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მოსამართლეები "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო" დაექვემდებარნენ სანქციებს და მათ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.
"მტკიცებულების გარეშე როცა გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპისა და კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს", — თქვა კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების პასუხად.
არის თუ არა კობახიძისთვის რუსეთი საქართველოს მტერი?
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ეს კითხვა მარტივი არ არის.
"ანალიზია მთავარი, იმიტომ, რომ როდესაც რაღაცას ამბობ, მაშინ უნდა დააკონკრეტო რას გულისხმობ, ანუ. მაგალითად, თუ შენ ფიქრობ, რომ, დაუშვათ, ყველაფერი არის ასე გასაზომი, თითო ტერმინი, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ, ხომ საქართველოში? რატომ არ ხსნი კაცო, მტერი თუა, იმას ეომები. ხომ ხვდებით რას ვამბობ? ანუ, მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას. მტრის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები; მეორე გაგება არის, რომ გაქვს რაღაცა ორგანული დაპირისპირება; მესამე გაგება არის რაღაცა და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით მტერი არის თუ ის არის, მოყვარეა თუ მეგობარი, თუ ბიძაშვილი და არ არის მარტივი კითხვა, არ არის მარტივი კითხვა იმიტომ, რომ არის რაღაცა მარტივი კლიშეები, მარტივი რაღაცა შაბლონები, მარტივი ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე".
კომენტარები