დარვაზის კრატერი თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, მდებარეობს. ეს ცეცხლის ალებით სავსე უზარმაზარი ორმოა, რომელიც იქაურ გაუდაბურებულ პეიზაჟს ნარინჯისფრად ანათებს. კრატერს "ჯოჯოხეთის კარიბჭესაც" უწოდებენ.

მისი წარმოშობის უამრავი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულის მიხედვით, ცეცხლი 1971 წელს გაჩნდა — მაშინ, როცა საბჭოთა მეცნიერებმა მიწისქვეშა გაზის საბადო გახსნეს. იმისათვის, რომ ტოქსიკური კვამლის ატმოსფეროში გამოშვება აერიდებინათ თავიდან, მათ ორმოში ცეცხლი დაანთეს. მეცნიერებს ეგონათ, რომ იგი რამდენიმე დღეში ჩაქრებოდა.

მათი საბედისწერო გადაწყვეტილების გამო მიწა ჩამოიშალა. ამან 70,1 მეტრი სიგანისა და 20,1 მეტრი სიღრმის კრატერი წარმოშვა. მიწისქვეშეთიდან წამოსული მეთანის ბუნებრივი ემისიების წყალობით, კრატერი ათწლეულების შემდეგაც კი იწვის.

დარვაზის კრატერს ბოლო რამდენიმე წელია, თურქმენგაზის (თურქმენეთის ეროვნული გაზმომარაგების კომპანია) გუნდი იკვლევს. მეთანის ემისიები კლიმატის ცვლილების ხელშემწყობი ფაქტორია, ამიტომ მეცნიერები მათ აქტიურად აკვირდებიან.

ერთ-ერთ კონფერენციაზე მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კრატერის ნათება თანდათან ქრება.

"2013 წელს დარვაზის კრატერიდან წამოსული ნათება კილომეტრების მანძილზე შეიმჩნეოდა, ახლა კი კრატერთან მიახლოების გარეშე მისი ხილვა შეუძლებელია. ეს ძალიან კარგი ამბავია. აღნიშნული ცვლილება კომპანია Capterio-ს დამოუკიდებელი სატელიტური მონაცემებით დასტურდება", — ნათქვამია თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში.

მათი ინტეგრირებული მრავალსენსორული მონაცემების მიხედვით, ემისიები მართლაც მნიშვნელოვნად — მინიმუმ 3-ჯერ — არის შემცირებული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კრატერის მომავალზე დაზუსტებით მსჯელობა ჯერჯერობით შეუძლებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.