აქვს თუ არა გავლენა მუსიკას მცენარეების ზრდაზე? — რას ამბობს მეცნიერება

ფოტო: Indraprastha Horticulture Society
მცენარეების ზრდა და განვითარება ძირითადად ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა სინათლე, წყალი, ნიადაგი და ტემპერატურა. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა — შესაძლებელია თუ არა, რომ მათ ზრდაზე მუსიკასაც ჰქონდეს გავლენა. მეცნიერები ამ საკითხს წლებია, იკვლევენ.
მაგალითად, გამოცემაში Evolutionary Studies in Imaginative Culture გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მუსიკა, შესაძლოა, მცენარეების უფრო სწრაფად გაზრდას უწყობდეს ხელს. ამაზე მეცნიერთა მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი მიანიშნებს.
მკვლევრებმა ექსპერიმენტის ფარგლებში ბოკ ჩოი, იგივე ჩინური კომბოსტო, სამ ჯგუფად დაყვეს. ექვსი კვირის განმავლობაში მათ ყოველდღიურად ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკას "ასმენინებდნენ". ერთ ნაწილს კლასიკურ მუსიკას, კონკრეტულად — იოჰან სებასტიან ბახის "ბრანდენბურგის კონცერტებს" ურთავდნენ; მეორეს ინსტრუმენტული როკის ჩანაწერებს; მესამე კი კონტროლ ჯგუფი იყო, ანუ მათი ზრდა-განვითარება მუსიკის გარეშე მიმდინარეობდა.
მეორე კვირიდან მეცნიერები მცენარეების ზრდის მონაცემებს იწერდნენ. მაგალითად, რა რაოდენობის ფოთლები ჰქონდა მათ და როგორი იყო თითოეულის სიმაღლე. მეექვსე კვირაში უკვე გაზრდილი ჩინური კომბოსტოები მიწიდან ამოიღეს, რამაც ფესვების სიგრძისა და მოცულობის დადგენაც გახადა შესაძლებელი.
კლასიკური მუსიკის ჯგუფმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბახის კომპოზიციების ფონზე გაზრდილი მცენარეები უფრო მძიმე და ფოთლოვანი იყო. ასევე, მათი ფესვების მოცულობაც სხვებისას აღემატებოდა, რაც ნუტრიენტების უკეთ მიღებას უწყობს ხელს.
"მცენარეებისთვის მუსიკის ჩართვა ისეთი უჩვეულო არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. კლასიკურ მუსიკას შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეს, რადგან მცენარეები ვიბრაციებზე რეაგირებს", — თქვა კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა ჩარლზ სპენსმა, Classic FM-თან საუბრისას — "როკ-მუსიკაში არსებული სხვადასხვა სიხშირე, შესაძლოა, მცენარის ზრდას საკმარისად ვერ უწყობდეს ხელს".
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ მცირე მასშტაბის ექსპერიმენტი იყო და დასკვნის გამოსატანად მეტი მონაცემია საჭირო.
"მცენარეებზე კლასიკური მუსიკის ასეთი გავლენის მიუხედავად, დამატებითი კვლევებია საჭირო იმ დასკვნის გამოსატანად, ნამდვილად აქვს თუ არა მათზე დადებითი ეფექტი ბგერით სტიმულატორებს", — წერენ ავტორები.
მაშასადამე, შესაძლებელია, სამომავლო კვლევებით ამ კითხვაზე უფრო ზუსტი პასუხი მივიღოთ.
კომენტარები