დიუკის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა ერთ-ერთი უძველესი საიდუმლოების ამოხსნა სცადა — ვინ დაწერა ბიბლია რეალურად? საამისოდ მათ მულტიდისციპლინური მიდგომა აირჩიეს: ხელოვნური ინტელექტის, სტატისტიკური მოდელირებისა და ლინგვისტური ანალიზის გამოყენება.

მკვლევრებმა ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვებს შორის მცირედი განსხვავებებიც კი გულდასმით შეისწავლეს. ებრაული ბიბლიის პირველ ცხრა წიგნში მათ წერის სამი სხვადასხვა სტილი გამოავლინეს. შემდეგ მათ ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული მოდელით სხვა თავები გააანალიზეს, რათა სავარაუდო ავტორები განესაზღვრათ. გარდა ამისა, მოდელმა დასკვნის გამოტანის ლოგიკა თავადვე ახსნა.

კერამიკიდან თორამდე

2010 წელს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მათემატიკოსმა შირა ფაიგენბაუმ-გოლოვინმა ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი თანაავტორი არქეოლოგი ისრაელ ფინკელშტაინი (ჰაიფის უნივერსიტეტი) იყო. მათ ძვ.წ. 600 წლის კერამიკის ფრაგმენტებზე ნაპოვნი წარწერის ავტორის ვინაობა განსაზღვრეს. მკვლევრებმა თითოეულ ფრაგმენტზე დატანილი ასოების სტილი და ფორმა შეადარეს. საამისოდ მათემატიკური და სტატისტიკური ხელსაწყოები გამოიყენეს.

"ჩვენ დავასკვენით, რომ ამ მიგნებას შეიძლებოდა ძველი აღთქმის ჩანაწერების დათარიღებისთვის საჭირო მინიშნებები მოეცა", — აღნიშნა ფაიგენბაუმ-გოლოვინმა — "სწორედ ამის შემდეგ შემოვკრიბეთ ამჟამინდელი გუნდი, რომელთან ერთადაც ბიბლიური ტექსტები გავაანალიზეთ".

კვლევის შედეგების გრაფიკული წარმოდგენა. სამი სხვადასხვა ფერი (ყვითელი, ლურჯი და მწვანე) წერის სამ სხვადასხვა სტილს გამოსახავს.

ფოტო: Faigenbaum-Golovin et al.

გუნდში არქეოლოგები, ბიბლიის მკვლევრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები და კომპიუტერული მეცნიერები იყვნენ. მათ ბიბლიის სამ ძირითად სექციაში ენობრივი კანონზომიერები გააანალიზეს. ამისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომა გამოიყენეს. მათ ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი შეისწავლეს: მეორე სჯული (ისტორია მართალი ისუდან მეფეებამდე) და სამღვდელო ჩანაწერები თორაში.

დადგინდა, რომ მეორე სჯული და ისტორიული წიგნები ერთმანეთს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამღვდელო ტექსტებს. ბიბლიის მკვლევრები ამაზე ისედაც თანხმდებოდნენ.

სიტყვა-სიტყვით გარჩევა

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ავტორთა თითოეულ ჯგუფს განსხვავებული სტილი გამოარჩევდა. ეს თავისებურება ისეთ მარტივ და ფართოდ გავრცელებულ სიტყვებშიც კი ვლინდებოდა, როგორებიცაა — "არა", "რომელი" ან "მეფე". გუნდმა ეს განსხვავებები სწორად ამოიცნო.

მოდელის შესამოწმებლად მეცნიერებმა ბიბლიის პირველი ცხრა წიგნიდან 50 თავი ამოირჩიეს. თავდაპირველად ბიბლიის მკვლევრებმა თითოეული მათგანი ზემოაღნიშნული წერის სამი სტილიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს. შემდეგ კი ეს მოდელმაც გაიმეორა — ოღონდ ამისთვის ახალი მათემატიკური ფორმულა გამოიყენა.

კვლევის მეორე ნაწილში გუნდმა მოდელი ბიბლიის იმ თავებს მოარგო, რომელთა ავტორების ვინაობაც უფრო საკამათოა. თითოეული მათგანისთვის მოდელმა არამხოლოდ ავტორთა სავარაუდო ჯგუფი განსაზღვრა, არამედ დაჯგუფების მიღმა არსებული ლოგიკა ახსნა.

ცნობილია, რომ ბიბლია მრავალჯერაა რედაქტირებული. ამან საქმე კიდევ უფრო გაართულა — მკვლევრებს ის სეგმენტები უნდა ამოეცნოთ, რომლებსაც თავდაპირველი ენა შენარჩუნებული ჰქონდა. გუნდმა ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. ამისდა მიუხედავად, ასეთი ბიბლიური ტექსტების უმრავლესობა ძალიან მოკლე აღმოჩნდა — ზოგი მათგანი სულ რაღაც რამდენიმე სტრიქონისგან შედგებოდა. ამის გამო სტანდარტული სტატისტიკური მეთოდების უმეტესობა და ტრადიციული მანქანური სწავლება ამ ანალიზისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. მკვლევრები იძულებულნი გახდნენ, ასეთ შეზღუდულ მონაცემებთან სამუშაოდ სრულიად ახალი მიდგომა შეემუშავებინათ.

სიტყვის ფუძე თუ ღრმა დასწავლა?

ზუსტი დასკვნის გამოტანა განსაკუთრებით რთულდება, როცა საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.

სწორედ ამიტომ მკვლევრებმა ტრადიციული მანქანური სწავლების გამოყენებაზე უარი თქვეს. ამის ნაცვლად მათ უფრო მარტივი და პირდაპირი მიდგომა გამოიყენეს. ეს მეთოდი წინადადებათა კანონზომიერებების შესწავლას გულისხმობს. კონკრეტულად კი — თუ რამდენჯერ მეორდება გარკვეული სიტყვები ან სიტყვის ფუძეები სხვადასხვა ტექსტში.

სამუელის წიგნებში კიდობნის ნარატივის ორი სექცია იდენტური შინაარსისაა და ხშირად უბრალოდ ერთი ნარატივის ორ სხვადასხვა ნაწილად მოიაზრება. მიუხედავად ამისა, გუნდმა აღმოაჩინა, რომ 1 სამუელში არსებული ტექსტი არცერთ სამწერლო ტრადიციას არ შეესაბამება. ხოლო 2 სამუელის ერთ-ერთ თავში მეორე სჯულის ისტორიასთან მსგავსება ვლინდება.

სხვა მიგნებები და სავარაუდო დასკვნები

კიდობნის ნარატივის გარდა მკვლევრებმა მოდელი სხვა თავებსაც მოარგეს. როგორც აღვნიშნეთ, მათი ანალიზი სამ ძირითად სამწერლო ტრადიციას ეფუძნებოდა. ესენია: მეორე სჯული (D), მეორე სჯულის ისტორია (DtrH) და სამღვდელო ტექსტები (P).

ლევიტელთა 26 მოდელმა სამღვდელო წყაროს მიაკუთვნა. ეს ნიშნავს, რომ ბიბლიის აღნიშნული ნაწილი მღვდლების დაწერილი უნდა იყოს. მეორე სჯული 28 კი მეორე სჯულის სხვა ნაწილებს ჰგავდა. სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ, სპეკულაციების მიუხედავად, ის მოგვიანებით არ დაუმატებიათ.

ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზოგი თავი საერთოდ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიბლიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორი წერდა.

მკვლევრების თქმით, მსგავსი ტექნიკა ნებისმიერი ისტორიული დოკუმენტის შესასწავლად შეიძლება გამოიყენონ. სამომავლოდ ისინი ამ მეთოდით მკვდარი ზღვის გრაგნილების გაანალიზებაზე ფიქრობენ.

კვლევა გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.