ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსის უნიკალური სურათები გადაიღო. ეს უდიდესი მიღწევაა, რადგან ამ რეგიონის ფოტო აქამდე არ მოგვეპოვებოდა. აპარატმა კადრები 23 მარტს აღბეჭდა და ისინი 11 ივნისს გაასაჯაროვეს.

აქამდე მზე ამ რაკურსით არც ადამიანს უნახავს და არც რომელიმე ზონდს. პირველის მიზეზი, ისაა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მნათობის ეკვატორის პარალელურ სიბრტყეზე გადაადგილდება, რომელსაც ეკლიპტიკა ეწოდება. მეორე მხრივ, Solar Orbiter ერთადერთი აპარატია, რომელსაც მზის სამხრეთ პოლუსის ხედის მქონე ორბიტა აქვს. ამისთვის მან ბოლო რამდენიმე თვეში ტრაექტორია 17 გრადუსით შეცვალა და ეკვატორის დაბლა მოექცა, რამაც აქამდე უხილავი რეგიონი გამოაჩინა.

"Solar Orbite-ის ეს უნიკალური ფოტომასალა მზის შემსწავლელი მეცნიერების ახალი ეპოქის დასაწყისია", — განაცხადა ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერების მიმართულების დირექტორმა, კეროლ მანდელმა.

მზის სამხრეთ პოლუსი 8 სპექტრში, რომელთაგანაც თითოეული მისი ატმოსფეროს სხვადასხვა შრესა და ტემპერატურულ პირობებს გვიჩვენებს. ზედა ნაწილში ხილული სპექტრის ფოტოსფერო, მაგნიტური ველის რუკა და უკიდურესი ულტრაიისფერი სპექტრის გვირგვინია (გარე ფენა) წარმოდგენილი. ქვემოთ 10 000-დან 1.2 მილიონამდე°C ტემპერატურის არეალებია ნაჩვენები, რომლებიც წყალბადის, ნახშირბადის, ჟანგბადის, ნეონისა და მაგნიუმის ემისიებს შეესაბამება.

ფოტო: ESA & NASA/Solar Orbiter

ზონდმა ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსი სხვადასხვა სპექტრში აღბეჭდა — ხილულიდან ულტრაიისფრამდე. ამისთვის მან 10 სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა და შედეგად ამ არეალის საკმაოდ დეტალური გამოსახულებები მივიღეთ. მათ შორისაა მაგნიტური ველის სტრუქტურები და კონკრეტული ქიმიური ელემენტების სწრაფი ნაკადები, რომლებიც მზის ქარის შემადგენელ პლაზმას მიუყვება. ვინაიდან ასეთი დამუხტული ნაწილაკები მთელს სისტემაში ვრცელდება და ე.წ. კოსმოსურ ამინდს განაპირობებს, მათი შესწავლა მნიშვნელოვანია. განსაკუთრების ახლა — მზის 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში.

წითელი და ლურჯი ლაქები სამხრეთ პოლუსის დადებითი და უარყოფითი მაგნიტური პოლარულობის რეგიონებზე მიანიშნებს.

ფოტო: ESA & NASA/Solar Orbiter

ამ პროცესის უკეთ გასაგებად Solar Orbiter-ის პოლარიმეტრული და ჰელიოსეისმური (PHI) ინსტრუმენტის მიერ მოპოვებული მაგნიტური მონაცემებია გამოსადეგი. ის შემდეგ პარადოქსზე გვაწვდის ინფორმაციას: თუ, ზოგადად, მაგნიტებს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი აქვს, მზის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ ორივე ტიპის მაგნიტური ველია აქტიური.

ESA-ში აღნიშნავენ, რომ ეს დროებითი ფენომენია და მზის მაგნიტური ველების გადანაცვლებას უკავშირდება, რაც ყოველ 11 წელში ერთხელ ხდება. ამით აქტიური ფაზა სრულდება და შედარებით პასიური პერიოდი იწყება. 5-6 წელში, როცა მზის მძვინვარება შემცირდება, მის თითოეულ პოლუსზე უკვე მხოლოდ ერთი ტიპის ველი იმოქმედებს.

ვენერას გრავიტაციის მეშვეობით Solar Orbiter მომავალში მზის ეკვატორს კიდევ უფრო ჩამოშორდება. 2026 წლის დეკემბრისთვის ის ორბიტის 24-გრადუსიან ცვლილებას მიაღწევს, 2029 წლისთვის კი — 33-გრადუსიანს. ეს ვარსკვლავის პოლუსების უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მოგვცემს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.