როგორ დასაჯა ხელისუფლებამ სკოლები რუსული კანონის პროტესტში შეტანილი წვლილის გამო
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ხმაურიანი და შედეგიანი იყო. ხელისუფლებამ დაინახა, რომ მათ გადაწყვეტილებას ღიად აპროტესტებდნენ ისინი, ვისაც მანამდე სანდო საარჩევნო რესურსად მიიჩნევდნენ. განსაკუთრებით, მასწავლებლები, დირექტორები და ლექტორები. გამოჩნდა სტუდენტების წინააღმდეგობის ძალაც. სავარაუდო სამომავლო დაუმორჩილებლობის ასარიდებლად, განათლების სექტორის უფრო მკაცრად მართვის საჭიროება დადგა. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ ისტორიებს მასწავლებლების ფეისბუქპოსტების კონტროლის, კონკურსში ჩაჭრის, პოლიტიკური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციისა და ზეწოლის შესახებ, რის მიზეზად ისინი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტსაც ასახელებენ.
8 მარტს, ბათუმის ერთ-ერთი სკოლის სამასწავლებლოში, აი, იმ ოთახში, სადაც მასწავლებლები შესვენებისას იკრიბებიან, სასწავლო ნაწილი შევიდა. ვრცელი შესავლის გარეშე მასწავლებლებს უთხრა — ალბათ, იცით რაც ხდება და ამ პროვოკაციას არ უნდა ავყვეთო. როგორც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, მათ მოუწოდა, დამასრულებელი კლასის მოსწავლეები გაეფრთხილებინათ, რომ აქციებზე წასვლა უსაფრთხო არ იყო და სჯობდა გამოცდებზე ეფიქრათ. იქვე დაამატა, რომ "განხილვაც კი არ სჭირდებოდა იმას", ამ აქციებზე წასვლისგან თავი მასწავლებლებსაც უნდა შეეკავებინათ.
ეს ისტორია ანონიმურად ბათუმელმა მასწავლებელმა გვიამბო. ის ერთ-ერთია ათეულობით პედაგოგს შორის, რომლებზეც აზრის გამოხატვის ან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების გამო ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ ხმამაღლა საუბარი არ შეუძლია. მიზეზად შესაძლო რეპრესიებს და სამსახურის დაკარგვის შიშს ასახელებს.
მსგავსი ისტორია აქვს სამტრედიის სკოლის მასწავლებელს — 6 მარტს ის გააფრთხილეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტების გაზიარებისგან თავი შეეკავებინა, რადგან აკვირდებოდნენ. თავისი სახელის გასაჯაროებისგან ან ამ ფრაზის ავტორის დასახელებისგან ისიც თავს იკავებს, რადგან სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად პრობლემების შექმნის მოლოდინი აქვს.
სწორედ მსგავსი შინაარსის საუბრებმა, ისტორიებმა და ხელისუფლების ხისტმა და მკვეთრმა ნაბიჯებმა გადაგვაწყვეტინა განათლების სექტორში დასაქმებულებთან და მათთან შემხებლობაში მყოფ პირებთან გაგვერკვია, რა ხდებოდა მარტის აქციების შემდეგ.
მასალის მზადების პროცესში 40-მდე ადამიანთან ვისაუბრეთ. მათგან 28 მასწავლებელია. კომუნიკაცია სხვადასხვა ფორმით გვქონდა, იქნებოდა ეს პირადი საუბრები, მიმოწერა სოციალური ქსელებით, თუ სიღრმისეული ინტერვიუ. ნაწილი თავისი ისტორიის საჯაროდ გაზიარებაზე დაგვთანხმდა, ნაწილმა მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით გადაწყვიტა გამხელა. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავისი გამოცდილება ჩაწერის უფლების გარეშე გაგვანდო, მხოლოდ ინფორმაციისთვის. რამდენიმემ კი კატეგორიული უარი გვითხრა ამ საკითხის განხილვაზე. [იხილეთ ინფოგრაფიკა #1]
სკოლებში მასწავლებლებისა და დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დევნა ქართული რეალობისთვის სიახლე არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე წლებია საუბრობენ და არაერთი კვლევაც არსებობს. თუმცა ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ მარტის საპროტესტო აქციების შემდეგ სიტუაცია უფრო გამძაფრდა და მათზე ზეწოლა გაიზარდა. ჰყვებიან, პოლიტიკური შეხედულებების გამო კარიერულ დაბრკოლებაზე, დირექტორების დაშინებაზე და NGO-ებთან კომუნიკაციის აკრძალვაზე.
მივყვეთ ქრონოლოგიას
სანამ უშუალოდ მათ ისტორიებს მოვისმენთ, გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები და ხელისუფლების რომელმა საჯარო გადაწყვეტილებებმა დაგვაეჭვა, რომ პროტესტის გამო შურისძიების კამპანია აამუშავეს.
2022 წლის 29 დეკემბერს ქართული ოცნებიდან წამოსულმა დეპუტატებმა, რომლებიც პარტიას არ ემიჯნებიან, განაცხადეს "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტზე, რომელიც NGO-ებისა და მედიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. პროექტი საქართველოს პარლამენტში 14 თებერვალს დააინიცირეს და მას მაშინვე მოჰყვა ადგილობრივი ორგანიზაციებისა პარტნიორების კრიტიკა. [იხილეთ ინფოგრაფიკა #2]
7 მარტს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვა. აქცია წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალეს. იგივე განმეორდა 8 მარტსაც. მასშტაბური პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ კანონს გაიწვევს, 10-ში კი ჩააგდეს.
განათლების სექტორის როლი
მარტის აქციები არ იყო პროტესტი, რომელსაც რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან ოპოზიციური ერთობა აორგანიზებდა. აქციებზე ძირითადად ახალი თაობის წარმომადგენლები, მოსწავლეები და სტუდენტები იდგნენ. განსაკუთრებული როლი ჰქონდათ მასწავლებლებსა და ლექტორებს. [იხილეთ ინფოგრაფიკა #3]
პირველი დარტყმაც სწორედ სტუდენტებს, უნივერსიტეტებს, არაფორმალური განათლების ცენტრებსა და ახალგაზრდებს მიადგათ. ეს გამოიხატებოდა სახელისუფლებო არხებზე გასულ მადისკრედიტირებელ სიუჟეტებში და თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმაში.
ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ OC Media-ს სტატია: ჯაფარიძე, ახალგაზრდული ბანაკი, თსუ-ს სტუდენტები — ხელისუფლების კრიტიკოსებზე თავდასხმების სერია
სანამ ხელისუფლება გარე ფრონტზე აქციების აქტიურ მონაწილეებს ებრძოდა, ბრძოლები იყო პარტიის შიგნითაც. მარტის შუა რიცხვებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნებიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირებს უშვებდნენ. მალევე პარტია დატოვეს დავით სერგეენკომ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ირაკლი კოვზანაძემ. არცერთ მათგანს მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული კენჭისყრაში, როცა პარლამენტმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ამის ფონზე, 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლიდა. ამილახვარის შესაძლო გამინისტრებაზე ფორმულა ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში წერდა. თუმცა მედიაში და პოლიტიკურ წრეებში ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ კანონის ჩაგდებიდან 10 დღეში მინისტრის გადაყენება განათლების სექტორის ვერმართვის გამო მიხეილ ჩხენკელის სასჯელი იყო, ასევე, ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება სკოლებისა და უნივერსიტეტების უფრო მკაცრად მართვას გეგმავდა.
რა ხდებოდა ამის შემდეგ განათლების სექტორში
იმის გასარკვევად რამდენად მასშტაბური იყო მარტის აქციების შემდეგ სკოლების კონტროლის და ზეწოლის მცდელობა სხვადასხვა ქალაქში დასაქმებულ მასწავლებელს ვესაუბრეთ: თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, სამტრედია, ჩოხატაური, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი.
ის ასეულობით სხვა მასწავლებელთან ერთად დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკაციო პროცესში იყო ჩართული. საგამოცდო ეტაპი წარმატებით გაიარა, გასაუბრება ვერა და როგორც ამბობს, ნორმალურად არავინ უხსნის რატომ. მანანა ერთ-ერთია 27 მასწავლებელს შორის, რომლებმაც განათლების სამინისტროს უჩივლეს.
"მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კითხვა არ დასმულა, რაზეც კომპეტენტური პასუხი არ მქონია, ჩემდა გასაკვირად გასაუბრების ეტაპზე დავიბლოკე. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ თვითონ უშუალოდ შემფასებლებმა დადებითად შეაფასეს ჩემი კანდიდატურა, დაიგზავნა ეს დადებითად შეფასებული კანდიდატების სიები ადგილობრივ თვითმმართველობებში და შემდეგ თვითმმართველობებმა არასანდო და მათდამი არაკეთილგანწყობილი მასწავლებლები და არამხოლოდ მასწავლებლები, კანდიდატები დაბლოკეს ამ პროცესიდან", — გვეუბნება მანანა.
განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ელოდა, რომ დირექტორად არ დანიშნავდნენ და სამინისტროსთან გეგმის წარდგენის ეტაპზე დაბლოკავდნენ, მაგრამ არ ელოდა, თუ სერტიფიკატსაც არ მისცემდნენ. მისი თქმით, კანდიდატებისთვის უცნობი იყო რა კრიტერიუმებით შეაფასეს გასაუბრებისას და მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, როცა სამინისტროს მიმართეს.
ასე გამოიყურება იმ 6 კრიტერიუმის ჩამონათვალი, რომელიც სამინისტრომ დირექტორობის მსურველებს კითხვების პასუხად გაუგზავნა.
მანანა გვიყვება, რომ მასწავლებლობის განმავლობაში არ ჰქონია სიტუაცია, როცა პოლიტიკური ნიშნით დაბლოკეს. მისი აზრით, მასწავლებლებს არ მიიჩნევენ ისეთ ძალად, რომელსაც საზოგადოების რაღაც ნაწილზე გავლენა ექნება და მიზანი დირექტორების გაკონტროლებაა. დირექტორების არჩევის პროცესში პოლიტიკურ ჩართულობაზეც გვესაუბრა, თუმცა პასუხისმგებელი პირების სახელები არ გაამხილა.
"იყო ასეთი საუბარიც თანამდებობის პირებისგან, სახელს და გვარს ვერ დავასახელებთ, რომ ჩვენ უნდა დავადასტუროთ ეს სიები. მართლა არ ველოდი ამ ფაქტს, მერიაში რატომ უნდა გადაეხედათ. პასუხი იყო ასეთი — აბა ვინ წყვეტსო. შენო, შენი აქტიურობით, თუნდაც ოპოზიციურ არხებზე გამოჩენით და აქტიურობით, შენი თავი უკან გასწიე და შესაბამისად, ვერ მიიღებთ იმ სტატუსს, რასაც ელოდებიო", — გვეუბნება ის და განმარტავს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერებას უფრთხის არა პირადი ინტერესიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ რომ სხვა ადამიანებსაც არ შეუქმნას საფრთხე და დისკომფორტი.
ჰყვება, რომ თავიდან სკეპტიკურად არ იყო განწყობილი, მაგრამ რადგან გასაუბრების პროცესების გამოცხადება გაიწელა და მერიის წარმომადგენელმა მსგავსი რამ უთხრა, კომისიის ერთ-ერთ წევრს, ნაცნობს ხუმრობით ჰკითხა: "რით ვერ მოიკვლიეთ ჩვენი პოლიტიკური წარსული-მეთქი და მითხრა, შენ თუ ასე ფიქრობ, რომ ჩვენ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ვაფასებთ კანდიდატებს, მაშინ საერთოდ რისი იმედი გაქვსო".
მანანა ხაზს უსვამს, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და უბრალოდ აქტიური მოქალაქეა, რომელიც თავის პოზიციას აფიქსირებს. ასევე, განმარტავს, რომ მარტის აქციების შემდეგ პირადად არავის უთქვამს, რომ უკმაყოფილო იყვნენ მისი აქტივობით, მაგრამ ამას დამოკიდებულებებში გრძნობდა.
მოკლედ დირექტორთა სასერტიფიკაციო კონკურსზე
2020 წელს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და 2 წლის შემდეგ განახლდა. სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავდა.
დირექტორობის მსურველი 3 200-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) შესარჩევი კონკურსი შეისწავლა და განაცხადა, რომ საჯარო სკოლების 81,6 %-ში არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდებოდა.
კანდიდატს უფლება ჰქონდა, მისთვის სასურველი არაუმეტეს სამი სკოლა შეერჩია და პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინა. CCIIR-მა სამივე პრიორიტეტული არჩევანის შედეგები შეაჯამა და განმარტა, რომ 2074 სკოლიდან 798-ში დირექტორობის არცერთი სერტიფიცირებული კანდიდატი არ დარეგისტრირებულა. მათი განცხადებით, 894 სკოლაში, ანუ 43,1%-ში, მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა კონკურენციას, შეჯიბრებითობას და არჩევნების შესაძლებლობას.
სამართლიანი არჩევნების მონაცემებით, გამოცდაზე არ გამოცხადდა 1 366 პირი. ტესტირება წარმატებით გაიარა 755-მა. გასაუბრების ეტაპი 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, ის 160-მა აპლიკანტმა ვერ გადალახა. მათგან 27-მა ISFED-ს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა.
სერტიფიცირების პროცესი 8 ივნისს დასრულდა. სამინისტროს მონაცემებით, აპლიკანტთა 76%-მა ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა.
ამ დოკუმენტში განმარტებულია, რას გულისხმობს კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლითაც კანდიდატები შეაფასეს. გასაუბრებისას, რომელთა ნაწილი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, დირექტორობის მსურველები ამდენი მიმართულებით უნდა შეეფასებინათ. სწორედ ამიტომ უჩნდებათ მათ ეჭვი, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და არა დამსახურებაზე დაფუძნებული.
რას ამბობენ ამ პროცესში ჩართული სხვა მასწავლებლები
ჩვენ კონკურსში მონაწილე კიდევ 5 მასწავლებელს ვესაუბრეთ. მათგანს 2-ს საჯაროდ, 3-ს ანონიმურად. ანონიმურობის მიზეზი ამ შემთხვევაშიც სკოლიდან დათხოვნის ან პოლიტიკური ზეწოლის შიში, ასევე, პირადი ან ახლობლების იმიჯის დაზიანებაა. როგორც მასწავლებლებმა განგვიცხადეს, სამინისტროს გადაწყვეტილებას პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებას, მათ შორის, რუსულ კანონზე პროტესტს უკავშირებენ.
თბილისსა და ჩოხატაურში დასაქმებული მასწავლებლები, მაია ეკალაძე და ლელა მაღულარია ფიქრობენ, რომ მარტის აქციებში მონაწილეობა შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ არა მთავარი. მასწავლებლების აზრით, კრიტიკული პოზიციების გამო "სანდო კადრად" არ განიხილებიან.
ლელა ამბობს, პირდაპირი ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ქვეყანში რუსების შემოდინებაზე და რუსულ კანონზე მისი კრიტიკული პოზიციების გამო, შესაძლოა, ზემდგომებისთვის "სანდო კადრად" არ განიხილებოდეს. კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ გასაუბრების ვერგავლა რაიმე სახით პოლიტიკური დისკრიმინაცია იყო, გვეუბნება: "დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთ შეიძლება იყოს ეს მიმართულება, რაღაცა დოზით შეიძლება იყოს".
ჩვენთან საუბრისას მაია ამბობს, რომ დავალებებს არ აძლევენ და არ მოუწოდებენ რა დაწეროს ფეისბუქზე და რა არა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ზოგადად ასე არ ხდება, არამედ იმიტომ რომ პირადად მას კარგად იცნობენ. ჩვენს კითხვაზე, რატომ გაუსვა საუბრისას ხაზი სტატუსის გამო შენიშვნას და სმენია თუ არა ასეთ შემთხვევებზე, ამბობს: "მსმენია კი არა, პირდაპირ ლაპარაკობენ მასწავლებლები ამაზე ჩემთან".
ჩვენთან მასწავლებლებმა და არამხოლოდ მათ, სხვა უწყებებში დასაქმებულებმაც თქვეს, რომ იციან ფეისბუქპოსტების კონტროლის შესახებ. ზოგიერთი გვეუბნება, რომ ამას ყურადღებას არ აქცევენ და მაინც იმას პოსტავენ, რაც უნდათ, ინარჩუნებენ კრიტიკულობას მთავრობისა და სამინისტროს მიმართ. თუმცა, ნაწილი ამას პირადი სივრცის კონტროლად აღიქვამს და მათთვის დამატებით სტრესს უკავშირდება — ყოველთვის აქვთ მოლოდინი, რომ აზრის გამოხატვის გამო შენიშვნას მიიღებენ.
სამწუხაროდ, ამ თემაზე ღიად საუბარს ყველა ვერ ახერხებს. სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა ანონიმურად დაგვიდასტურეს, რომ პოსტების გამო შენიშვნა არაერთხელ მიუღიათ.
ჩვენი ანონიმური რესპონდენტები, პირობითად თაკო, მარიამი და თათია, რომლებიც ქვემო ქართლის, კახეთის და თბილისის სკოლებში მუშაობენ, იმ მასწავლებლებს შორის არიან, ვინც დირექტორობის კონკურსზე გასაუბრება ვერ გაიარეს.
"სკოლებში სადაც ვმუშაობდი, პირდაპირ არ ყოფილა მითითება [პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვაზე], მაგრამ როდესაც საქმე მიდგება რაიმე წინსვლაზე, თანამდებობის დაკავებაზე, მაშინ ჩნდება ეს პრობლემები. ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში ან სასწავლო პროცესში რომ ვინმე მოვიდეს, მითხრეს ან დამავალოს, მსგავსი რამ ნამდვილად არ ხდება. მაგრამ ასეთ სიტუაციებში, როცა კონკურსებია, რაიმე თანამდებობის დაკავებაზე მიდის საქმე ყოველთვის დაბრკოლება იქმნება ხოლმე", — გვიყვება თაკო.
ერთ-ერთ მაგალითად იმას ასახელებს, რომ დამატებითი საათების დაგროვებაში შეუშალეს ხელი და სასწავლო ნაწილს ათქმევინეს, რომ სამინისტრომ დირექტორს მისი გათავისუფლება მოსთხოვა.
"მე მაშინ ეს სერიოზულად არ ჩათვალე და ამაზე მაგრად ვიხალისე. რეალურად, არ ვარ ის ადამიანი, ვინც შეიძლება სისტემამ მარტივად დაჩაგროს და ზეგავლენა მოახდინოს და მაშინ რასაც ვითხოვდი, დაკმაყოფილდა ის მოთხოვნები. თუმცა ახლა და ახლა რომ ვაკვირდები ამ სიტუაციას, შეიძლება, მთლად მოგონილიც არ იყო. მაშინ მე დირექტორის ფანტაზიას მივაწერე ეს ყველაფერი და მათ ბინძურ ხრიკებს, თუმცა შეიძლება ამაშიც ყოფილიყო სიმართლის მარცვალი", — ამბობს ის.
ფიქრობს, რომ უწყებას მისი პიროვნება აქვს შესწავლილი და იცის, კანდიდატებს რა ხედვები და გემოვნება აქვთ. ამიტომ მარტის აქციებში მისი მონაწილეობა ერთ-ერთი ფაქტორი ჰგონია, რომლის გამოც დაიწუნეს.
იხსენებს, რომ გასაუბრება 7-8 წუთი გაგრძელდა და სულ 2 კითხვა დაუსვეს — რატომ უნდა დირექტორობა და კარგი სკოლის კონკურსისთვის რა კრიტერიუმებს დაადგენდა.
"რეალურად ეს კომისია არაფერს არაფერს არ წყვეტს, ჩემი აზრით, მე ასე მგონია. კომისია გასცემს რეკომენდაციებს აპლიკანტებზე და შემდეგ სამინისტრო იმ ბრძანებაში სვამს იმ აპლიკანტებს, რომლებიც მათ აწყობს", — ფიქრობს თაკო.
პოსტებს რომ აქტიურად ადევნებენ თვალს, ეს მისი ისტორიითაც დასტურდება. გვესაუბრა ისეთ შემხვევებზეც, როცა სკოლის ადმინისტრაციას, მისი პოსტი შეუცხადებია: "მაგალითად, როცა გამიკრიტიკებია განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი, კონკრეტული აქციის შესახებ დამიწერია პოსტი, უთქვამთ — ვაიმე, რატომ წერ, პრობლემები არ შეგექმნას. ან გაგრძნობინებენ, რომ არ ესიამოვნათ".
მარიამი იხსენებს, რომ მარტის აქციებთან დაკავშირებული ფოტოს გაზიარებისას შენიშვნა ზემდგომისგან არა, უშუალო კოლეგისგან მიიღო, რომელზეც ამბობს, რომ ქართული ოცნების კოორდინატორია. მისი თქმით, ეს აქციების დასრულების შემდეგ მოხდა, როცა სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა.
იხსენებს, რომ არაოფიციალური საუბრები ჰქონდათ და აქციებს განიხილავდნენ, როცა კოლეგამ ირონიულად უთხრა, ჯობდა თავი დაენებებინა ასეთი ხალხის მხარდაჭერაზე, რომ "სადმე წინ არ დახვედროდა".
მარტიდან მისი ყოველდღიურობა უფრო დაძაბული გახდა. ფიქრობს, რომ სადაც კოლეგამ სცადა მისი დაშინება განსხვავებული აზრის გამო, უფრო მძაფრი ნაბიჯები შეიძლება გადადგას დირექციამ, ან რესურსცენტრმა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საჯაროდ საუბარი არ უნდა. ამბობს, რომ უკვე ეშინია, რომ ყველაფერს მის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) იურისტი ლელა ხათრიძე განგვიმარტავს, რომ დიდი ხანია მუშაობენ სკოლების პოლიტიზების პრობლემაზე. 2022 წელს ორგანიზაციამ მამხილებლის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიწოდებულ ფაილებზე დაყრდნობით კვლევაც მოამზადა, სადაც გამოიკვეთა, რომ სკოლები მთელი ამ პოლიტიზების პროცესის სამიზნეა და ხელისუფლება უყურებს, როგორც ერთგვარ საარჩევნო რესურსს.
"ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტული ადამიანების გვერდით წერია, რომ არის კარგი მასწავლებელი, კარგი დირექტორი, აქვს ძალიან დადებითი შეფასებები, მაგრამ პარტიის, სუს-ს რეკომენდაციებში მითითებულია, რომ არ უნდა გაეწიოს რეკომენდაცია იმიტომ, რომ წინა არჩევნების დროს მხარს უჭერდა სხვა პარტიას. ამ ფაილებმა უბრალოდ აჩვენა დადასტურებული და თვალსაჩინოდ ის, რაზეც მანამდე არაერთ ადამიანი საუბრობდა", — განმარტავს ის.
- კვლევის დეტალურად ნახვა შეგიძლიათ აქ.
რაც შეეხება დირექტორებთან გასაუბრებებს, ხათრიძის თქმით არის ვარაუდი, რომ პროცესების დასრულების შემდეგ, კანდიდატები გაცხრილვას დაექვემდებარნენ რაიმე პარტიული ან პოლიტიკური ნიშნით.
"მაგალითად, მათზე მოგროვდა და გაიგზავნა დახასიათებები ადგილობრივ თვითმმართველობებში, მერის ან მერიის წარმომადგენლის მიერ — როგორ ხასიათდებოდნენ ეს ადამიანები, პოლიტიკურად რამდენად სანდო იყვნენ, კავშირი ხომ არ ჰქოდნათ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან და ასე შემდეგ. ხანდახან დაწუნებისათვის საჭიროც არ არის, რომ ადამიანი რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან აფილირდებოდეს ან მისი ოჯახის წევრი იყოს რომელიმე პარტიის წევრი. დაწუნების კრიტერიუმი შეიძლება იყოს, რომ საკმარისად სანდოდ არ მიიჩნევა, საკმარისად მათიანი არ არის", — აცხადებს იურისტი.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური განზომილების გარდა, პროცესში იყო პროცედურული პრობლემებიც და კანდიდატები კრიტერიუმებზე ინფორმირებული არ იყვნენ, რომ შესაბამისად მომზადებულიყვნენ. ასევე, იურისტი განმარტავს, რომ გასაუბრებები იყო ძალიან ხანმოკლე და ამ კრიტერიუმების საფუძველზე ვერ მოხდებოდა შეფასება.
ბოლო სიახლეები
პოლიტიკური ნიშნით მასწავლებლებისა და დირექტორების შესაძლო დისკრიმინაციას მაისის შემდეგ ვსწავლობდით. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში დირექტორების შეფასებაც დასრულდა და როგორც პროცესში ჩართულმა პირებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდაც დაიწყეს იმის განხილვა, რომ პროცესი პოლიტიზებული იყო.
კერძოდ, 5 ოქტომბერს სამინისტრომ ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების და სკოლების სია გამოაქვეყნა. საიდანაც გავიგეთ, რომ თბილისის, იმერეთის, აჭარის, გურიის, კახეთის და სხვა არაერთი რაიონის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს ერთადერთი კანდიდატი წარუდგინეს. ანუ მათ დირექტორის არჩევის საშუალება არ აქვთ.
განათლების კოალიცია განმარტავს, რომ 1 409 სერტიფიცირებული კანდიდატიდან, სამინისტრომ სკოლებს მხოლოდ 927 დირექტორი წარუდგინა. მათი შეფასებით, მთელი პროცესი უამრავ ეჭვს იწვევდა და არ იყო უზრუნველყოფილი მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა. ისინი მოუწოდებენ სამინისტროს, შეცვალოს გადაწყვეტილება და წარადგინოს ყველა სერტიფიცირებული კანდიდატი.
იმავე დღეს სამინისტროს გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები კონკურსის არასამართლიანობაზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ, რომ ერთი კანდიდატი სამეურვეო საბჭოს არა დემოკრატიულად შერჩევის, არამედ სამინისტროს სასურველი პირის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. ჩხოროწყუს და ოზურგეთის სკოლებში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.
ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ხედავდა რა პროცესები მიდიოდა ქვეყანაში, "ხელისუფლებისთვის ტესტის ჩატარება უნდოდა" და სხვა სკოლაში დარეგისტრირდა კანდიდატად, მაგრამ არ დანიშნეს იმის გამო, რომ "მის მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ". ისაუბრა პოლიტიკურ ზეწოლაზეც.
"ნებისმიერ დირექტორს გაესაუბრეთ თქვენ, თუ არჩევნების წინ არ იბარებდნენ და არ ავალებდნენ მასწავლებლებთან და მშობლებთან ემუშავათ. მე ეს არასდროს გამიკეთებია", — განაცხადა მან სკოლაში მიმდინარე პროტესტის ფონზე.
ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბათუმელების სტატია: "დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი" – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში
12 ოქტომბერს დირექტორობის მსურველთა საინიციატივო ჯგუფმა სამინისტროსაც მიმართა და განმარტებები მოითხოვა. მათი განცხადებით, ჯერ აქციებს არ მართავენ, თუმცა, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, შიმშილობასაც განიხილავენ.
სხვა გზები მასწავლებლების "მოსათოკად"
მასწავლებლები ამბობენ, რომ სამინისტროს ხელში ურჩების დასჯის ბერკეტი მხოლოდ გამოცდები არ ყოფილა. ქობულეთის სკოლის პედაგოგი, ანონიმური წყარო, პირობითად ნინო, გვიყვება, რომ დირექტორი მისთვის არასასურველ კადრებს სხვადასხვა კონკურსის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.
ნინოს თქმით, ეს დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ რუსული კანონის აქციებში მისი ჩართულობის შემდეგ პირველად მოისმინა მიზეზი. დირექტორის ციტირებით ეს ფრაზა გვითხრა: "ისეთ აქციებზე დარბიხარ, შენ მაინც არ გეცლებოდა და ვინც იმსახურებს იმას ვუთხარი".
ნინოს ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ მის აქტივობებს აკონტროლებენ, რადგან აქციაზე ერთი დღით ბათუმში იყო ჩასული და არც ფოტოები გადაუღია, რომ ამის შესახებ ვინმეს სცოდნოდა. იხსენებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდა ადგილობრივი მედიების ფოტოებს, რომ თავი ამოეცნო. ამიტომ ვერ ხვდება, საიდან გაიგო დირექტორმა.
ჩვენს მოსმენილ ისტორიებში იყო რამდენიმე ისეთიც, რომელშიც მასწავლებლები ამბობდნენ, რომ სკოლაში დაძაბულ და კონფლიქტური ურთიერთობები უფრო გაღრმავდა.
მაგალითად, მუსიკის მასწავლებელი, პირობითად, ნათია ამბობს, რომ მარტის შემდეგ სასწავლო ნაწილი სამასწავლებლოში იკეტებოდა იმ მასწავლებლებთან ერთად, ვინც ღიად უჭერს მხარს ქართულ ოცნებას. გარეთ კი კრიტიკულად განწყობილები რჩებოდნენ. ეს დამოკიდებულება პოლიტიკურ პოლარიზაციას ზრდიდა სკოლაში, სადაც ამის ადგილი საერთოდ არ არის.
სამწუხაროდ, ეს ისტორიები საჯაროდ ვერ და არ გაგვიზიარეს. ყველას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ მოსალოდნელ დევნას უკავშირდება. ზოგი მედიას არ ენდობა, ზოგი ჟურნალისტიკის ძალას და არ აქვს მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება. ზოგს არჩევნების მოახლოება ედარდება და არ უნდა, კრიტიკული ან ოპოზიციური შინაარსის მასალებთან დააკავშირონ. ზოგი ამბობს, რომ წლებია ასე ხდება, მიჩვეულია და ზუსტად იცის, რომ არაფერი შეიცვლება. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, რომ ურჩევნია ჩუმად იყოს, ბავშვებს ასწავლოს, რადგან არ უნდა ია კერზაიას ბედი გაიზიაროს.
[ია კერზაია ზუგდიდის სკოლის დირექტორი იყო. ის ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. ოჯახის წევრების განცხადებით, ინსპექტირებისას კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.]
აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომლებმაც ზეწოლის ფაქტები არ დაგვიდასტურეს არამხოლოდ რუსული კანონის შემდეგ, არამედ ზოგადადაც.
მასწავლებლების პრეტენზიებზე და გასაუბრების პროცესში არსებულ ხარვეზებზე პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროსთან კომუნიკაცია არაერთხელ ვცადეთ. თავიდან სატელეფონო ზარებზე არ გვპასუხობდნენ. შემდეგ პრესსამსახურის 2 სხვადასხვა თანამშრომელს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, მოეცათ საშუალება, მათი წარმომადგენელი ჩაგვეწერა. ერთ-ერთი შემთხვევისას პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მინისტრის ბრიფინგისთვის ემზადებოდნენ და ამის შემდეგ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა ასე არ მომხდარა. ჩვენი მხრიდან კომუნიკაციის მცდელობები კი, როგორც შეტყობინებები, ასევე სატელეფონო ზარები, უპასუხოდ დატოვეს.
მომდევნო დღეებში ჩვენ ისევ ვცადეთ სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელთან კავშირი — ისევ ავუხსენით რაზე იქნებოდა მასალა და შევთავაზეთ, საპასუხო სივრცის დათმობა. პირობა მივიღეთ, რომ შეეცდებოდნენ შესაბამის პირებთან კომუნიკაციას, თუმცა არავინ დაგვკავშირებია. On.ge მზადაა, პასუხის მიღების შემთხვევაში, სამინისტროს პოზიცია ამ მასალაშივე ასახოს.
ამ მასალაზე მუშაობისას ჩვენ ისიც შევისწავლეთ, რა ხდებოდა მარტის აქციების შემდეგ საჯარო უწყებებში — იქ დასაქმებულებმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტების გამო მიღებულ შენიშვნებზე და სამსახურიდან გათავისუფლებაზე გვიამბეს. ვისაუბრეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც — მათ გვითხრეს, რომ რესურცენტრებიდან დირექტორებზე ზეწოლა მიმდინარეობს და მარტის შემდეგ NGO-ებთან ურთიერთობების უკრძალავენ ან ხელოვნურად აბრკოლებენ.
- ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში: როგორ დაუპირისპირდა ხელისუფლება რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს
ამას ერთვის პასუხისმგებელი უწყებების დუმილი და განათლების სექტორის კონტროლის წარსული გამოცდილება, რაც გვარწმუნებს, რომ მმართველმა გუნდმა მარტის აქციები უპასუხოდ არ დატოვა.
თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დაშინების და ზეწოლის გარდა, ხელისუფლებამ სხვა ტაქტიკა — "გულის მოგებაც" სცადა. მაგალითად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებები გაუნულდათ. ეს პრემიერმინისტრმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სკანდალში გაეხვა იმის გამო, რომ თავისი შვილი საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
არასამთავრობოები და სამოქალაქო აქტივისტები მიუთითებენ იმაზეც, რომ მთავრობის დაორგანიზებული მრავალმილიონიანი კონცერტები მარტის აქციების შემდეგ სწორედ ახალგაზრდებისა და სტუდენტების გულის მოსაგებად ჩატარდა.
რამდენიმე თვეში აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება. ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაზე რთული სიტუაცია სკოლებში სწორედ ამ დროს იქნება, როცა ხმების მობილიზებისთვის დირექტორებსა და მასწავლებლებზე ზეწოლა გაძლიერდება. ამის წინასწარ ეშინიათ და ურჩევნიათ იქამდე "ჩუმად" იყვნენ".
კომენტარები