როგორ დაუპირისპირდა ხელისუფლება რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

ბოლო თვეების განმავლობაში ვსწავლობდით, ხორციელდებოდა თუ არა ზეწოლა მასწავლებლებსა და დირექტორებზე მარტის აქციების შემდეგ. მასალის მზადების პროცესში 40-მდე ადამიანთან ვისაუბრეთ. მათგან 28 განათლების სექტორშია დასაქმებული.

ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის შემდეგ მათზე ზეწოლა გაიზარდა. ისინი გვესაუბრნენ, პოლიტიკური შეხედულებების გამო კარიერაში დაბრკოლების შექმნაზე, დირექტორის გამოცდაში ჩაჭრაზე, დაშინებასა და ფეისბუქპოსტების კონტროლზე.

ამ მასალაზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ მარტის აქციების შემდეგ სამიზნე გახდნენ არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ საჯარო უწებებში დასაქმებული პირები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კანონის გარეშე დაიწყო ის, რაც ამ კანონს უნდა გაეკეთებინა.

ხელოვნური დაბრკოლებები

ჩვენ რეგიონებში მომუშავე 10-მდე NGO-სთან გადავამოწმეთ, ექმნებათ თუ არა მარტის შემდეგ პრობლემები საჯარო სკოლებთან და დირექტორებთან კომუნიკაციისას.

  • ყველამ გვითხრა, რომ პროექტების განხორციელებისას, პროცედურულ დაბრკოლებებს ახლა უფრო ხშირად აწყდებიან, ვიდრე აქამდე.
  • მათი ინფორმაციით, სამინისტრო და რესურსცენტრები ზეწოლას ახდენდნენ დირექტორებზე და არასამთავრობოებთან თანამრომლობას უკრძალავენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თემები ევროინტეგრაციას ან ისეთ საკითხებს უკავშირდება, რაზეც საზოგადოებაში პროტესტია.
  • ამ თემაზე საჯარო კომენტარი 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოგვცა, 1 კი ანონიმურად გვესაუბრა.

თეო დალაქიშვილი ორგანიზაცია კომლის დამფუძნებელია. ეს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად კასპის მუნიციპალიტეტში მუშაობს. მათი მთავარი მიზანი, ადგილობრივი თემის გააქტიურება და და გაძლიერებაა. თეო და მისი გუნდი მარტის აქციებში აქტიურად იყვნენ ჩართული.

თეო დალაქიშვილი

თეო დალაქიშვილი

აქციებამდე ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სკოლებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე გვეუსაუბრება. იხსენებს, რომ მერიასთან ერთად შექმნეს ახალგაზრდული საბჭო, შეხვედრებს ატარებდნენ სკოლებში, რადგან არ ჰქონდათ მათი სივრცე და დირექტორები ეხმარებოდნენ ინფორმაციის გავრცელებაში.

"იმდენად იდეალურად იყო ყველაფერი, რომ ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ჩვენი კომუნიკაცია იქამდე და მერე", — ამბობს დალაქიშვილი და ამატებს, რომ აქციებამდე პროექტის განსახორციელებლად განათლების სამინისტროს წერილი და დირექტორის თანხმობა საკმარისი იყო.

ასე გამოიყურება უწყების გაცემული წერილი, რომელზეც სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც გვიამბეს. მიუხედავად, იმისა რომ განცხადებაში აღნიშნულია, სკოლა თავად არის უფლებამოსილი მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, დირექტორები ორგანიზაციებს ამ დოკუმენტს მაინც სთხოვენ, რომ სამომავლოდ სამინისტროსთან "თავი იმართლონ" და პრობლემები აირიდონ.

დალაქიშვილი ამბობს, რომ სიტუაცია რუსული კანონი დაინიცირების შემდეგ შეიცვალა და მათთან მიმართებაში "კომუნიკაცია აბსოლუტურად ამოტრიალდა". მისი თქმით, ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ-ერთ სკოლაში, რომელთანაც მანამდეც თანამშრომლობდნენ ღონისძიების ჩატარება გაუპრობლემეს და დირექციიდან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, რაზე იქნებოდა, ვინ ატარებდა და აფინანსებდა. მისივე თქმით, მალევე მსგავსი დაინტერესება მერიის წარმომადგენლებმაც გამოხატეს და დაიწყეს იმის კონტროლი, ვინ მიდიოდა ღონისძიებაზე და რა თემებს ეხებოდნენ.

მასწავლებლები, ვისთანაც შედარებით არაფორმალური და კარგი ურთიერთობა გვქონდა, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ მოვიდა მესიჯები, სკოლებს აღარ ეთანამშრომლათ NGO-ებთან.

თეო დალაქიშვილი

"იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან ისე პანიკით, უკვე შეთანხმებულ ღონისძიებაზე გვქონდა პრობლემა. ეს იყო აპრილში ან მაისში, უკვე შეთანხმებულ, დალაგებულ ოთხკვირიან პროექტზე სკოლის დირექტორმა დაგვირეკა ღამის 12-ზე, სრულიად პანიკაში იყო, რომ თქვენ თუ მოხვალთ, პრობლემები შემექმნება, შეიძლება გამაგდონო.

ძალიან პანიკაში იყო, არ ვიცი, შეიძლება ეს ადამიანი აჭარბებდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ როდესაც მიაწოდა ინფორმაცია რესურსცენტრს, უთხრეს, არ გაბედოთ შემოშვებაო. მაგრამ მერე, როდესაც ჩვენ პირდაპირ გავუგზავნეთ ეს წერილი, იმიტომ, რომ ჩვენ სამინისტროდან ეს წერილი გვქონდა წელიწადნახევრიან პროექტზე, ფიზიკურად უარი ვეღარ გვითხრეს, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გადაამოწმეს, რას ეხება, პოლიტიკაზე ხომ არ ისაუბრებთ, ევროკავშირზე ხომ არ ისაუბრეთო" — ამბობს თეო.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სკოლაში ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს, მერის მოადგილემ, ზურაბ კოპაძემ დაიბარა მათი თანამშრომელი და უთხრა "თუ კიდევ გაბედავთ ამაზე შეხვედრის ჩატარებას, სივრცეებში აღარ შემოგიშვებთ საერთოდო".

დეტალების დასაზუსტებლად კასპის მერის მოადგილეს, ზურაბ კოპაძეს დავუკავშირდით. მას შემდეგ რაც ავუხსენით, რომ განათლების სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე მასალას ვამზადებდით და ამაზე გვინდოდა მისი ჩაწერა, გვითხრა, რომ საჭესთან იყო და 1 საათში დავკავშირებოდი. ამ დროის გასვლის შემდეგ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, შეტყობინებით გვამცნო, რომ შეხვედრაზე იყო და ითხოვა მიგვეწერა, რაზე გვინდოდა გასაუბრება.

ზურაბ კოპაძე

ზურაბ კოპაძე

"დარწმუნებით გეტყვით, რომ მცდარი ინფორმაციაა. პირიქით, ვთანამშრომლობთ ყველა უწყებასთან და ორგანიზაციასთან", — გვიპასუხა შეტყობინებით კოპაძემ, როცა ავუხსენით, რომ რესპონდენტი მარტის აქციების შემდეგ გართულებულ კომუნიკაციაზე და ამაში მერიის ჩართულობაზე აცხადებდნენ. ამის შემდეგ დამატებითი კითხვებისთვის დაკავშირება შევთავაზეთ, პირობა მოგვცა, მაგრამ არ შეასრულა. ინტერვიუს შესათანხმებლად ორჯერ ოფიციალური წერილით მივმართეთ კასპის რესურსცენტრსაც, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

დეზინფორმაცია და დისკრედიტაცია

მარტის აქციების შემდეგ სკოლებთან თანამშრომლობისას პრობლემები შეექმნათ ამბროლაურშიც. რაჭის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ეთო არსანიძე ამბობს, რომ მათზე დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მოსწავლეებს სქესის შეცვლაზე ელაპარაკებოდნენ, რაც ჰომოფობიური მოტივით აიტაცა ეკლესიამ და ალტინფომ.

ეთოს მტკიცებით, სკოლებიდან 2-მა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ რესურსცენტრის დირექტორმა ადმინისტრაციებს უთხრა, ეს ორგანიზაცია სკოლებში არ შეეშვათ. ამბობს, რომ ამის მიუხედავად პროექტის გაგრძელებაში ხელი ვერ შეუშალეს, რადგან მანამდე ჰქონდათ რესურსცენტრის დირექტორისგან მითებული თანხმობის წერილი. ამ საკითხზე ოფიციალური წერილით ამბროლაურის რესურსცენტრსაც ორჯერ მივმართეთ და პასუხი არც მათგან მიგვიღია.

ეთო არსანიძე

ეთო არსანიძე

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გრანტები გვქონდა ამ სკოლებში გაცემული, ამ გრანტების მიმდინარეობაზე აქტივობებს მაქსიმალურად ვესწრებოდი, ამ ფორმით შესვლაზე პრობლემა არ შეგვქმნია, იმიტომ, რომ თვითონ ბავშვების აქტივობა იყო. თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, მინიმუმ სკოლის სოციალურ ქსელში და სოციალურ გვერდებზე არცერთი აქტივობა არ მოხვედრია", — ამბობს ეთო და ფიქრობს, რომ ამ ფორმით სკოლები სამინისტროსთან პრობლემების არიდებას და მათთან ურთიერთობის დამალვას ცდილობდნენ.

ჩვენ რაჭის 2 სკოლის ფეისგვერდები შევისწავლეთ, რომელთანაც სათემო ორგანიზაცია თანამშრომლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა სიახლეებს აქტიურად აზიარებენ, ამ NGO-ს ღონისძიებებზე ინფორმაცია არ უდევთ.

სკოლების თავშეკავებამდე მიყვანა

ნანა გოგოხია უფლებადამცველია, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ძირითადად სამეგრელოსა და შიდა ქართლში ახალგაზრდებთან და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან მუშაობს, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. დამოკიდებულების ცვლილებას და დაბრკოლებებს ისიც შეეჩეხა.

ნანა გოგოხია

ნანა გოგოხია

მარტის აქციებში მონაწილეობდა. ამბობს, რომ სკოლებთან ურთიერთობაში ცვლილებები მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტმა კანონი გაიწვია. გვესაუბრა შემთხვევაზე, როცა სკოლაში მათი პროექტის ფარგლებში მოხატული კედელი გადაღებეს. სავარაუდოდ, ჰომოფობიური მიზეზით წაშალეს ცისარტყელა და დამალეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ლოგოებიც, რომლებმაც პროექტზე იმუშავეს. მისი თქმით, მიზეზი სკოლაში არ უთქვამთ, მაგრამ სთხოვეს, სიტუაცია არ გაემწვავებინათ, რადგან, შესაძლოა, დირექტორს პრობლემები შეჰქმნოდა.

ჩვენ მოგვაწოდეს სკოლის სტენსილის ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ გამოიყურებოდა ნახატი თავიდან და როგორია ახლა.

ეს ფაქტი ადგილობრივ მედიაშიც გაშუქდა. რადიო ათინათს მერის წარმომადგენელმა და პროექტის კოორდინატორმა დაუდასტურეს, რომ კომპოზიციის დეტალები თავიდანვე შეთანხმებული იყო. მედია წერს, რომ დირექტორმა გადაშლის მიზეზად ადმინისტრაციის და მშობლების გადაწყვეტილება დაუსახელა.

გოგოხია საუბრობს შემთხვევებზეც, როცა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში დირექტორი თავს იკავებდნენ სკოლებში არასამთავრობო ორგანიზაციების შესვლაზე, სავარაუდოდ სამინისტროს ზეწოლის გამო. დასახელებისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ არ სურს მათ პრობლემები შეექმნათ. ჩვენ შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე 2 სკოლის დირექტორთან ვცადეთ კომუნიკაცია.

  • ერთმა კატეგორიული უარი გვითხრა ინტერვიუზე.
  • მეორემ უარი გვითხრა ჩაწერაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ უწყების მხრიდან კონკრეტული პრობლემები არსებობს, თუმცა ამაზე საუბარი არ სურს. მიზეზების შესახებ დამაზუსტებელ კითხვას კი აღარ უპასუხა.

კიდევ ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელი, პირობითად ანა, რადგან მან ანონიმურად დარჩენა არჩია, დაახლოებით 7-8 წელია მუშაობს საჯარო და კერძო სკოლებთან. ამბობს, რომ თავიდან პროექტებს უპრობლემოდ ატარებდნენ, თუმცა მარტის შემდეგ სკოლებთან თანამშრომლობა გართულდა და როგორც წყაროებმა უთხრეს, მიზეზი სამინისტროს მოთხოვნა იყო.

"რამდენიმე დირექტორმა გვითხრა, რომ რესურსცენტრმა გადმოგვცა, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ასეთ შეხვედრებს ვეღარ ვაკეთებთ, ანუ სხვა ორგანიზაციებს სკოლებში ვერ ვუშვებთო.

რესურსცენტრის დირექტორმაც იგივე თქვა, ასეთი წერილი მოვიდა სამინისტროდან, რომ ყველაფერი შეთანხმდეს და მე თვითონ ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებო. ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ სამინისტროში, კონკრეტულ სკოლებში გვინდოდა მისვლა საინფორმაციო შეხვედრისთვის და იქიდან პასუხი მივიღეთ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეხვედრებთან დაკავშირებით იღებს თვითონ სკოლა და არც რესურსცენტრში არის შესათანხმებელი, არც სამინისტროში", — გვიყვება ანა.

ისიც ამბობს, რომ ეს პროცესი და კომუნიკაცია იმდენად გაიწელა, რომ დროში ვერ ჩაეტიენ და პროგრამიდან საინფორმაციო შეხვედრების ნაწილი ამოიღეს. NGO-ების წარმომადგენლებისთვის ეს ხელოვნური დაბრკოლებები მინიშნებაა, რომ სამინისტრომ სკოლების უფრო მკაცრი კონტროლი დაიწყო.

როგორც წინა მასალაში აღვნიშნეთ, განათლების სამინისტროსთვის კითხვების დასმა არაერთხელ ვცადეთ. პრესსამსახურის სხვადასხვა თანამშრომლებთან გვქონდა კომუნიკაცია და შევთავაზეთ საპასუხო სივრცის დათმობა, თუმცა ინტერვიუ არ შედგა. On.ge მზადაა, პასუხის მიღების შემთხვევაში, სამინისტროს პოზიცია ამ სტატიებში ასახოს.

რა ხდებოდა სხვა საჯარო დაწესებულებებში

განსხვავებული მოსაზრების გამო დევნაზე, მარტის აქციების დროს გამოხატული პოზიციების გამო პრობლემების შექმნაზე და პოსტების კონტროლზე სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლებიც საუბრობენ.

მაგალითად, 12 მაისს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, გიორგი შაიშმელაშვილმა საჯაროდ დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს და ივარაუდა, რომ "7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ ეპატია".

გიორგი შაიშმელაშვილი

გიორგი შაიშმელაშვილი

კითხვაზე, რატომ ფიქრობს ასე, გვპასუხობს: "იმ მომენტში დასაბუთებული ვარაუდი მქონდა და მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოუშვეს, სამწუხაროდ ვერცერთი მათგანი ვერ ჩივის, ზოგს ოჯახის წევრები ჰყავს საჯარო სამსახურში დასაქმებული, ზოგს რა და ზოგს რა. გამოშვებულები აქციებზე იყვნენ, სავარაუდოდ, ოპერატიულ ფოტოზე აღმოვჩნდით, რომელიც სამხედრო პოლიციის ხელში აღმოჩნდა".

შაიშმელაშვილი განგვიმარტავს, რომ რეორგანიზაციის მიზეზით დაითხოვეს, რომელიც მხოლოდ ერთ შტატზე, ანუ მისი — დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატზე გამოაცხადეს. ამ ამბის გავრცელების შემდეგ არაერთმა მედიამ, მათ შორის ჩვენც, ვცადეთ თავდაცვის სამინისტროსგან პასუხის მიღება, თუმცა უწყებას ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია.

მარტის აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან წამოსვლაზე რამდენიმე თვის წინ გვესაუბრა შსს-ს ყოფილი თანამშრომელიც. თავდაპირველად ანონიმურ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და გაგვიზიარა, რომ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზზე საჯაროდ ვერ თქვა, რადგან პრობლემებს ერიდებოდა, მაგრამ ზემდგომებმა რუსულ კანონზე მისი საჯარო პოსტები ამოუღეს, განიხილეს და მოუწოდეს, უწყებიდან მშვიდად წასულიყო. ამ საუბრის შემდეგ, დეტალების დასაზუსტებლად ჩვენ ისევ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა კომუნიკაცია არ შედგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზეწოლასა და დისკრიმინაციაზე საჯაროდ ისაუბრა უწყების ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გოგა რაზმაძემაც. მან პირდაპირ დაადანაშაულა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და განაცხადა, რომ მისი დანიშვნის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

"დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში", — წერდა რაზმაძე.

შსს-ის თანამშრომელი ჰყვება, რომ 11 ივლისს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს, სადაც გენინსპექციის უფროსის მოადგილემ 3 საათის განმავლობაში "საქმე ურჩია" გამოთქმული კრიტიკის გამო. საგულისხმო იყო მომენტი, რომელიც რუსულ კანონზე პოსტის გამო კითხვებს ეხებოდა.

ჩემი გენერალურ ინსპექციაში ყოფნის დროს, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მოადგილე დავით მინდიაშვილი საქმეს მირჩევდა სწორედ ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო (რომელსაც მისი განმარტებით თავად ეთანხმებოდა), რაზეც უარყოფითი პოზიცია ჩემს პირად FACEBOOK-ის გვერდზე მქონდა დაფიქსირებული.

წერდა რაზმაძე.

ის მედიასთან დამატებით კომენტარებს არ აკეთებს და ინფორმაციას პირადი ფეისბუქგვერდით ავრცელებს.

ამ ბრალდებებს გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც პოსტს აბსურდი და ტყუილი უწოდა, რომელიც არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება. რაც შეეხება ფეისბუქპოსტების კონტროლს, ამას მინისტრის მოადგილე ეთიკის კოდექსით ხსნის და ამბობს, რომ საქმეებზე, რაზეც უწყება მუშაობს "წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი".


მასალაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს, ისევე, როგორც ორგანიზაციებს, რომლებიც უწყებებთან თანამშრომლობენ მარტის აქციების შემდეგ მდგომარეობა გაურთულდათ. აქვე მნიშნველოვანია ვთქვათ, რომ მათ უმეტესობას მოლოდინი აქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როცა ხელისუფლება საარჩევნო რესურსის მობილიზებას დაიწყებს.

ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ზეწოლის საკითხის შესწავლას. თუ ფლობთ ინფორმაციას და მტკიცებულებებს სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო უწყებებში მსგავსი პრობლემების შესახებ და გსურთ ამაზე საუბარი, დაგვიკავშირდით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

EQAR-ის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ — რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც ჰქონდათ, გამოსწორებულია, რჩება…