ჯაფარიძე, ახალგაზრდული ბანაკი, თსუ-ს სტუდენტები — ხელისუფლების კრიტიკოსებზე თავდასხმების სერია
ბოლო პერიოდში საქართველოში ძალადობრივ ინციდენტთა მთელი სერია განვითარდა, რომლის მიზანსაც ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინება წარმოადგენდა. ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ ოპოზიციის ლიდერს, ახალგაზრდულ ბანაკსა და სტუდენტ მომიტინგეებს.
შაბათს, 17 ივნისს, სტუდენტები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის გაპროტესტებას ცდილობდნენ, ძალადობის სამიზნეები აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე დღეს ოპოზიციური პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების თავმჯდომარეს, ზურა ჯაფარიძეს გორში სცემეს. თავდამსხმელმა თქვა, რომ ჯაფარიძის შეხედულებები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან წინააღმდეგობაში მოდის.
ჯაფარიძე ახალგაზრდულ ბანაკში ლექციის წასაკითხად მიემგზავრებოდა. ბანაკს ასევე დაესხნენ თავს. ბანაკზე თავდასხმა კონსერვატორმა "პოლიტიკოსმა" და ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა მოაწყო.
თავდასხმა სტუდენტებზე თსუ-ში
თსუ-ში დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე სტუდენტმა ირაკლი კობახიძის ლექციის წინ უნივერსიტეტის კიბეებიდან საპროტესტო ბანერების გაშლა სცადა. კობახიძის დაცვამ მათ ხელი შეუშალა.
უნივერსიტეტში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმის ამის შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფი სტუდენტებს თავს.
ინციდენტს წინ უძღოდა თსუ-ს შენობაში სტუდენტების მიერ კობახიძისათვის კიბეზე რუსული რუბლების დაყრა. კობახიძემ აქციის მონაწილეებს "ორიენტაცია არეული ახალგაზრდები" უწოდა. ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდების დისკრედიტაციისათვის ხშირად იყენებენ პოლიტიკურ შეხედულებებსა თუ სექსუალურ ორიენტაციას.
ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარის ცნობით, ახალგაზრდები, რომლებიც შაბათს სტუდენტებს თავს დაესხნენ, კობახიძის ლექციისთვის გამოყოფილი სალექციო დარბაზიდან გამოვიდნენ. არხის თქმით, თავდამსხმელებს შორის ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებიც იყვნენ.
მედიის ცნობით, შეხლა-შემოხლის დროს კიბეზე რამდენიმე ადამიანი დაგორდა, მათგან რამდენიმეს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა
საავადმყოფოში "მთვრალი" პოლიციელი დააკავეს
საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ლუკა შველიძე იყო, რომელიც, მედიის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრია. ის თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
შველიძის თქმით, მას იმავე დღეს საავადმყოფოში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორმა მამაკაცმა მიაკითხა "კითხვების დასასმელად". ერთ-ერთი მამაკაცი შეიარაღებული იყო და შველიძის შეფასებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბიჭმა თქვა, რომ კაცი (მომავალში იდენტიფიცირებული, როგორც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დავით კახნიაშვილი) გაღიზიანდა, როცა შველიძემ მას კითხვები დაუსვა. პოლიციელმა ხელი შარვალში დამალული იარაღისკენ წაიღო და ახალგაზრდას დაემუქრა. მეორე კაცი მაშინვე გაიქცა, როგორც კი შველიძემ ვიდეოს გადაღება დაიწყო.
შველიძის ოჯახმა პოლიციაში დარეკა.
სხვა კადრებში ჩანს, თუ როგორ მიჰყავს პოლიციას პერანგდახეული და დასისხლიანებული კახნიაშვილი.
კადრებში კახნიაშვილს გაშეშებული და არაფხიზელი მზერა აქვს. სამართალდამცავებმა რამდენჯერმე სცადეს, მისთვის ჯერ კიდევ შარვალში მოთავსებული იარაღი წაერთვათ, მაგრამ კახნიაშვილმა მათ არაერთხელ შეუშალა ხელი. მოგვიანებით პატრულის თანამშრომლებმა ზურგს უკან ხელშეკრული კახნიაშვილი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვეს და წაიყვანეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 20 ივნისს შველიძე გამოკითხვაზე დაიბარეს, რათა მისთვის "პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის" შემთხვევაზე კითხვები დაესვათ.უწყების სპიკერმა OC Media-ს განუცხადა, რომ ოთახში მყოფმა სხვა პირებმა პოლიციელებს შველიძის დაკითხვაში ხელი შეუშალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ თსუ-ში მომხდარ ძალადობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თავდასხმა ოპოზიციის ლიდერსა და ახალგაზრდულ ბანაკზე
სხვა თავდასხმების პარალელურად 17 ივნისს კონსერვატიული ჯგუფის საქართველო უპირველეს ყოვლისა წევრები თავს დაესხნენ ბორჯომში არსებულ სასტუმროს, რომელიც ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკს მასპინძლობდა.
კადრებში ჩანს დაჯგუფება, რომელიც შეურაცხმყოფელი მიმართვების თანხლებით სასტუმროს შენობას ქვებს, საღებავსა და კვერცხებს ესვრის. შემთხვევის ადგილზე მაშინვე გაჩნდა პროსამთავრობო ტელეარხი POSTV.
კონსერვატორმა პოლიტიკოსმა ვატო შაქარიშვილმა მოძრაობა საქართველო უპირველეს ყოვლისა შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე დააარსა.
შაქარიშვილი ქართული ოცნებისა და საკრებულოს ყოფილი წევრია. ის ადრე პროსახელისუფლებო მედიაში მუშაობდა. მას ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერ გია გაჩეჩილაძესთან (უცნობი) ერთად კონსერვატიული მოძრაობა "აი იაც" აქვს დაარსებული.
ბანაკზე თავდასხმამდე სამი საათით ადრე ზურა ჯაფარიძეს გორში დაესხნენ თავს. ის ბორჯომში ახალგაზრდული ბანაკის წევრების წინაშე სიტყვით გამოსასვლელად მიდიოდა.
პარტიის წარმომადგენლის თქმით, მათ მანქანას მამაკაცი მიუახლოვდა და კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ როგორ ლაპარაკობს ჯაფარიძე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, შემდგომ კი პოლიტიკოსს სახეში დაარტყა. ჯაფარიძემ თვალის დაზიანება მიიღო.
ინციდენტის დამატებითი დეტალების გასაჯაროების შემდეგ მოძრაობამ საქართველო უპირველეს ყოვლისა მომხდარზე კომენტარი გააკეთა, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ფორმულა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჯაფარიძეზე თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
გორის პოლიციამ ჯაფარიძეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა, შსს-ში კი აცხადებენ, რომ ბორჯომში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ქონების განადგურების მუხლით დაიწყო.
მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჯაფარიძეზე თავდასხმაში რადიკალიზმი და პოლარიზაცია დაადანაშაულა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი აქტი გამოძიებული უნდა იყოს.
"ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, ცდილობენ რადიკალიზმის შემოტანას და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. ეს ძალიან ცუდია. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას", — თქვა კობახიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველმა პირობა დადო, რომ შეისწავლის თავდასხმის შემთხვევებს როგორც ჯაფარიძის, ასევე ახალგაზრდულ ბანაკისა და თსუ-ს სტუდენტების შემთხვევაში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
.
კომენტარები