რა კავშირშია დამოუკიდებელი სასამართლო და ევროინტეგრაცია
საქართველოს მართლმსაჯულების პრობლემები არაერთი წელია განხილვის საგანია. ამ სისტემაში გატარებული თითქმის ყველა რეფორმა, კანონი თუ დანიშვნა, კრიტიკის მიზეზი ხდება.
მაგალითად, 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ამას როგორც მოსამართლეები, ასევე, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ეწინააღმდეგებოდნენ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა მიუთითებდა, რომ ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებაზე, ჩაატაროს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად.
NGO-ები პრეზიდენტს ვეტოსკენ მოუწოდებდნენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა. ევროპარლამენტის შეფასებით, ამ მოვლენებმა ასოცირების ხელშეკრებულების იმპლემენტაციას შეუშალა ხელი.
რამდენიმე თვეში, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარება იყო.
2022 წლის 22 ნოემბერს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ, 4 სხვა პროექტთან ერთად, პარლამენტმა ვენეციის კომისიაში გაგზავნა. კრიტიკული პასუხი 2023 წლის 14 მარტს მოვიდა. კომისიამ მოსაზრება ევროკავშირის 12 პირობის კონტექსტში მოამზადა. დასკვნის მიხედვით:
- ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული წინა რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორპორატივიზმი და პირადი ინტერესები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში;
- მოსამართლეების მივლინება/გადაყვანა;
- მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა და მოსამართლის დამოუკიდებლობის სხვა გარანტიები.
მაისის შუა რიცხვებში საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შუალედური ანგარიში — სტატუსმეტრი — გამოაქვეყნეს, რომელიც სახელმწიფოს მიერ პირობების შესრულების პროცესს აფასებს. გაირკვა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანას ჯერ კიდევ 5 შეუსრულებელი პუნქტი აქვს, ჩამონათვალში სასამართლოს დამოუკიდებლობაც მოხვდა.
აქ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელშიც ვერ მოხვდა უზენაესის და უვადო მოსამართლეების დანიშვნა, რეფორმების ტალღები, კლანის გავლენები, კორუფცია. თუმცა, ეს ზოგადი მიმოხილვაც კი ცხადყოფს, როგორ გვიბრკოლებს მართლმსაჯულების საკითხები ევროინტეგრაციის პროცესს.
ჩვენ უკვე გიამბეთ, რა საჭიროა სამართლიანი და დამოუკიდებელი, გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. ამ სტატიაში კი ექსპერტებთან და იურისტებთან ერთად ვეცდებით გიპასუხოთ, რამხელა როლი აქვს სასამართლოს გამართულად ფუნქციონირებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო სასამართლოს დამოუკიდებლობის გარეშე?
არა! კანონიც მკაფიოდ გვეუბნება, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან!
საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ნანუკა ყრუაშვილი დამოუკიდებელ სასამართლოს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა ინსტიტუციის სათანადო ფუნქციონირება, საბოლოოდ, სასამართლოს გამართულობამდე მიდის. არც ისაა შემთხვევითი, რომ სახელმწიფოს ძალაუფლება სამ შტოზეა გადანაწილებული.
"როცა საფრთხე შეექმნება, თუნდაც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს, სასამართლო უნდა იყოს ის ჯაჭვი და ის პატარა რგოლი, რომელიც ამ პრობლემას მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად გადაწყვეტს", — განმარტავს ყრუაშვილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ანა პაპუაშვილი ამბობს, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს დემოკრატიის მრავალწლიანი გამოცდილება და ჯერ კიდევ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზას გადის, სასამართლო ხელისუფლების მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე კი განმარტავს, რომ სასამართლო დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი და შემოწმების ის მექანიზმია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ძალაუფლების დაბალანსებაში.
"ერთგვარად აბალანსებს სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასე რომ უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნისთვის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა", — ამბობს ის.
გავხდებით ევროკავშირის წევრი თუ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვექნება?
ამ რეკომენდაციების გარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის ვალდებულებას კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს. ამიტომ, რესპოდენტები სასამართლო რეფორმას იმ საკვანძო საკითხად მოიხსენიებენ, რომელზეც ქვეყნის წარმატებული ინტეგრაციის პროცესია დამოკიდებული.
პაპუაშვილის განმარტებით, სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან, მათ შორის, იმ კეთილდღეობასთან, რომლის რეალიზაციასაც ევროკავშირი, როგორც პროექტი ემსახურება. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ სისტემის გამართულობას ეხება და ყველაზე ვრცელი პუნქტიც ესაა. მისივე შეფასებით, შემთხვევითი არ არის ისიც, რომ რეკომენდაციებშია არა მხოლოდ სასამართლო, არამედ მთლიანად მართლმსაჯულებაზეა საუბარი.
"მთელი ეს ჯაჭვი უნდა იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე", — განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ყრუაშვილი აღნიშნავს, ევროპული პრაქტიკის გააზრება იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი სასამართლოს საჭიროება ცხადი გახდეს. მისი თქმით, ის სოციალური პრობლემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, პირდაპირ კავშირშია სასამართლოსთან და მის დამოუკიდებლობასთან, რასაც საზოგადოება, სამწუხაროდ, ვერ აღიქვამს.
"ვერ ხედავენ ხაზს — დღეს რომ ვიღაცას პურის ფული არ აქვს, რატომ არის იმის ბრალი, რომ სასამართლოში არიან კორუმპირებული ან სავარაუდო კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეები. სწორედ აქედან იწყება სისტემის სიჯანსაღე. იქიდან გამომდინარე, რომ კორუფციაა სასამართლოში, ის, რომ ჩვენ კლანი გვყავს, ნიშნავს, რომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც მთელ პოლიტიკურ წესრიგზე, ადამიანის უფლებებზე ახდენს გავლენას", — ამბობს იურისტი.
და მაინც, ასეთი გადამწყვეტია დამოუკიდებელი სასამართლო ევროპულ ოჯახში გაწვრიანებისთვის?
დიახ. EU-ს მითითების გარეშეც სახელმწიფოს თავად უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ამ სტანდარტებს მიაღწიოს.
ყრუაშვილი ტერმინს დამოუკიდებელ სასამართლოს პარადოქსულს უწოდებს, რადგან სასამართლო თავისივე თავში მოიაზრებს დამოუკიდებლობას.
"ძალიან მეეჭვება, რომ EU-ში ან მსგავსი შედარებებითი, ან ზედსართავი სახელებით მოიხსენიებენ საკუთარ სასამართლოს", — ამბობს ის.
ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რადგან წევრი ქვეყნებისთვის მთავარი საზოგადოებრივი და არა მმართველი ან ოპოზიციური პარტიების ინტერესებია. აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოში მოქალაქეები თავს დაცულად არ გრძნობენ, იმას ნიშნავს, რომ ეს დამოუკიდებელი შტო, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს და არ შეაქვს წვლილი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.
როცა ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჩვენ არ გვაქვს, გამოდის, რომ ევროპული ოჯახი ვერ მიგვიღებს. მან დაგვიწესა კონკრეტული სტანდარტი, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ისინი ძალიან დიდი ხანია ერთად არსებობენ, აქვთ გარკვეული წესები და ჩვენ თუ გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა, ამ წესებს უნდა დავემორჩილოთ.
კიდევ გვაქვს რამე პრობლემა?
რესპოდენტებს ვთხოვეთ, შეეფასებინათ, რა პროგრესი გვაქვს მართლმსაჯულების რეკომენდაციის შესრულების პროცესში და რა არის მთავარი გამოწვევა, რომელიც ახლა სახელმწიფოს წინაშე დგას.
ვანო ჩხიკვაძე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება — სავარაუდო კოფურფციისთვის აშშ-ის მიერ 1 ყოფილი და 3 მოქმედი მოსამართლის სანქცირებაზე საუბრობს და სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ამას ხელისუფლებისგან შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია. მისი თქმით, ეს პოლიტიკური ნების არარსებობითა და კლანურობის პრობლემით არის გამოწვეული.
ნანუკა ყრუაშვილი პროცესში ინკლუზიურობის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. გვიყვება, რომ ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, როცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში ისევ განახლდა, საიაც მონაწილეობდა. თუმცა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების მიმართ მმართველ პარტიას არანაირი მიმღებლობა არ აღმოაჩნდა.
"ჩვენ გვქონდა არგუმენტები, ვასაბუთებდით და კითხვებს ვსამდით, რატომ იყო კონკრეტული ცვლილებების გატარება ან არგატარება საჭირო, ან რატომ უარყოფდნენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორიც არის [იუსტიციის უმაღლეს] საბჭოში გადაწყვეტილების მიღება, საბჭოს ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, რასაც ძალიან დიდი ხანია, ვამბობთ. ასევე, საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება, თუმცა, ამაზე საპასუხო დამაჯერებელი არგუმენტები, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ".
მაგალითად მივლინების წესში ცვლილება მოჰყავს. თუ ადრე ამისთვის მოსამართლის თანხმობა იყო საჭირო, ახლა ასე აღაარაა. ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს ვადის ზრდას და მოსამართლის გადაყვანაც ნებისმიერ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. ამბობს, რომ მართველ პარტიას ამ ცვლილებების არგუმენტად სასამართლოს გადატირთულობა მოჰყავს.
ეს საკითხი უკვე დიდი ხანია, რაც NGO-ების კრიტიკის საგანია. ყრუაშვილი განმარტავს, რომ ეს უსაფუძვლო არგუმენტი, რეალურად, იმისთვის გამოიყენება, კლანს შესაძლებლობა ჰქონდეს, მივლინების წესი იმ მოსამართლეების დასასჯელად გამოიყენოს, ვინც მათ იდეებსა და ხედვებს არ ეთანხმება. პრობლემის მოგვარების გზას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასა და რესურსების გაზრდაში ხედავს.
"კანონპროექტი არანაირად არ აუმჯობესებს იმ მდგომარეობას, რაზეც ჩვენ ვწუხვართ — გვყავს სასამართლოში კლანი, არ არის დამოუკიდებელი, არ არის მიუკერძოებელი და მმართველ პარტიასა და სასამართლოს შორის არსებობს შეთანხმება და ეს დაუშვებელია. ანუ ამას ვერანაირად ვერ უმკლავდება და შედეგად, მივიღეთ ის, რომ დღეს გვაქვს კანონპროექტი, რომელიც არის ფრაგმენტული და ვერ ასრულებს 12 რეკომენდაციის სასამართლოს შესახებ პუნქტს".
პაპუაშვილი სასამართლო ხელისუფლებაში — არაფორმალური გავლენებებზე, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფორმალური ძალაუფლების კონცენტრაციაზე აკეთებს აქცენტს.
ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაშიც ამას საკვანძო ადგილი უკავია. კომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა გატაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ არცერთ წუხილზე მმართველი პარტია სათანადო ყურადღებას არ იჩენს და არ დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები ეფექტურად მოაგვაროს.
და ბოლოს, რამე გააკეთა ევროპამ ჩვენი სისტემის გაუმჯობესებისთვის?
რა თქმა უნდა!
ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ ევროკავშირი საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის ოთხივე ტალღისას უჭერდა მხარს. ასევე, სახელმწიფოს როგორც ექსპერტიზით, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც ეხმარებოდა. მეტიც ის დღემდე იღებს ფინანსურ დახმარებას EU-სგან.
ევროკავშირი და აშშ ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას და გვეხმარებოდნენ რომ ეს ინსტიტუცია გაძლიერებულიყო.
ანა პაპუაშვილი მიუთითებს, რომ ევროპული სტრუქტურები საქართველოს რეკომენდაციებითა და დასკვნებითაც ეხმარებოდნენ. ამასთან, როგორც მატერიალურ ისე ინფასტრუქტურულ მხარდაჭერას უცხადებდნენ და ცდილობდნენ, სასამართლო ხელისუფლება რიგითი მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ასევე, აღნიშნავს, რომ ისინი ახლაც მუდმივად მზად არიან თანამშრომლობისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებისთვის, თუმცა პრობლემა ხელისუფლების პოლიტიკური ნების არქონაშია — ის არასდროს ყოფილა იმდენად მკაფიო, რომ ფუნდამენტური ცვლილებები გატარებულიყო.
ნანუკა ყრუაშვილი განმარტავს, რომ მხარდაჭერა მანამდეც იყო, თუმცა ეს უფრო მეტად 2014 წლიდან, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გააქტიურდა და ცალკეული სტრუქტურები მუდმივად ინტენსიურად გასცემდნენ რეკომენდაციებს, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად.
"[შედეგად] სამოქალაქო სექტორსა და მათ ექსპერტიზას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გამოჩნდა, რომ რა სახის ინფორმირებასაც მმართველი პარტია ან სხვა აქტორები ახდენენ, ეს არაა სრული სურათი. მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ანგარიშების გაცნობაც და უფრო ხანგრძლივი შეხვედრები მათთან, რომ რეალური კონტექსტი უფრო კარგად დაინახოს საერთაშოროსო პარტნიორებმა".
ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნები აშშ-სთან ერთად, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პროექტებზე სამოქალაქო სექტორსაც უჭერდნენ მხარს, როგორც ფინანსურად, ისე შინაარსობრივად.
"ამ მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენ უკვე 12 წელია ვაკვირდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას, მონიტორინგს ვუწევთ, გვაქვს რეკომენდაციები, გვყავს კვალიფიციური იურისტები, ანლიტიკოსები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ".
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
კომენტარები