ადამიანს პარაცეტამოლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუყენებია. სხვანაირად მას აცეტამინოფენი ჰქვია და თითქმის ყველაფრის სამკურნალოდ გამოსადეგია. ეს ტკივილგამაყუჩებელი ფართოდ გავრცელებულია, თუმცა მისი მოქმედების პრინციპი მეცნიერებს აქამდე სრულად არ ესმოდათ. ახალი კვლევა ნათელს ჰფენს კითხვას, "საიდან იცის გამაყუჩებელმა, რა გვტკივა და სად უნდა იმოქმედოს".

საერთოდ არაა უჩვეულო, რომ წამლები გამოყენებისთვის დამტკიცდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. კლინიკური ცდების დროს მათი უსაფრთხოება მოწმდება. მკვლევრები ადგენენ, იწვევს თუ არა მედიკამენტის მიღება სერიოზულ გვერდით ეფექტებს და მუშაობს თუ არა სხვა არსებულ მეთოდებთან შედარებით უფრო ეფექტიანად.

პარაცეტამოლი უკვე ას წელზე მეტია რაც არსებობს, თუმცა დიდი დრო დასჭირდა, რომ თავისი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა. ის ხელმისაწვდომია, როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება და როგორც სხვა მედიკამენტების კომპონენტი. პარაცეტამოლი იაფი და ხელმისაწვდომია, ასევე განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც სხვა ტკივილგამაყუჩებლებს ვერ იღებს.

წლების განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ პარაცეტამოლი მხოლოდ პირდაპირ თავის ტვინსა და ზურგის ტვინზე მოქმედებდა. იერუსალიმის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მას გავლენა იმ პერიფერიულ ნერვებზე აქვს, რომლებიც ტკივილს პირველად აღიქვამს.

ფოტო: ChatGPT / NEXT.On.ge

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადგინა, რომ პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებლის მოქმედების მთავარი კომპონენტია მისი მეტაბოლიტი AM404. როდესაც ეს წამალი ორგანიზმში ხვდება, ის ჯერ ღვიძლში 4-ამინოფენოლად გარდაიქმნება. შემდეგ ნივთიერება სისხლის მიმოქცევის საშუალებით სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის ტვინში, ვრცელდება. იქ სპეციალური ფერმენტის, ცხიმოვანი მჟავების ამიდის ჰიდროლაზის (FAAH) დახმარებით, AM404-ად გარდაიქმნება.

წარსულში ბოლომდე ცნობილი არ იყო, ამ პროცესის შედეგად AM404 ტკივილს როგორ ამსუბუქებდა. გაირკვა, რომ ის ნერვის დაბოლოებებშიც წარმოიქმნება. AM404 ნატრიუმის არხებს, რომლებიც ტკივილის სიგნალების ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე გადასატანადაა საჭირო, თიშავს.

"პირველი შემთხვევაა, როცა ვაჩვენეთ, რომ AM404 ტვინის გარეთ, პირდაპირ ნერვებზე მოქმედებს. ამან მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ ებრძვის პარაცეტამოლი ტკივილს", — ამბობს კვლევის ავტორი ალექსანდერ ბინშტოკი.

ეს აღმოჩენა არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტის მექანიზმის საიდუმლოს ხსნის, არამედ, შესაძლოა, ახალი თაობის წამლების შექმნას დაეხმაროს. AM404 მხოლოდ ტკივილის ნერვებზე მოქმედებს, ამიტომ შესაძლებელია, ისეთი ადგილობრივი ანესთეზიის პრეპარატის შექმნა, რომელიც გვერდით მოვლენებს არ გამოიწვევს.

"თუ შევძლებთ AM404-ის საფუძველზე ახალი წამლების შექმნას, შესაძლოა, ისეთი ტკივილგამაყუჩებლები მივიღოთ, რომლებიც ეფექტიანია. ისინი ამავდროულად უფრო უსაფრთხო და მიზანმიმართული იქნება", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა ავი პრიელმა.

კვლევა გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.