"რუბიკონი გადალახულია" — როგორ შეიძინა სიმბოლური მნიშვნელობა ერთმა პატარა მდინარემ

ფოტო: The Boundless School
ალბათ, ერთხელ მაინც გაგიგიათ ფრაზა "რუბიკონი გადალახულია". დაფიქრებულხართ, რა არის რუბიკონი და რატომ იქცა შეუქცევადობის სიმბოლოდ?
ის სულაც არაა ისეთი რამ, რისი გადაკვეთაც შეუძლებელია. ესაა იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთში არსებული პატარა მდინარე, რომელიც აპენინებიდან ადრიატიკისკენ დღესაც მშვიდად მიედინება. ამის მიუხედავად, მისი გადალახვა გადამწყვეტ ნაბიჯს აღნიშნავს, რომლის შემდეგაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა.
ქალაქ ჩეზენასა და რიმინის შუაში მდებარე რუბიკონი დიდი და მჩქეფარე არც წარსულში ყოფილა. მასზე მცირე ზომის ხიდებია გადებული, რომლებიც მდინარის გადასალახად სრულიად საკმარისია. სიმბოლური მნიშვნელობა მას ისტორიამ მიანიჭა, რადგან რომის რესპუბლიკის ბედი სწორედ იქ გადაწყდა და იულიუს კეისრის დიდების დასაწყისის ადგილადაც იქცა.
ძვ. წ. I საუკუნეში რუბიკონი რომის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებსა და გალიის რეგიონს შორის ბუნებრივი გამყოფი ხაზი იყო. გალია დღევანდელი საფრანგეთის დიდ ნაწილს მოიცავდა და იქ კელტური ტომები ცხოვრობდნენ. კეისარმა, როგორც ძალზე წარმატებულმა მხედართმთავარმა, გალიის უდიდესი ნაწილი ძვ. წ. 58-დან 50 წლამდე მიმდინარე სისხლიანი ომებით დაიმორჩილა. მისი თქმით, ამ დაპყრობებს მილიონი ადამიანი შეეწირა, კიდევ იმდენი კი ტყვედ ჩავარდა.
იმდროინდელი კანონებით, მხედართმთავრებს, ანუ იმპერიუმის მქონე პირებს, პროვინციების მართვის უფლება ჰქონდათ, მაგრამ თავად რომში ძალაუფლება მხოლოდ არჩეულ მაგისტრატებს ეკუთვნოდათ. თუ რომელიმე მხედართმთავარი თავის ლეგიონთან ერთად რუბიკონს გადალახავდა და რომისკენ გაემართებოდა, ეს სახელმწიფო ხელისუფლების აშკარა გამოწვევად მიიჩნეოდა და ამბოხად განიხილებოდა.
სწორედ ეს გააკეთა იულიუს კეისარმა ძვ. წ. 49 წლის იანვარში. რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი, ამაზე ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: რომის რესპუბლიკა მაშინ უკვე დაშლის პირას იყო. შიდა დაპირისპირება, კორუფცია, სოციალური უთანასწორობა და პოლიტიკური ქაოსი სახელმწიფო ინსტიტუტებს წლების განმავლობაში ასუსტებდა. პროვინციებში მსახურ ლეგიონერებს საკუთარი სარდლებისადმი უფრო ძლიერი ერთგულება ჰქონდათ, ვიდრე შორეული რომის მიმართ. ამ ვითარებამ კეისარს საშუალება მისცა, ერთგული და გამოცდილი ჯარი ჩამოეყალიბებინა.
კეისარი რუბიკონის გადალახვის საფრთხეს აცნობიერებდა, მაგრამ ამ რისკზე წასასვლელად მზად იყო. მან ამ მომენტში წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც ისტორიაში დარჩა: "კამათელი გაგორებულია" (Alea jacta est), ანუ გადაწყვეტილება მიღებულია და უკან დასახევი გზა მოჭრილია.
კეისარსა და მის ყოფილ მოკავშირე პომპეუსს შორის მოგვიანებით დაწყებულმა სამოქალაქო ომმა რომის ისტორია ძირეულად შეცვალა. იულიუსის გამარჯვებით რესპუბლიკის არსებობა და დემოკრატიული მმართველობა დასრულდა და იმპერიას ჩაეყარა საფუძველი.
ამრიგად, რუბიკონის გადალახვა იმ მომენტის სიმბოლოდ იქცა, როცა ადამიანმა მტკიცედ უნდა გადადგას ნაბიჯი და საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა აიღოს.
კომენტარები