პუტინის დაუოკებელმა აგრესიამ უკრაინიაში მილიონობით ადამიანის ცხოვრება სრულად შეცვალა. მშობლებმა დაკარგეს შვილები, შვილებმა — მშობლები, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, ნათესავები.

რუსული სისასტიკის პირობებში გადარჩენა რთულია, მაგრამ უკრაინელების ნაწილმა ეს შეძლო. მათ ციდან სეტყვასავით წამოსულ ტყვიებს, საარტილერიო დაბომბვებს, ტყვეობას გაუძლეს და ახლა ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობენ.

გადარჩენილების ისტორიები უნიკალურია, თუმცა აერთიანებს მიზეზი — პუტინის ბოროტება და მიზანი — თავისუფლება. ომის სისასტიკეზე ხმამაღლა საუბრობენ, ჟურნალისტებთან და ექიმებთან, რომლებიც ცდილობენ გადარჩენილთა ხმა მთელ მსოფლიოს გააგონონ.

იურა ბუჩადან

ველოსიპედით ჰუმანიტარული დახმარებისა და წამლების მოსატანად მამასთან ერთად წასულ 14 წლის იურა ნეჩიპურენკოს რუსმა ოკუპანტებმა მამა თვალწინ მოუკლეს. იურას ოჯახი პუტინის ომის დაწყებამდე კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ცხოვრობდა. ბიჭი უმამოდ დარჩენილი სამი ძმიდან უმცროსია.

ჩვენ ვუთხარით, რომ უიარაღოდ ვიყავით, მაგრამ რუსმა ჯარისკაცმა სროლა დაგვიწყო

იურა

როგორც 14 წლის იურა იხსენებს, სახლიდან გასულებს უახლესი ქუჩის კუთხეში რუსი ჯარისკაცი დახვდათ, შეჩერდნენ, ხელები აწიეს, მაგრამ ოკუპანტმა კაცს თავში ესროლა, ბიჭი კი ხელში დაჭრა.

ფოტო: NDSL Ohmatdit

იურა მიწაზე დაეცა, რამდენიმე წუთით ასე დარჩა და მხოლოდ მას შემდეგ წამოდგა, როცა ჯარისკაცი წავიდა. მამის მკვლელობის შემსწრე 14 წლის ბიჭი პირველ რიგში უახლოეს თავშესაფარში მივიდა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა და ოჯახს ის ახალი რეალობა შეატყობინა, რომლის წინაშეც პუტინის აგრესიამ დააყენა.

როდესაც ოჯახმა კაცის ცხედარი სახლში მოასვენა, შენიშნეს, რომ მას ხელზე თეთრი სახვევი მოხსნილი ჰქონდა, რაც იმის საჩვენებლად ეკეთა, რომ სამოქალაქო პირი იყო. გარდა ამისა, რუსმა ჯარისკაცებმა მას ტელეფონი, საფულე და სახლის გასაღებიც კი წაართვეს.

იურა დედასთან ერთად

ფოტო: NDSL Ohmatdit

ოჯახს მამის დაკრძალვა თავად მოუწია, იმ სახლის ეზოში, რომელშიც ომამდე მოგონებებს აგროვებდნენ, ახლა კი დატოვეს და ვინ იცის რამდენი ხნით.

"ჩემმა სამმა შვილმა მამა დაკარგა. მივხვდი, რომ იქიდან უნდა წავსულიყავი და ბავშვებიც და საკუთარი თავიც გადამერჩინა რაც შეიძლება მალე. გვითხრეს, რომ 19 მარტს მწვანე დერეფანი მოეწყობოდა. შეხვედრის პუნქტამდე იმ ქუჩას გავდიოდით, სადაც ჩემს ქმარს ესროლეს და ყოველ წამს ვლოცულობდით ჩვენი სიცოცხლისთვის, იქვე გავიგეთ აფეთქებების ხმა. რუსმა მკვლელებმაც გაგვაჩერეს, ჩვენ მზად ვიყავით დავმშვიდობებოდით ჩვენს სიცოცხლეს ნებისმიერ წამს", — ამბობს ალა ნეჩეპურენკო, მსხვერპლის ცოლი.

ოლგა კიევიდან

ოლგა თავის ერთი თვის შვილს აჭმევდა და სწორედ ამ დროს რუსმა ოკუპანტებმა მისი სახლი დაბომბეს. დედა ჩვილს ტანით გადაეფარა და ასე შეძლო მისი გადარჩენა.

მე მხოლოდ ჩემი ქალიშვილის გამოკვება მოვახერხე, შემდეგ დაბომბვა დაიწყო

ოლგა

ოლგას ქმარი, დმიტრო იხსენებს, რომ ღამით ძლიერი სროლის ხმები ესმოდათ და ეს ხმები სულ უფრო უახლოვდებოდა. საბოლოოდ კი, დილით მათი 5-სართულიან შენობა დაიბომბა.

"გარეთ რომ გამოვედი, დავინახე, რომ ჭურვი ჩვენს სახლთან არსებულ საბავშვო ბაღს მოხვდა. ჭერი აღარ ჰქონდა, მიმდებარე სახლებს კი ფანჯრები და კარი აღარ აქვს. შუშის ნაჭრები პირდაპირ ჩვენკენ მოფრინავდა", — ამბობს დმიტრო.

დედის თავგანწირვამ ერთი თვის გოგონა უვნებლად გადაარჩინა. თავად ოლგამ მრავლობითი ჭრილობები მიიღო, მათ შორის თავის არეში, დმიტრო კი ფეხში დაიჭრა.

საშა გოსტომელიდან

9 წლის საშა ოჯახთან ერთად ქალაქიდან გაქცევას და უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც ოკუპანტებმა მამა მოუკლეს, თავად კი ხელში დაჭრეს. ბავშვს მკლავის ამპუტაცია დასჭირდა.

არ ვიცი, რატომ მესროლეს რუსებმა. იმედი მაქვს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და ჩემს დაშავებას არ აპირებდნენ

საშა

როდესაც ოკუპანტებმა საშას ოჯახს ცეცხლი გაუხსნეს, მან დედასთან და დასთან ერთად უახლოეს ბუნკერს შეაფარა თავი. ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანამდე ორი დღე თავშესაფარში იყო და გამუდმებით კარგავდა გონებას ტკივილისგან. საბოლოოდ, ის მოხალისეებმა თეთრი დროშის ფრიალით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში.

"საშასა და მისი ოჯახის ევაკუაციას უამრავი მოხალისის დაუჯერებელი ძალისხმევა დასჭირდა. ის მკურნალობას საზღვარგარეთ გააგრძელებს, თუმცა გულში ჭრილობების შეხორცება გაცილებით რთული იქნება" — წერს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.

ოჯახი ჩერნიგოვიდან

ჩერნიგოვში მცხოვრებ ოჯახს მშობლიური ქალაქის დატოვება არ უნდოდა, თუმცა ყოველი მომდევნო დღე წინაზე უფრო საშიში ხდებოდა. დაბომბილ ქალაქში ერთი თვე გაატარეს. ორ კვირაზე მეტი არ ჰქონდათ გაზი, დენი, წყალი და გათბობა.

"ჩვენ ვისწავლეთ როგორ განვსაზღვროთ დაბომბვის ტიპი მისი ხმით. სახლი ზანზარებდა მუდმივი დაბომბვისგან. ღამეს ან სარდაფში ვატარებდით ან დერეფანში, რადგან ყველაზე უარესი ღამით იწყებოდა", — ამბობს ტატიანა.

როცა ოჯახმა გაქცევა გადაწყვიტა, ქალაქის ყველა მთავარი ხიდი უკვე განადგურებული იყო. მხოლოდ ერთი გზა იყო დარჩენილი, მაგრამ რუსი ჯარისკაცები სროლას არ წყვეტდნენ. როგორც კი ოჯახი ხიდზე გადავიდა და მანქანა დატოვეს, მტერმა მორიგი შეტევა დაიწყო. პირველი ჭურვი მათ გვერდით მანქანას, სულ რაღაც 5 მეტრში მოხვდა. მთელი ოჯახი, 5 წლის დიმა, მისი მშობლები, უფროსი და და მისი მეგობარი ბიჭი, დაჭრეს. ოჯახი იხსენებს, რომ ამის შემდეგ ოკუპანტებმა კიდევ 20 ბომბი ჩამოაგდეს.

"ძალიან, ძალიან ძლიერად გვესროლეს. საშინელება იყო", — ამბობს დიმა.

როცა ბავშვი ომზე საუბრობს, ტატიანა ცრემლებს ვერ იკავებს. გზად პატარა დიმამ თქვა, რომ ტკივილი საერთოდ არ უგრძვნია, თუმცა დედა ამბობს, რომ შვილის დაზიანებულ ფეხს ვერც კი უყურებდა.

ანა კიევიდან

12 წლის ანას ომის დაწყებამდე მხოლოდ სამი ქიმიოთერაპიის სეანსი ჰქონდა დარჩენილი და ლეიკემიის დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო. პუტინის აგრესიამ უკრაინაში ანას და სხვა ასობით ახალგაზრდა პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

სანამ ანას და კიდევ 100-ზე მეტ ონკოლოგიურ პაციენტს ლვოვში გადაიყვანდნენ ისინი სარდაფებსა და თავშესაფრებში აგრძელებდნენ კიბოსთან ბრძოლას და რუსეთის ბომბდამშენებისგან გადარჩენას.

"არიან ისეთებიც, რომლებსაც ამ საშინელ დროს ერთდროულად ორი ომი აქვთ. ერთი არის ის, ვინც ანგრევს მათ სახლებსა და ქალაქებს. მეორე არის პირადი. წარმოიდგინეთ, ორჯერ უფრო რთულია, კიბოს მქონე ბავშვებს ახლა ორი ფრონტი აქვთ", — წერს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.

მასწავლებელი ჟიტომირიდან

4 მარტს რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის რეგიონში ერთ-ერთი სკოლა დაბომბეს. სკოლის ადგილას ახლა მხოლოდ მისი კედლების ნანგრევებია. მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების საბუთების გადასარჩენად ნანგრევებად ქცეულ სკოლაში მივიდა, რადგან როგორც თავად ამბობს, მათ მალე უნივერსიტეტში უნდა ჩააბარონ და ეს საბუთები დასჭირდებათ.

ფოტო: Vyacheslav Ratynsky

"რაც შეეხება ომს, ჩვენ გავიმარჯვებთ. სკოლის დაკარგვა სამწუხაროა, ბავშვებს ჯერ კიდევ უწევთ სწავლა, მალე გამოცდები აქვთ", — ამბობს ის.


უკრაინა ისევ იბრძვის. დანაკარგები ყოველდღიურად იზრდება, ოკუპანტი ქვეყანა კი სამხედრო დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.