ომი ომში — კიევში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის ისტორია
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
ცნობილი უკრაინული სასიმღერო კონკურსის Star Factory-ის პოპულარული წევრი, 31 წლის ზი ფამელუ დაიბადა და გაიზარდა უკრაინის რეგიონში, ყირიმში, რომელიც 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო. უკრაინის დედაქალაქში, კიევში ცხოვრობს, რომელიც რუსეთის ალყაში იყო მოქცეული. ალყიდან ერთი კვირის შემდეგ ზის საკვები უთავდებოდა, რადგან სროლის გამო რამდენიმე დღე გარეთ ვერ გადიოდა.
ზი, რომელიც ტრანსგენდერი ქალია, ამბობს, რომ ტრანსფობია ფართოდ არის გავრცელებული ქალაქსა და მეზობელ ქვეყნებში. შიშობს, თუკი წავა, მიმდინარე კონფლიქტისა და დაძაბულობის გამო ძალადობისადმი უფრო მოწყვლადი გახდება.
ფამელუს დღეების განმავლობაში უწევდა ბინაში ფანჯრების დახურვა და სიბნელეში ყოფნა. მარტო ცხოვრობს. ყველა მეგობარმა ქალაქი დატოვა. ამბობს, რომ შეიძლება ერთადერთი ადამიანი იყოს, რომელიც ამ შენობაში დარჩა. ერთ-ერთ შენობას მასთან ახლოს, ბომბი მოხვდა. ეშინია, რა შეიძლება ელოდებოდეს გარეთ.
ფამელუმ არ იცის, რა გააკეთოს. საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ძალადობის მსხვერპლი რომც არ გახდეს, არ არის დარწმუნებული, ქვეყნიდან გასვლის ნებას მისცემენ თუ არა. მეზობელი ქვეყნის საზღვრამდე მისვლის შემთხვევაში, რომელიც თავშესაფარს სთავაზობს, არ არის დარწმუნებული, რომ შეუშვებენ, რადგან პასპორტის საიდენტიფიკაციო მონაცემები მის სქესს არ ემთხვევა. ლგბტქი თემი წლების განმავლობაში უფრო თვალსაჩინო და მისაღები გახდა, მაგრამ ტრანსგენდერების შემთხვევაში, მაინც დარჩა სირთულეები.
უკრაინაში ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ, კანონიერი აღიარება მიეღოთ, ამისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადმა უწევდათ. Human Rights Watch-ის თანახმად, მთავრობის დავალებით, იურიდიული დოკუმენტების მიღებისთვის, რომელიც მათ სქესს შეესაბამება, უნდა გაევლოთ ფსიქიატრიული დაკვირვება და გაეკეთებინათ სქესის შეცვლის ოპერაცია. ფამელუს ეს დამამცირებლად მიაჩნდა, ამიტომ შეინარჩუნა თავისი პასპორტი, რომელშიც მამრობითი სქესია მითითებული.
2021 წელს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსის საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერთა ჯანდაცვის ახალი პროტოკოლის მიღება შეფერხდა და ლგბტქი თემი უკრაინაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმებისა და დაშინების წინაშე აღმოჩნდა. ორგანიზაციამ, 49 ევროპულ ქვეყანას შორის ლგბტქი ადამიანების მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, უკრაინა 39-ე ადგილზე დაასახელა.
ზი ფამელუს შიშებს უკრაინაში მცხოვრები სხვა ლგბტქი ადამიანებიც იზიარებენ. იულიამ, 18 წლის ხარკოველმა სტუდენტმა, განაცხადა, რომ რუსეთში ლგბტქი ადამიანებს დევნიან და თუ წარმოვიდგენთ უკრაინის ოკუპაციას, მათ აღარ მიეცემათ მშვიდობიანად არსებობისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის საშუალება.
ფამელუს სიტუაციას მისი მშობლებიც ამძიმებენ, რომლებიც ჯერ კიდევ ყირიმში ცხოვრობენ. ისინი არ იჯერებენ, რომ რუსეთი მათი შვილის ქალაქშიც შეიჭრა.
ყველაფრის მიუხედავად, ფამელუ ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს და ფიქრობს, რომ იპოვის გზას ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებისთვის. იმედს იტოვებს, უკრაინა მოახერხებს რუსული შემოჭრისგან თავის დაცვას.
კომენტარები