როგორ იკვლევენ ბიომრავალფეროვნებას ტექნოლოგიებით კოლხეთის ეროვნულ პარკში
სიცოცხლის მრავალფეროვნება დედამიწაზე მისი ყოველგვარი ფორმითა და ამ ფორმების ურთიერთკავშირით ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო კომპლექსური და ამასთანავე უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.
კლიმატის ცვლილებისა და დაბინძურების გარდა, ბიომრავალფეროვნებას ადამიანების უხეში ჩარევაც აზიანებს, რასაც სახეობების პოპულაციების შემცირება, ან საერთოდ გაქრობა შეიძლება მოჰყვეს. ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაშიც იზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების წვლილიც. ამის მაგალითს დრონი წარმოადგენს, რომელსაც მეცნიერები სახეობების პოპულაციების, ნიადაგის ხარისხისა თუ ტყის ხანძრების რისკის შესაფასებლად აქტიურად იყენებენ.
დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კარგვის თუ ამ ტერიტორიების წინაშე არსებული სხვა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარებისთვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით, გასულ წელს ახალი პროექტი დაიწყო. ეს უკანასკნელი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, შავი ზღვის აუზის ოთხ ქვეყანაში — რუმინეთში, ბულგარეთში, სომხეთსა და საქართველოში ხორციელდება. "შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი — BSB Eco Monitoring" პარტნიორი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. საკვლევი ტერიტორიები წარმოდგენილი სახეობებისა და ჰაბიტატების სიმრავლის, ასევე ეროვნული პარკების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოში ველური ბუნების დაცვისა და კონსერვაციის არასამთავრობო ორგანიზაცია საბუკომ შეარჩია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოში პროექტი კოლხეთის ეროვნულ პარკში ხორციელდება. ამ თემაზე საბუკოს პროექტ-მენეჯერს, ალბინა მამედოვას ვესაუბრეთ.
"პროექტის ჩატარების აუცილებლობა ბოლო პერიოდში დაცულ ტერიტორიებზე ანთროპოგენური ზემოქმედების ზრდის შედეგად გამოიკვეთა. გასულ წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მონაცემების შეგროვება დავიწყეთ, რომელთა საფუძველზეც არსებული პრობლემების გადაჭრის გზები უნდა განისაზღვროს. ამ ეტაპზე აქ ვიკვლევთ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს და ძუძუმწოვრების, თევზებისა თუ ფრინველების მონიტორინგს ვახორციელებთ", — გვიყვება ალბინა.
იქიდან გამომდინარე, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს ინვაზიური სახეობების გავრცელება წარმოადგენს, პროექტი მათ მონიტორინგსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ინვაზიური ისეთ სახეობებს ეწოდება, რომლებიც მათი ბუნებრივი ჰაბიტატის გარეთ ადამიანის ჩარევით გავრცელდნენ და ახლა სხვა ჰაბიტატების ბიომრავალფეროვნებას უქმნიან საფრთხეს. ამის მაგალითს ლაფანჭამია წარმოადგენს — მწერი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში ყოფილი სსრკ-ის ჩრდილოეთ რაიონებიდან ნაძვის მორებს შემოჰყვა და ადვილად განიცადა აკლიმატიზაცია. ახლა ეს მწერი, აფხაზეთის გარდა, მთელ საქართველოშია გავრცელებული და საღ თუ მექანიკურად დაზიანებულ ნაძვებსა და ფიჭვებს ვნებს.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ტექნოლოგიები და მეთოდოლოგია
პარკში მონიტორინგის პროცესისთვის ფოტოხაფანგებს იყენებენ, ჰაბიტატების შეფასებისთვის კი აქტიურად გამოიყენება დრონი. როგორც ალბინა მამედოვა აღნიშნავს, გარემოსდაცვით კვლევებში დრონის გამოყენება შედარებით ახალი მიგნებაა, თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიით კვლევის შესაძლებლობები უსაზღვროა.
"დრონის გამოყენებით ისეთი ფაქტორების კვლევაა შესაძლებელი, როგორიც ნიადაგის ეროზია, ტყის ხანძრების რისკი, ინვაზიური სახეობების პოპულაციების ზრდა, გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციების მონიტორინგი და ა.შ. არის. მკვლევრებისთვის დრონი მძლავრ საკვლევ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის გამოყენებაც განსაკუთრებით ხელსაყრელი რთულად მისადგომ ადგილებშია", — განმარტავს იგი.
პილოტირებული თვითმფრინავებისა და სატელიტური სურათებისგან განსხვავებით, დრონის მიერ მოწოდებული ფოტო და ვიდეომასალა ხმელეთიდან უფრო ახლო მანძილზეა გადაღებული და, შესაბამისად, მათი საშუალებით, დიდი მოცულობით მაღალი გარჩევადობისა და სიზუსტის მონაცემების შეგროვება ბევრად უფრო სწრაფად და იაფადაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დრონი ამ ყველაფერს ისეთი ფაქტორების მიუხედავად ახერხებს, როგორიც ხელისშემშლელი ატმოსფერული პირობებია. რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგია მკვლევრებს ისეთი ტერიტორიებიდანაც ეხმარება მონაცემების მიღებასა და მონიტორინგში, სადაც ადამიანს რთულად, ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი.
დრონის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია საპროექტო ტერიტორიის გეორეფერენციული ორთომოზაიკის, სიმაღლისა და 3D მოდელების შექმნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბუკომ კოლხეთის ეროვნული პარკის მონიტორინგისთვის DJI phantom 4 multispectral დრონი შეიძინა, რომელიც ფოტო და ვიდეომასალას ოპტიკური სენსორული კამერით გადაიღებს და ინფორმაციას მეხსიერების ბარათზე შეინახავს.
პროექტისთვის დრონით კვლევის ორი მეთოდი გამოიყენება. პირველი მათგანი კოლხეთის ეროვნულ პარკში აერო კვლევას მოიცავს, რომლის მიზანიც აქ არსებული ჰაბიტატების კლასიფიკაცია და პარკის ტერიტორიაზე მათი განაწილების მოდელის შექმნაა. რაც შეეხება მეორე მეთოდს, იგი იმ ჰაბიტატების აერო კვლევას ითვალისწინებს, რომლებიც, შესაძლოა, მომავალში ინვაზიურმა სახეობებმა დაიკავონ. მისი მიზანი ამ სახეობების გავრცელების არეალის და იმ ტერიტორიის განსაზვრაა, რომელზეც მათი მონიტორინგი უნდა ჩატარდეს. პროექტის მონაწილეები დროთა განმავლობაში ინვაზიური სახეობების პოპულაციების რიცხოვნობისა და სტრუქტურის ცვლილებასაც შეაფასებენ.
მისი მიზანი კი ინვაზიური სახეობების დაფარვის არეალისა და სამონიტორინგო მონაკვეთების განსაზღვრასთან ერთად, ამ ტერიტორიაზე მათი პოპულაციების დინამიკის შეფასებაა.
"კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს მცენარეთა ინვაზიური სახეობების მონიტორინგის გეგმის შემუშავებას და არსებულ ჰაბიტატებზე ანთროპოგენური ზემოქმედების ძირითად ფაქტორებს გამოკვეთს. პირველადი დაკვირვებები კოლხეთის ეროვნული პარკის ყველაზე დომინანტ და აგრესიულ ინვაზიურ მცენარეებზე — Amorpha fruticose-ზე, Solidago canadensis-სა და Gleditsia tracanthus-ზე ტარდება. ამ სახეობების სიმრავლე განსაკუთრებით შეინიშნება კაცობურის აღკვეთილში", — გვიხსნის ალბინა.
დრონის საშუალებით მიღებულ მონაცემებს პროექტის მონაწილეები რუკების პროგრამული უზრუნველყოფის — DJITerra-ის საშუალებით გააანალიზებენ. მონიტორინგისას მიღებული შედეგები კი მათ გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისთვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება.
ალბინა მამედოვას თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში სირთულეებსაც აწყდებიან. COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დაგეგმილი აქტივობების ნაწილი შეაფერხა. პრობლემას ქმნის ასევე ეკიპირების სიმცირე და წლის გარკვეულ მონაკვეთებში, წყალდიდობებიც. რეგიონული მასშტაბით კი დამატებითი შემაფერხებელი გარემოებაა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა.
პროექტის საგანმანათლებლო მხარე
ღირებული მონაცემების შეგროვების გარდა, პროექტი ეროვნული პარკის თანამშრომლების, მათ შორის რეინჯერებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადებასაც ითვალისწინებს, რაც მათთვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ახალი მეთოდების გაცნობას გულისხმობს.
პარკის რეინჯერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ინვაზიური სახეობების მონიტორინგის მნიშვნელობაზე, გასული წლიდან, უკვე არაერთი ტრენინგი ჩატარდა.
პროექტის საგანმანათლებლო აქტივობები არა მხოლოდ ეროვნული პარკის თანამშრომლების, ასევე დაინტერესებული პირების, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გადამზადებასაც მოიცავს. ეს კი მონაწილეებისთვის ბიომრავალფეროვნების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გაცნობას, ასევე გარემოს დაცვისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას ისახავს მიზნად.
კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტის ფარგლებში ჰაბიტატებისა და სახეობების კვლევა და მონიტორინგი მიმდინარე 2022 წელს დასრულდება, მომავალში კი კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვისაც.
common borders. common solutions.
კომენტარები