რა მოხდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა. აქამდე ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იყო და აღიარების "თხოვნით" ლიდერებმა პუტინს დღეს მიმართეს. თუმცა, მანამდე იგივე "სურვილი" რუსეთის დუმამ გამოთქვა და პუტინს ამ რეგიონების აღიარების მოთხოვნით მიმართა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ამ გადაწყვეტილებით პუტინმა დაარღვია მინსკის შეთანხმება, რომლის შეუსრულებლობაში უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა. უკრაინა ლუგანსკსა და დონეცკს "დროებით ოკუპირებულ" რეგიონებად მოიხსენიებს და არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ მშვიდობიანი გზით მას დასაბრუნებლად.

რას ამბობს უკრაინა

ამ ეტაპზე ოფიციალური პოზიცია ცნობილი არ არის. უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ ის დაპოსტა, რომ ბოლო საათების მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად განიხილა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას იწყებს.

მოგვიანებით ზელენსკიმ დატვიტა, რომ სხდომის შემდეგ ესაუბრა ბორის ჯონსონს და დაგეგმლი აქვს ზარები შარლ მიშელთან და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვენ და მიმართვა უკვე გაგზავნეს.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინას არავის და არაფრის ეშინია.

"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავის და არაფრის გვეშინია, არავისი არაფერი გვმართებს და არავის არაფერს დავუთმობთ. ამაში დარწმუნებულები ვართ", — თქვა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.

22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავენ.

"საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოთხოვნა მივიღე. მე განვიხილავ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. ჩვენი კონფერენციის შემდეგ, ამ საკითხს დაუყოვნებლივ განვიხილავ", — თქვა მან.

რას ამბობს მსოფლიო

საერთაშორისო ლიდერებმა უკვე დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და ერთხმად განაცხადეს, რომ ეს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე, მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

ევროპული საბჭო

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები ერთიანობითა და მტკიცე სოლიდარობით ირეაგირებენ", — წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე.

ევროკომისია

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა.

ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინის მიმართ ერთიანი, მტკიცე და სოლიდარულები იქნებიან", — წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირი

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების დარღვევაა", — წერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

NATO

"ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ აღიაროს თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა". ეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო უთხრის ძირს, კონფლიქტის მოგვარებისკენ ძალისხმევას სპობს და არღვევს მინსკის შეთანხმებას, რომლის მხარეც რუსეთია", — აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

"სანქციები ახლავე" — ასე გამოეხმაურა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მომხდარს..

აშშ

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თვითგამოცხადებულ ლუგანსკსა და დონეცკში აშშ-ის მოქალაქეებისთვის ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას აკრძალავს.

"რუსეთისგან ასეთ ნაბიჯს ველოდით და მზად ვართ დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს აუკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას პირებზე უკრაინის რეგიონებში, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ან მათგან.

ეს, ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესებას ნებისმიერ პირზე, რომელიც უკრაინის ამ ადგილებში ოპერირებას გადაწყვეტს. ეს ზომები ცალკეა და დამატებითია იმ სწრაფ და მწვავე ეკონომიკურ სანქციებზე, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კიდევ შეიჭრება უკრაინაში", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი დატვიტა, რომ კრემლის აღიარება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს და პარტნიორებთან ერთად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

"ჩვენ სათანადოდ და მტკიცედ ვუპასუხებთ" — დაწერა სახდეპის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა და ბლინკენის განცხადება გადააზიარა.

ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, დღევანდელი გადწყვეტილებით პუტინმა კიდევ ერთხელ დაარღვია მინსკის შეთანხმება და მორიგი ნაბიჯი გადადგა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინაღმდეგ.

ტრასი ამბობს, რომ რუსეთი არღვევს გაეროს წესდებასაც და აჩვენებს, რომ დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციის გზა აირჩია. მისივე თქმით, პარტნიორებთან კოორდინირებულად იმოქმედებენ და არ დაუშვებენ, რომ რუსეთს მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.

ლიეტუვა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ სეპარატისტული "რესპუბლიკების" აღიარება საერთაშორისო სამართლის მიუღებელი დარღვევაა და ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა სიმონიტე აცხადებს, რომ პუტინმა შეარცხვინა კაფკა და ორუელი. მისი თქმით, დიქტატორის წარმოსახვის უნარი უსაზღვროა.

"პუტინმა უბრალოდ შეარცხვინა კაფკა და ორუელი — დიქტატორის წარმოსახვის უნარს საზღვარი არ აქვს. არცერთი ფსკერი არაა ასეთი დაბალი, არცერთი ტყუილი არაა ასეთი ცხადი, არცერთი წითელი ხაზი არაა ასეთი წითელი გადაკვეთისთვის. ის, რისი მოწმენიც გავხდით ამაღამ, შესაძლოა, დემოკრატიული სამყაროსთვის სიურეალისტურად ჩანდეს, მაგრამ ჩვენი რეაგირების გზა განგვსაზღვრავს ჩვენ მომავალი თაობებისთვის", — წერს ის.

მოლდოვა

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ სეპარატისტული ოლქების, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ეს აშარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

გერმანია

"პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული "სახალხო რესპუბლიკების" აღიარება განზრახ ანადგურებს ნორმანდიის ფორმატის და ეუთოს წლების ძალისხმევას. ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევაზე და კოორდინაციას გავუწევთ პარტნიორებთან", — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

22 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს.

"ეს ჟღერს ტექნიკურად, თუმცა აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია იმისა, რომ არ იქნება გაზსადენის სერტიფიცირება და ამის გარეშე Nord Stream 2 ვერ დაიწყებს მუშაობას", — განაცხადა კანცლერმა.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და თქვა, რომ ეს მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯია არსებულ ვითარებაში.

"ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს", — თქვა კულებამ.

საფრანგეთი

რუსეთ-უკრაინასთან მოლაპარაკებებში აქტიურად ჩართულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის გადაწყვეტილება დაგმო და განაცადა, რომ მომხდარზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და სანქციებისკენაც მოუწოდა.

ესტონეთი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა.

ევროპარლამენტარები

"სხვა ერების მიმართ ფაშიზმისა და ნაციზმის ტიპის სიძულვილი ევროპის კონტინენტზე ბრუნდება. პუტინის გამოსვლა და ქმედებები გუშინ ამის გამოხატულებაა. სამწუხაროა, რომ რუს ხალხს ამის გადატანა მოუწევს. მათი მომავალი არსებითად პურინის ფაშიზმით არის განადგურებული", — წერს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

მაკფოლი

"როგორც იქნა, დღეს მქონდა შანსი, რომ პუტინის გამოსვლისთვის მესმინა. რა თქმა უნდა, ფაქტობრივი შეცდომებითა და ველური კონსპირაციული თერიებით სავსე იყო. მაგრამ ასევე, ახირებული, ქაოტური, გაფანტული, მოსაწყენი. თუ ერთი საათი გჭირდება, რომ შენი ომი ახსნა, მაშინ საკუთარ არგუმენტში მთლად დარწმუნებული არ ხარ", — წერს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი.

თურქეთი

"რუსეთის გადაწყვეტილება მიუღებელია. ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, რომ პატივი სცენ საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს", — აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

რას ამბობს საქართველო

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მომხდარზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ, რაც გასაკვირია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მათი პასიური პოზიციიდან გამომდინარე.

პირველი პრეზიდენტი იყო, რომელმაც პუტინის საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები იმეორებს სცენარს, რამაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია.

"საქართველო დგას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას", — წერს ის.

მალევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ რუსეთი 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების სცენარს იმეორებს.

"მოვუწოდებთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უპასუხონ უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის მორიგ დარღვევას", — წერს ის Twitter-ზე.

განცხადება გაავრცელა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ "საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის".

"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას", — აცხადებენ სამინისტროში.

მოგვიანებით დაპოსტა პრემიერმაც და განაცახდა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ კიდევ ერთი ნაბიჯია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული და სამწუხაროდ, იმეორებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", — წერს პრემიერმინისტრი ტვიტერზე.

ტრადიციულად, კრიტიკული რეაგირება ჰქონდა მომხდარზე ოპოზიციას. გირჩი — მეტი თავიუსფლებამ პუტინის განცახდებიდან მალევე ფეისბუქზე დაპოსტა და რუსეთის პრეზიდენტს აგინა. ეს პოზიცია გაიზიარა პარტია დროამაც.

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებით გამოჩნდა, თუ რამდენად გაწერილი სცენარით მოქმედებდა ის 2008 წელსაც და ახლაც.

"საქართველოს ამბავი თავიდან ბოლომდე გაშიშვლდა, თუ რამდენად გაწერილი გეგმით მოქმედებდა მაშინაც და ეხლაც. მთავრობა კი დუმს, ჩვენ ვილაპარაკოთ პარალელებზე ყველგან. ასევე ვილაპარაკოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილზე, ბესტაევზე და ნატოში გაწევრიანებაზე. და რაც მთავარია შევცვალოთ მთავრობა, რომელიც ამ "მინდა ვიყო იმპერატორის" ორბიტაზე გვატრიალებს სამარცხვინოდ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში", — წერს ის.

ამ თემას ტვიტერზე გამოეხმაურა გირჩი — მეტი თავისუფლებაც და დაწერა: "პუტინი იმეორებს ისტორიას და აღიარებს უკრაინის დონეცკსა და ლუგანსკს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. 2008 წელს მან აღიარა საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნებად და შემდეგ იქ რუსული ბაზა ააშენა".

დატვიტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

"საერთაშორისო თანამეგობრობისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმოქმედოს გადამწყვეტად ომის თავიდან აცილებისთვის და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები", — დაწერა პაპუაშვილმა.

ნაციონალურმა მოძრაობამ ტვიტერზე დადო ფოტო წარწერით: "დიდება უკრაინას, დიდება გმირებს" და პუტინს შეჩერებისკენ მოუწოდა.

"რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას", — ასე ეხმიანება მომხდარს ლელო.

პარტია იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით.

"ლელო საქართველოსთვის მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა დაუყონებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

განვითარებულ მოვლენებზე დაპოსტა თბილისი მერმაც და განაცხადა, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით ისე, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით. რა თქმა უნდა, თანაგუნდელების მსგავსად, კალაძემაც დაგმო რუსეთის ქმედება.

ექსპრემიერმა და პარტია საქართველოს დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ დატვიტა, რომ ისტორია მეორდება და რუსეთი უტევს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი გავლენებისგან დამოუკიდებლობისა და დასავლეთისკენ ისწრაფიან.

"2008 წელი საქართველოში და 2022 წელი უკრაინაში. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს 2008 წლის შეცდომები. მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ ახლავე. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", — წერს ის.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ ელევა თავის იმპერიულ ამბიციებს, ვერ ეგუება მის მეზობლად სუვერენული სახელმწიფოებისა და თავისუფალი ერების არსებობას, თავს ესხმის მათ, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისევე, როგორც ამას აკეთებდა 2008 წლის აგრესიის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

"საჭიროა ეფექტური და სწრაფი რეაგირება დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამასთან, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ დასავლეთის იმედად და აუცილებელია ეროვნული ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რადგან მტერმა იცოდეს, რომ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, შესაბამის პასუხს გასცემენ და მოუწევს დიდი ფასის გადახდა!

არჩევანი მარტივია — ან რუსეთის ჩექმის ქვეშ მოქცეული, დამონებული ქვეყანა ან თავისუფალი, განვითარებული, დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირებული საქართველო. უკრაინა და საქართველო არავის ესხმის თავს, რადგან ჩვენს ქვეყნებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა, თავისუფლება და განვითარება!", — წერს ვაშაძე.

22 თებერვალს მომხდარს გამოეხმაურა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც და განაცხადა, რომ ჩვენ ვიხილეთ საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა.

"მსგავსი სცენარი, როგორც ყველას გვახსოვს, განხორციელდა საქართველოში 2008 წელს, როდესაც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შემდგომ, აღიარებულ იქნა ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — განაცხადა თეა ახვლედიანმა.