რას გულისხმობს და როგორ სრულდება მინსკის შეთანხმება

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიო ომის მოლოდინშია. უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული დანაყოფები უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამ ამბების მთავარი შემოქმედი, რუსეთი კი ამტკიცებს, რომ იქეთ არის საფრთხეში, რადგან ნატო მისი სურვილის წინააღმდეგ ფართოვდება.

რუსეთი მოითხოვს, უკრაინა და საქართველო ნატოში არ მიიღონ და ალიანსმა აღმოსავლეთით გაფართოება შეწყვიტოს. ამ სურვილს მას არავინ უსრულებს, სწორედ ამიტომ უკრაინა ყოველდღიურად თავდასხმას ელის. პარალელურად, არ ჩერდება დიპლომატიური ძალისხმევაც, ხოლო შეხვედრების, მუქარების, მოთხოვნებისა და პასუხების კორიანტელში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მინსკის შეთახნმება.

რას ელიან ამ შეთანხმებისგან

მოლაპარაკებებში ჩართული საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მინსკის შეთანხმება კონფლიქტის არიდების ყველაზე პერსპექტიული მიდგომაა და ერთადერთი გზაა, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი შეიძლება გახდეს. ამ აზრს იზიარებს ამერიკის სახელმწიფო მდივანიც, თუმცა ბლინკენმა განაცხადა ისიც, რომ შეთანხმება არ არის უნივერსალური გზა და ბევრი გამოწვევის წინაშეა. მისივე თქმით, უკრაინა იცავს მინსკის შეთანხმებას, რუსეთს კი "აქამდე ბევრი უკლია".

ამ სტატიაში გიამბობთ, რა არის მინსკის შეთანხმება, რა მოვლენები უძღოდა წინ მის მიღებას და რა როლი შეიძლება შეასრულოს ახლა.

რა უნდა რუსეთს

რუსეთის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაერთ მეთოდს იყენებს. მათ შორის არის ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა, "სამშვიდობო მისიების" კონფლიქტურ რეგიონებში განთავსება, სეპარატისტული ჯგუფების მხარდაჭერა (ხშირად რელიგიით მანიპულირება) სამხედრო თავდასხმები და ა.შ. ეკონომიკური ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად 90-იანი წლებიდან რუსეთისთვის ენერგორესურსების კონტროლიც გახდა.

პუტინის მიერ 2000 წელს შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ღიად არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთისთვის დასავლური სტრუქტურებისა და ინსტიტუტების მათ საზღვრებთან მისვლა "ეროვნულ საფრთხეს" წარმოადგენს. NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან ერთად, რუსეთისთვის მის საზღვრებთან სამხედრო შენაერთების და ბაზების განთავსება ყოვლად მიუღებელია.

ფოტო: CSIS

რუსეთის სტრატეგიაში წერია ისიც, რომ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად შეიძლება აღქმული იქნეს სხვა ქვეყნების მცდელობა, შეეწინააღმდეგონ რუსეთის გავლენის სფეროების გაზრდას და სცადონ მისი პოზიციების შესუსტება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე დეკლარირებულმა პირობამ, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ NATO-ს წევრები, რუსეთის საგარეო პოლიტიკა თავდასხმით ორიენტაციაზე გადაიყვანა და გარკვეულწილად, განაპირობა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა.

მოთხოვნები უცვლელია — სურთ, 30 წლის წინ მიღებული დოკუმენტის საფუძველზე ალიანსმა შეწყვიტოს რუსეთის სურვილის წინააღმდეგ გაფართოება და მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება აქვთ, არ მიიღონ ყველა ქვეყანა წევრად.

რატომ გახდა საჭირო მინსკის შეთანხმება

მნიშვნელოვანი მომენტი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში ცალსახად 2014 წლის მოვლენები გახდა. პრო-რუსმა ლიდერმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რამაც პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე უკრაინელების დიდი აღშფოთება გამოიწვია, რასაც დამოუკიდებლობის მოედანზე "ღირსების რევოლუცია" მოჰყვა. პრო-რუსმა პრეზიდენტმა თავშესაფარი მოსკოვში იპოვა, ქვეყანას სათავეში პეტრო პოროშენკო ჩაუდგა.

რუსეთის ტაქტიკა მსგავსი თვითმყოფადობლური პოლიტიკის გატარების შემდეგ არც თუ ისე გასაკვირი და უჩვეულო იყო. 2014 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციამ "მწვანე კაცუნების" (შეიარაღებული დაჯგუფება) საშუალებით მოახდინა ყირიმის ანექსია. აღნიშნული მოქმედების ე.წ. "წინაპირობა" 16 მარტს ყირიმში სეპარატისტების მიერ ჩატარებული რეფერენდუმი იყო, რომლის საჯაროდ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მოსახლოების უმრავლესობამ რუსეთის ფედერაციაში შესვლას დაუჭირა მხარი. ამ მოვლენების გაგრძელება იყო ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. აპრილში დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციული ოლექები რუსეთმა დაიკავა.

ფოტო: Russia Beyond

დონბასის რეგიონში ომი 2014 წლის აპრილში დაიწყო. რუსეთმა ისარგებლა ოლქში არსებული პროსტესტითა და უკრაინის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური და სამხედრო კამპანია ჩართო. რუსულმა მხარემ სეპარატისტებს ყველა შესაძლო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა მიაწოდა. 2014 წლის მაისში რუსებმა გამოიყენეს ე.წ. "ჰიბრიდული მიდგომაც", რაც გულისხმობდა დეზინფორმაციული ტექნიკების, არარეგულარული ჯარების, და კონვენციური სამხედროების გამოყენებას.

მალე პრო-რუსული "ამბოხება" სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 2014 წლის აგვისტოში უკრაინაში რუსული არტილერია შევიდა — უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ვალენტინ ნალივაიჩენკოს მიერ აღნიშნული ქმედება პირდაპირ შეფასდა, როგორც "რუსეთის უკრაინაში შეჭრა". ცხადია, რუსეთი ჯერ უარყოფდა ადგილზე რეგულარული არმიის არსებობას, შემდეგ კი აცხადებდა, რომ ის იძულებული გახდა უკრაინაში რუსულად მოსაუბრე ადამიანები უკრაინული აგრესიისგან დაეცვა.

მინსკის პროტოკოლი სწორედ დონბასის რეგიონში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით შექმნილი შეთანხმებაა.

რას გულისხმობს მინსკის შეთანხმება

დოკუმენტი ხელმოწერილია რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ეუთოს მიერ, ხოლო პროცესს მედიაციას უწევდნენ გერმანია და საფრანგეთი. ყოველგვარი აღიარებისა და სტატუსის მინიჭების გარეშე, შეთანხმებას ხელს აწერდნენ დე-ფაქტო რეგიონების მაშინდელი მეთაურებიც.

მინსკის პროტოკოლი ძალიან ჰგავდა პეტრო პოროშენკოს მიერ ივნისში გამოქვეყნებული 15 პუნქტიან გეგმას, რომელიც, როგორც მინსკის შეთანხმება, ითვალისწინებდა ტყვეების გათავისუფლებას, განიარაღებას, ბუფერული ტერიტორიების შექმნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

რაც შეეხება თავად პროტოკოლს, ის შემდეგ მუხლებს ითვალისწინებდა:

  • დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხრიდან;
  • ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი ეუთოს მხრიდან;
  • ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის მიერ ახალი კანონის მიღებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების თვითმმართველობის თაობაზე;
  • რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლი ეუთოს მიერ, ამ საზღვრის ტერიტორიაზე ბუფერული ზონების შექმნასთან ერთად;
  • ტყვეებისა და არალეგალურად დატყვევებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება;
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში მიმდინარე პროცესებში ჩართული ადამიანების დასჯის წინააღმდეგ კანონის შემუშავება;
  • ინკლუზიური ეროვნული დიალოგის შენარჩუნება;
  • დონბასში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ზომების მიღება;
  • ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • უკრაინის ტერიტორიიდან არალეგალური საჯარისო შენაერთებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაყვანა;
  • დონბასის რეგიონის ეკონომიკური აღდგენის პროგრამა;
  • კონსულტაციის მხარეების უსაფრთხოების დაცვა.

მინსკის ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდა, რასაც 2014 წლის 19 სექტემბერს ახალი შეთანხმება მოჰყვა, რომელმაც უფრო დააკონკრეტა ცეცხლის შეწყვეტის პირობები და სხვა დეტალები. კერძოდ, აიკრძალა თავდასხმითი ოპერაციები და უსაფრთხოების ზონაში საბრძოლო თვითმფრინავებით თავდასხმა.

მიუხედავად ამისა, 2014 წლის 28 სექტემბერს დონეცკის აეროპორტში მეორე ბრძოლა დაიწყო. შეტაკება დონეცკის პრო-რუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ჯარებს შორის მოხდა. ეს აეროპორტი იყო მაშინ ქალაქ დონეცკის ბოლო პუნქტი, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებდა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ აეროპორტზე კონტროლი დაკარგა, 2 ნოემბერს დე ფაქტო "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ე.წ. არჩევნები ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მინსკის პროტოკოლი არც იქამდე სრულდებოდა, 2015 წლის იანვარში მისი სრული ანულირება მოხდა. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სპიკერმა, ედუარდ ბას(ზ)ურინმა განაცხადა, რომ ეს პროტოკოლი ვერ შესრულდებოდა იმ ფორმით, როგორც მიღებული იყო.

რა შეიცვალა მინსკის შეთანხმებაში

ცალსახად, მინსკის შეთანხმებამ ვერ მოახერხა დონბასში ცეცხლის შეწყვეტა და საჭირო გახდა ახალი ხელშეკრულების მიღება, რომელიც მინსკი 2-ის სახელითაა ცნობილი.

დონბასში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მეორე რაუნდი 2015 წლის თებერვალში შედგა. სამიტს ესწრებოდნენ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ეუთოს წარმომადგენელთან ერთად. მიუხედავად ამისა, 2015 წლის დასაწყისიდანვე დონეცკისა და ლუგანსკის დე-ფაქტო მთავრობებმა რუსი სეპარატისტების დახმარებით თავდასხმითი ოპერაციები განაახლეს.

პრობლემის მოსაგვარებლად ერთმანეთს საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ჰოლანდი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეხვდნენ — მათ უკვე გავლილი ჰქონდათ კონსულტაციები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან. მათი გეგმის განხილვა 11 თებერვალს მინსკში, ბელარუსის დედაქალაქში დაიგეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პეტრო პოროშენკო, ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი, ფრანსუა ჰოლანდი და დე-ფაქტო ოლქების ლიდერები, ალექსანდრ ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები 16 საათის მანძილზე, საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში გაგრძელდა. 12 თებერვალს გამოცხადდა, რომ მხარეები მშვიდობის მიღწევის ახალ გეგმაზე შეთანხმდენ.

ფოტო: Spiegel

მინსკი 2-ის პუნქტები:

  • ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების კონკრეტულ ტერიტორიებზე და მისი სრული ამოქმედება კიევის დროით 00:00 საათიდან 2015 წლის 15 თებერვალს.
  • მძიმე ტექნიკის გაყვანა ტერიტორიიდან ორივე მხარის მიერ თანაბარ მანძილზე, იმისთვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო ზონა. (საარტილერიო სისტემების 50-კილომეტრიანი დაშორება, სარაკეტო სისტემის 70-კილომეტრიანი დაშორება, მძიმე სარაკეტო და სარაკეტო სისტემების, როგორებიცაა ტორნადო, ურაგანი, სმერჩი, ტოჩკა 140-კილომეტრიანი დაშორება). აღნიშნული ტექნიკის გაყვანა უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტიდან არაუგვიანეს მეორე დღისა და უნდა დასრულდეს 2 კვირაში.
  • უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების ეფექტური კონტროლი ეუთოს მიერ.
  • სამხედრო ტექნიკის გაყვანის დღიდანვე დაიწყოს მოლაპარაკებები ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე.
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩართული პირების ამნესტირება.
  • გათავისუფლდნენ უკანონოდ დატყვევებული პირები და სამხედრო ტყვეები.
  • მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველას შეუფერხებლად.
  • განახლდეს სოციალური და ეკონომიკური კავშირები დაზარალებულ ტერიტორიებზე — მათ შორის განახლდეს პენსიების ჩარიცხვა.
  • სახელმწიფო საზღვრებში აღდგეს უკრაინის მთავრობის კონტროლი, რომელიც დაიწყება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისთანავე და დასრულდება 2015 წლის ბოლომდე.
  • უკრაინის ტერიტორია დატოვოს ყველა უცხოელმა შეიარაღებულმა ძალამ, მოხდეს იარაღისა და მებრძოლების გაყვანა.
  • 2015 წლამდე ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმები უკრაინაში, მათ შორის, მიღებულ იქნას ახალი კონსტიტუცია. აღნიშნული დოკუმენტის მიზანი იქნება დეცენტრალიზაცია.

ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მძიმე სამხედრო შეტაკებები შესუსტდა, ეუთოს მისიის სამონიტორნგო ჯგუფებმა კი წინ წაიწიეს. არსებობს მოსაზრება, რომ მინსკის შეთანხმება საკმაოდ ნაჩქარევად იყო შედგენილი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერი იყო, სხვა ქვეყნების მიერ კონფლიქტში მისი როლი არ იყო აღიარებული. არც შეთანხმების ტექსტში იყო მოხსენებული და მას არც განსაკუთრებული პირდაპირი პასუხისმგებლობები ეკისრებოდა. სწორედ ამან მისცა საშუალება რუსეთს, ეთქვა, რომ მხოლოდ "დამკვირვებელია" და არა უშუალო კონფლიქტის მხარე.

პუტინი, ჰოლანდი, მერკელი და პოროშენკო მინსკში მოლაპარაკებებზე. 2015 წლის 11 თებერვალი.

ფოტო: VOA

როგორ (არ) შესრულდა მინსკის შეთანხმება

უკრაინისა და რუსეთის სურვილები არც ერთ საკითხში არ დაემთხვა. მაგალითად, უკრაინას სურდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსი ქვეყანაში ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც სხვა ფედერაციული ოლქების, ხოლო რუსეთის მიზანი იყო მათი "ავტონომია" გაფართოებულიყო და საკუთარი პოლიცია და სასამართლო სისტემაც კი ჰქონოდათ. პეტრო პოროშენკოს სხვა გზა არ ჰქონდა, რომ არ დათანხმებულიყო სეპარატისტული რეგიონებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას, რასაც 2015 წელს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

იმ შემთხვევაში, თუ დონბასისა და ლუგანსკის ოლქები არ "დაჯილდოვდებოდნენ" სპეციალური ფედერალისტური სტატუსებით და მათ უკრაინის სხვა ოლქების თანაბარი ძალაუფლება ექნებოდათ, ამ ფაქტის გამოყენება რუსეთს მაინც თავის სასარგებლოდ შეეძლო — მაგალითად, მათზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებით ექნებოდა ძალაუფლება უკრაინის შიდა საქმეებში ჩასარევად, პარლამენტში კვოტით კი შეეძლო დაებლოკა ქვეყნის პრო-დასავლურ ბილიკზე გადადგმული ნაბიჯები.

ფოტო: Aljazeera

ერთი შეხედვით, მინსკის მეორე შეთანხმება არაფრით განსხვავდება მინსკის პროტოკოლისგან, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობის დაცვა ვერ უზრუნველყო. 15 თებერვლის შემდეგ კონფლიქტის ზონის რამდენიმე ნაწილში შეტაკებები ისევ გაგრძელდა. მეორე დღესვე, მინსკი 2-ის შეთანხმება დაშლის პირას იდგა. ორივე მხარე უარს ამბობდა მძიმე ტექნიკის გაყვანაზე, რადგან სამხედრო ოპერაციები ისევ მიმდინარეობდა, განსაკუთრებით დებალცევის ნაწილში.

საბოლოოდ, დებალცევი დაეცა და კონფლიქტის ზონაში ბრძოლა შემცირდა. დე-ფაქტო ფორმირებებმა ფრონტის ხაზებიდან 24 თებერვალს დაიწყეს ჯარების გაყვანა. ამავე წლის 17 მარტს უკრაინის პარლამენტმა, მინსკის შეთანხმების სრული გათვალისწინების საფუძველზე დაამტკიცა საპარლამენტო კანონი დონბასისთვის "სპეციალური სტატუსის" მინიჭების შესახებ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, სტეფან პოლტორკამა 2015 წლის ივნისში განაცხადა, რომ მინსკი 2-ის ძალაში შესვლის შემდეგ კონფლიქტის რეგიონებში 100-ზე მეტი ჯარისკაცი და 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რაც ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ სეპარატისტთა მხარე, რომელთა უკანაც რუსეთი იდგა, არ ასრულებდა შეთანხმებას. ამასთანავე, 2015 წლის 10 ივნისს დე-ფაქტო მთავრობების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ სურვილი, "შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას".

ფოტო: NATIONALIA

იმ ფაქტს, რომ მინსკი 2-ის შეთანხმება ვერ შესრულდა, ადასტურებს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერიის განცხადებაც, რომ 2016 წლის მარტამდე მინსკის ხელმოწერიდან მინიმუმ 430 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. აქვე გამოჩნდა შეთანხმების სისუსტე — 2016 წლის 27 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არ იყო შეთანხმების მხარე, არამედ არსებობდა 2 დაპირისპირებული ბლოკი და რუსეთი იყო პროცესის დამკვირვებელი. ასე რუსეთი ცდილობდა, აერიდებინა როგორც კონფლიქტის მოგვარების, ასევე, შეთანხმების შესრულების ვალდებულება.

არ შესრულდა სხვა პუნქტებიც — შეფერხდა მძევლების გათავისუფლების პროცესი, რაც შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ისინი აცხადებდნენ, რომ ვერ ახერხებენ საჭიროების მქონე ტერიტორიებთან უპრობლემო კავშირს და მათთვის დახმარების აღმოჩენას. ქვეყანა არ დაუტოვებია არც რუსულ სამხედრო ტექნიკას.

რა არის ნორმანდიის ფორმატი

უკრაინა-რუსეთის პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო საზოგადოებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი — ნორმანდიის ფორმატი არსებობს. ოფიციალურად ჯგუფი 2014 წლის 6 ივნისს შეიქმნა. შეხვედრები ჩატარდა 2014, 2015 და 2016 წლებში, ხოლო 2016 წლიდან 2019 წლის შემოდგომამდე პროცესი შეჩერებული იყო. 2022 წლის იანვარში 3-წლიანი პაუზის შემდეგ პროცესი გააქტიურდა.

აღნიშნული ფორმატი საფრანგეთს, გერმანიასს, რუსეთსა და უკრაინას აერთიანებს. ისინი პირველად ერთმანეთს 2014 წელს ნორმანდიაში შეხვდნენ და მას შემდეგ არიან ჩართულნი უკრინის გარშემო მშვიდობის დამყარებისთვის ბრძოლაში. საფრანგეთი და გერმანია მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მინსკი 2 შეთანხმების დადებაშიც. ამ ოთხეულს სხვანაირად ნორმანდიის კონტაქტ ჯგუფსაც უწოდებდნენ.

ნორმანდიის ფორმატის ქვეყნების შეხვედრა.

ფოტო: NewEurope

ნორმანდიის ფორმატის ბოლო შეხვედრა პარიზში, 2022 წლის 26 იანვარს გაიმართა, რომელსაც 28 იანვარს პუტინი-მაკრონის სატელეფონო ზარი მოჰყვა. სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრა მარტში გაიმართება — და აქ მხარეები ისევ მინსკი 2-ის შეთანხმებაზე ამყარებენ იმედებს.

როგორ ვითარდება მოვლენები დღეს

მთავარი მიზეზი, რამაც შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას 2015 წელს ხელი შეუშლია, იყო რუსეთის პოზიცია, რომ ის არ არის კონფლიქტის მხარე და შესაბამისად, არ აქვს ვალდებულება შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მინსკი 2-ის შეთანხმება ახლა შეიძლება მართლა იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების სივრცე. თუმცა, ექსპერტებს ჯერ კიდევ უჭირთ გადაჭრით პოზიციების დაფიქსირება — იქნება თუ არა ამ შეთანხმების იმპელემენტაცია უკრაინისთვის სასარგებლო. მოსკოვს მინსკი 2-ის შეთანხმება უკრაინის NATO-ში წევრობის დასაბლოკად სურს, თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს არასდროს ექნება უფლება დე-ფაქტო ვეტო დაადოს უკრაინის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

კიევში აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმების სრულად იმპლემენტაცია პოლიტიკურად შეუძლებელია. მეტიც, უკრაინის მოსახლეობა ამ შეთანხმების შესრულებას ეროვნული ინტერესების ღალატად აღიქვამს. განსაკუთრებულად საგანგაშო მათთვის საკონსტიტუციო რეფორმის მიღების ვალდებულებაა, რის შედეგადაც შეიძლება პრო-რუს სეპარატისტებს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში ვეტოს უფლება მიენიჭოთ.

"რთულია მათ შეთანხმებები უწოდო, მათი ხელმოწერა რუსეთის იარაღის ქვეშ, გერმანიისა და საფრანგეთის ზედამხედველობით მოხდა. ყველა რაციონალური ადამიანისთვის გასაგები იყო, რომ მათი იმპლემენტაცია შეუძლებელია", — განუცხადა ამერიკის ხმას ალექსეი დანილოვმა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა. ექსპერტთა უმრავლესობა ხელშეკრულების გადახედვაზე საუბრობს. საერთაშორისო სისტემაში შეცვლილი მოცემულობებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების შინაარსი და ფორმა ცვლილებებს საჭიროებს.

ფოტო: Global News

8 თებერვალს პუტინი-მაკრონის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტმა ირონიულად მიმართა უკრაინელ კოლეგას და უთხრა, რომ "მოგწონს თუ არ მოგწონს" მინისკის შეთანხმება უნდა შეასრულო, "ჩემო ლამაზოო". პუტინმა არაერთხელ დაადანაშაულა კიევი მინსკის შეთანხმების უგულებელყოფაში და ამტკიცებდა, თითქოს ახალმა ხელისუფლებამ აიღო კურსი ამ შეთანხმების "დემონტაჟზე". იქვე მაკრონმა აღნიშნა, რომ მხარეები აგრძელებენ ძალისხმევას ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, რომ სრულად დაიცვან მინსკის შეთანხმება და დაარეგულირონ კონფლიქტი დონბასში.

15 თებერვალს რუსეთის დუმამ პუტინს მიმართა მოთხოვნით, უკრაინის ტერიტორიები დონბასი და ლუგანსკი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიაროს, რაც ნამდვილად არ არის მინსკის შეთანხმების სულისკვეთება. პუტინმა პირდაპირ არ თქვა აპირებს თუ არა ამას და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დონბასის პრობლემების გადასაჭრელად, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმების მიხედვით. თუმცა, იქვე ტრადიციული რიტორიკით აღნიშნა, რომ ეს თხოვნა რუსების უმრავლესობის სურვილმა განაპირობა. პასუხად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ თქვა, რომ აღიარების შემთხვევაში, რუსეთი დე ფაქტოდ და დე იურედ გავა მინსკის შეთანხმებებიდან.

16 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ ქვეყანამ უნდა გადახედოს მინსკის შეთანხმებას და ახალს მოაწეროს ხელი. 57% ფიქრობს, რომ შეთანხმება რუსეთის გამო არ მუშაობს, 10% კი დამნაშავედ ლუგანსკის სეპარატისტულ რეჟიმს ასახელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ