უკრაინა ომის ზღვარზე — რა ხდება
რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა იმატებს — დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ იქითაა მიმართული, სადაც გასული წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ძალები გადაისროლა. აშშ ამას "კრიტიკულ მომენტს" უწოდებს და ამბობს, რომ რაც ახლა უკრაინაში ხდება, საყოველთაო ყურადღებას მოითხოვს.
მთავარი კითხვა ახლა ასე ფორმულირდება — შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში? როგორც საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, ამაზე პასუხი რეალურად მხოლოდ პუტინს აქვს. უფრო ფართო სურათის პროგნოზირება რთულია, თუმცა ბოლო თვეებში მიმდინარე პროცესების ფონზე, შეგვიძლია გავიხსენოთ, ვინ რა თქვა და ვინ სად დგას ამ სიტუაციაში.
როგორ დაიწყო ყველაფერი
რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ საუბარი 2021 წლის მარტშიც იყო. მაშინ უკრაინა მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებაზე იტყობინებოდა — ანექსირებულ ყირიმში პუტინმა ძალები გაზარდა და ადგილზე მინიმუმ 80 000 ჯარისკაცი, ათასობით ტანკი და საბრძოლო მანქანა განალაგა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა 22 აპრილს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა და სამხედრო შემოწმების დასრულება გადაწყვიტა.
მას შემდეგ, შესაძლო შეჭრაზე საუბარი დღის წესრიგში შემოდგომაზეც დადგა — უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.
ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა მოკავშირეები ნოემბერშივე გააფრთხილეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელის შეშლისთვის ცოტა დრო დარჩა — დაზვერვამ რუსეთის შეჭრის სავარაუდო თარიღად 2022 წლის დასაწყისი ივარაუდა.
The New York Times-ის თანახმად, რუსი სამხედროების უკრაინაში მობილიზების ცნობების ფონზე, აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მათთან მუშაობისკენ მოუწოდა, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეემუშავებინათ. 2 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი მკაცრად გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა.
6 დეკემბერს კი The Washington Post აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და მათ მიერ მოპოვებული დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს.
რას ამბობს რუსეთი
პარტნიორების გაფრთხილებისა და სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე, რუსეთმა გასულ თვეებში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში შესვლის დაპირების გაუქმება არაერთხელ მოითხოვა. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის საფუძველზე, სერიოზული გრძელვადიანი სამართლებრივი გარანტიებია საჭირო, რაც გამორიცხავს NATO-ს შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთში და რუსეთის საზღვრებთან "საფრთხისშემცველი იარაღის სისტემების განლაგებას".
ამას დეკემბრის ბოლოს ლავროვის უწყებისგან "უსაფრთხოების გარანტიების" მოთხოვნა მოჰყვა. რუსეთმა "შეთანხმების პროექტი" გამოაქვეყნა, რომელშიც NATO-სა და აშშ-ს მთელი რიგი პირობები წაუყენა — მათ შორის, მოითხოვა, რომ NATO-მ უარი თქვას გაფართოებაზე, ხოლო ამერიკამ გამორიცხოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება.
თუმცა, კრემლი უკრაინაზე თავდასხმას უარყოფს — 10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა. თითქმის 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ, რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გეგმა არ აქვს — ის ამტკიცებდა, რომ არ არსებობს არანაირი საფრთხე, ამ მხრივ ესკალაცია მოხდეს.
"ჩვენ ავუხსენით კოლეგებს, რომ არანაირი გეგმა და განზრახვა უკრაინაზე თავდასხმის არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ყველა ღონისძიება, რომელიც ჯარების საბრძოლო მომზადებას ეხება, ჩვენს ტერიტორიაზე ხორციელდება", — თქვა მან.
ინტენსიური შეხვედრები მხარეებს შორის იანვარის ბოლოსაც გაგრძელდა. 21 იანვარს სერგეი ლავროვი ენტონი ბლინკენს შეხვდა. ლავროვმა მიიღო პირობა, რომ მათ "უსაფრთხოების გარანტიების" მოთხოვნაზე აშშ-ისგან წერილობითი პასუხი ექნებათ, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, სწორ გზაზე არიან თუ არა.
"ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც შემდეგ კვირას, ჩვენს მოთხოვნებზე ამერიკულ პასუხს მივიღებთ", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
რას ამბობს უკრაინა
უკრაინა თავის მისწრაფებებს, რაც რუსეთს ასე აღიზიანებს, არ თმობს — საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ 9 დეკემბერს სატელევიზიო ინტერვიუში რუსეთთან დათმობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა თუ ეს ლეგიტიმური მოთხოვნები იქნება და არა ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რომლებზეც უკრაინის განვითარება დგას.
"ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და მზად ვართ, რომ თუ რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს ამას, დათმობაზე წავიდეთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტური საკითხების დათმობას, როგორიცაა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მოთხოვნები გონივრული და ლეგიტიმური უნდა იყოს. რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ თავისი საგარეო პოლიტიკა მიატოვოს, არალეგიტიმურია", — განაცხადა მან.
ამასთან, უკრაინას რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც კულებამ ისაუბრა, თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტს, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, პუტინს მძიმე ფასი უნდა გადაახდევინონ. მისი თქმით, რუსეთს ახლა სუსტი უკრაინა და სუსტი ევროპა სურს, თუმცა ნათლად უნდა აჩვენონ, რომ უკრაინა და პარტნიორები ერთიანები არიან და მათი სურვილი ყველასთვის მომგებიანი სიტუაციის არსებობაა.
ამ ყველაფერს 13 იანვარს უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა დაერთო, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს". მოგვიანებით, უკრაინამ განაცხადა, რომ ამის უკან რუსეთი იდგა — ამას 19 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა, სადაც ის მოსახლეობას "დამშვიდებისკენ" მოუწოდებდა. მისი თქმით, საჭიროა, მოქალაქეებმა საკუთარი თავის, არმიისა და უკრაინის რწმენა არ დაკარგონ. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთისგან საფრთხე უკვე 8 წელია არსებობს და აგრესიის შანსები ახლა არ გაზრდილა.
მომდევნო დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ თუ რუსეთის ქმედება "მცირე შეჭრა" იქნება, ეს გამოიწვევს კამათს, რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკამ. ამას ზელენსკი იმავე დღეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები, ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი.
"გვინდა შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვისთვის. ამას ვამბობ, როგორც დიდი ძალის პრეზიდენტი".
ბაიდენის ეს განცხადება ბევრმა გააკრიტიკა. ამერიკელმა სენატორმა, რობ პორტმანმა აღნიშნა, რომ ეს საფრთხის დანახვის არასწორი გზაა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უნდა განიხილებოდეს, როგორც მთავარი, რამაც შესაძლოა, უკრაინასა და ევროპაში დესტაბილიზაცია მოახდინოს.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ და რუს კოლეგებთან სამმხრივი მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ შეთავაზებით ჯო ბაიდენს უკვე მიმართეს. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამერიკულმა მხარემ ეს საინტერესოდ აღიქვა, რუსეთის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია.
რას ამბობენ აშშ და NATO
უკრაინაში რუსული ძალების მობილიზების ცნობების გავრცელებას თან ახლდა აშშ-ის მყისიერი განცხადებები, რომ შეჭრას გადამწყვეტად უპასუხებენ. აშშ თავიდანვე ხაზს უსვამდა, რომ გაურკვეველია, რას იზამს პუტინი, თუმცა თუ მოსკოვი მეზობლის წინააღმდეგ ახალ აგრესიას დაუდებს სათავეს, ამით სერიოზულ შეცდომას დაუშვებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ის ამბობდა, რომ არ იციან, რა გადაწყვიტა პუტინმა, თუმცა იციან, რომ რუსეთი "ამის შესაძლებლობას ამზადებს".
"გაურკვევლობის მიუხედავად, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა შემთხვევისთვის", — აღნიშნა მან.
ბლინკენი ირწმუნება, რომ "უკრაინაზე უკრაინის გარეშე არაფერი იქნება". მისი თქმით, აშშ და მოკავშირეები რუსეთის ნებისმიერი არჩევანისთვის მზად არიან — ის რუსეთის წინაშე ორ, დიპლომატიისა და აგრესიის გზას ხედავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საკითხზე შეხვედრებს ინტენსიურად მართავს — 20 იანვარს ის გერმანიაში ჩაფრინდა, სადაც რუსეთის უახლესი დიპლომატიური ჩართულობა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად ერთობლივი ძალისხმევა განიხილა. ბლინკენი იმყოფებოდა უკრაინაშიც, სადაც თქვა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. ამის შემდეგ, ის ჟენევაში ლავროვს შეხვდა.
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც. მან კოლეგებთან ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. ბაიდენის ეს განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც "მცირე შეჭრაზე" დაიწყო საუბარი — ეს ზოგიერთმა რუსეთისთვის "მწვანე შუქად" მიიჩნია.
"კონფლიქტის რეალურ რისკს" ხედავს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. მან 19 იანვარს გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა. მანამდე, განაცხადა, რომ შეჭრის შემთხვევაში საფასური "მძიმე" იქნება.
"ვარიანტების ფართო სპექტრი გვაქვს: ეკონომიკური სანქციები, ფინანსური სანქციები, პოლიტიკური შეზღუდვები", — თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გაფართოებაზე რუსეთის პრეტენზიების პარალელურად კი, სტოლტენბერგი კვლავ ხაზს უსვამს, რომ "ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა".
ფოტო: საქართველოს მთავრობა
"NATO-ს ურთიერთობას უკრაინასთან გადაწყვეტს NATO-ს 30 მოკავშირე და უკრაინა, სხვა არავინ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, რომელშიც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები", — აღნიშნა მან.
სად არის ამ დროს საქართველო
8 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განაცხადა, რომ სჯერა, მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია. თუმცა მეზობელი ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოხატვა დააგვიანა საქართველოს მთავრობამ.
ფოტო: ანა მსხალაძე/On.ge
ფოტო: ანა მსხალაძე/On.ge
20 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიმართ პოზიციას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია. მანვე თქვა, რომ მხარდაჭერის გამოხატვის ფორმებზე "შეჯერდებიან" და კონსულტაციები ექნებათ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც.
მხოლოდ 23 იანვარს შეუერთდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას საჯაროდ. მან პოსტი ჰეშთეგით, #StandWithUkraine Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", — დაწერა მინისტრმა.
24 იანვარს ესაუბრა ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრი კულებას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, კულებას სატელეფონო საუბრის დროს "მტკიცე თანადგომა" გამოუცხადა. თუმცა ამ დრომდე არაფერი უთქვამს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
პარალელურად, ოპოზიციურმა ფრაქციებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავეს და ქართულ ოცნებას კიევში ერთობლივი საპარლამენტო ვიზიტის დაგეგმვა შესთავაზეს. აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა მხარდაჭერა გამოხატეს 23 იანვარს, უკრაინის საელჩოსთან გამართული აქციითაც და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უკმაყოფილება, რომ მთავრობა უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვას არ ჩქარობს.
ვითარება ახლა
ფოტო: AP Photo
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
სახელმწიფო დეპარტამენტი უსაფრთხოების მოტივით ნაბიჯებს უკვე დგამს — აშშ-მ კიევის საელჩოდან მეორეხარისხოვანი პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს "სიფრთხილის გამო" ხდება, რადგან ქვეყანაში პერსონალის მიმართ საფრთხე ბოლო დღეების განმავლობაში არ გაზრდილა. უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების გაყვანა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც. საელჩოების შემცირებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი "გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია".
ამასთან, 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს, საომარ ხომალდებსა და თვითმფრინავებს აგზავნის. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, NATO მოკავშირეების დასაცავად ყველა საჭირო ზომის მიღებას გააგრძელებს.
გარდა ამისა, ბალტიის ქვეყნებმა უკრაინის დახმარება NATO-სგან შეძენილი იარაღით გადაწყვიტეს — აშშ-მ ბალტიისპირეთის ქვეყნებს უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნის უფლება მისცა, თუმცა ამის უფლებას NATO-ს წევრ ქვეყანას არ აძლევს გერმანია. 21 იანვარს The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ გერმანიამ მათი წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემა ესტონეთს დაუბლოკა.
24 იანვარს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობაზეა საუბარი. აქ შეფასებულია რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და აღნიშნულია, რომ 21-ე საუკუნეში "გავლენის სფეროების" შესახებ შეხედულებების ადგილი არ არის. ევროკავშირის საბჭომ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და მათ დეესკალაციისკენ მოუწოდა.
იმაზე, თუ რას გეგმავს რუსეთი, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ბრიტანეთმაც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება. ლავროვის უწყებას არც ეს დაუდასტურებია და მეტიც, დიდი ბრიტანეთის საგარეო "პროვოკაციაში" დაადანაშაულა და მოუწოდა, "უაზრობის გავრცელება" შეწყვიტოს.
პარალელურად, CNN-ის ფოტოგრაფმა, ტიმოთი ფადეკმა ერთი დღე ლუგანსკის რეგიონში უკრაინელ სამხედროებთან ერთად გაატარა — ის ჰყვება, რომ ჯარისკაცები შეგუებულები არიან თავდასხმის გარდაუვლობას, თუმცა უცნაურად მშვიდად განწყობილები ელიან მას.
"ნერვიულობის ნიშანიც კი არ არის მათ სახეებზე. ისინი მზად არიან ბრძოლისთვის, უკვე მრავალი წელია მზად არიან. ეს არ უნდათ. მათ ვკითხე, "გინდათ ომი?" და მითხრეს, რომ "რა თქმა უნდა, არა".
ნახეთ ფოტოები ადგილიდან:
უკრაინელი ჯარისკაცი ავდიივკაში, განადგურებულ ინდუსტრიულ ზონაში.
ფოტო: Timothy Fadek/Redux for CNN
42 წლის ჟანა, ლეიტენანტი და ექიმი ავდიივკაში.
გასულ წელს, ჯარში მოსვლამდე, ის ადგილობრივ საავადმყოფოში პედიატრი იყო. ჟანას ქმარი ჯარში ოფიცერია.
"არ ვარ დარწმუნებული, იქნება თუ არა თავდასხმა, მაგრამ მზად ვარ, რომ ჯარისკაცებს ვუმკურნალო, თუ ბრძოლაში დაიჭრებიან".
ჯარისკაცი ფრონტის ხაზს აკონტროლებს
ფოტო: Timothy Fadek/Redux for CNN
უკრაინელი სამხედრო და კატა
უკრაინელი სამხედროები სატვირთო მანქანაში სხედან. სლოვიანოსერბსკი, უკრაინა, 21 იანვარი
ფოტო: Timothy Fadek/Redux for CNN
უკრაინელი სამხედრო აკონტროლებს ტერიტორიას ავდიივკაში
ფოტო: Timothy Fadek/Redux for CNN
ადგილობრივი ველოსიპედით გადაადგილდება. ქალაქი მარინკა
ფოტო: Timothy Fadek/Redux for CNN
"მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ქალაქი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან 15 მილზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული, მოქალაქეები ცდილობენ, რომ ცხოვრება რამდენადაც შესაძლებელია, ნორმალურად გააგრძელონ", — ამბობს ჟურნალისტი.
უკრაინელი სამხედროები
ფოტო: Timothy Fadek/Redux for CNN
კომენტარები