ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
ფოტო: geralt/Pixabay/Canva
მეცნიერებს მრავალი ხელსაწყო აქვთ შექმნილი, რომლებიც ჩვენს ბიოლოგიურ დაბერებას შეიძლება ზომავდეს: არამხოლოდ ასაკს, არამედ ორგანოებისა და უჯრედების "ხანდაზმულობას". ამ ხელსაწყოთაგან მრავალი ეპიგენეტიკური "საათებია". ისინი დნმ-ზე არსებულ იმ ქიმიურ ნიშნებს ითვლის, რომლებიც ასაკთან და სტრესთან ერთად გროვდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საზომი ყოველთვის სანდო არაა.
ახალი ნაშრომის ავტორებმა საათი შექმნეს, რომელიც გენების აქტივობაზეა დაფუძნებული. იგი სიცოცხლის ხანგრძლივობას უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირებს.
როგორც მკვლევრები განმარტავენ, ბიომარკერებზე დაფუძნებული ალგორითმი სხვადასხვა სახეობაში ბიოლოგიური დაბერების მაჩვენებელს მოასწავებს და განსაზღვრავს, როდის იზრდება ან მცირდება იგი.
ახალი საათი ე.წ. ტრანსკრიპტომული საათია: იგი რნმ-ის იმ მოლეკულებს სწავლობს, რომლებიც გენებს ცილებად თარგმნის. ამის მიზანი იმის დადგენაა, თუ რომელი გენებია ჩართული და რომელი — გამორთული. ეს აქტივობა ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, ამიტომ ამ ინფორმაციის "დაბერების ხელწერად" გამოყენება შეგვიძლია.
ახალი კვლევის ინოვაციურობა იმაშია, რომ ავტორებმა 4 სხვადასხვა სახეობისგან (თაგვები, ვირთხები, მაკაკები და ადამიანები) მიღებული დიდი მონაცემები (11 000 ნიმუში) შეისწავლეს. ამასთან ერთად, მათ დაბერების პროცესები სხვადასხვა სახეობასა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შორის შეადარეს.
ისეთი პროცესები, როგორებიც უჯრედების ჯანსაღი დაყოფა და ჭრილობების შეხორცებაა, მოლეკულურ დაბერებას აფერხებს. ხოლო უჯრედების კვდომასთან და ანთებით პროცესებთან დაკავშირებული გენები სწრაფ დაბერებას უკავშირდება.
ეს მიგნებები ნაშრომის ავტორებმა ახალ მოლეკულურ საათს მოარგეს. აღმოჩნდა, რომ საათი სწრაფ და ნელ ბიოლოგიური დაბერებას ერთმანეთისგან სწორად არჩევს. ამასთან, სიკვდილიანობის რისკსაც სწრად საზღვრავს.
საათმა დაბერების განმსაზღვრელი ფაქტორებიც სწორად ამოიცნო, მაგალითად, ქრონიკული დაავადებები. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა უფრო მარტივი გამოსაყენებელია, ვიდრე ეპიგენეტიკური საათები, რომლებიც 2013 წლიდან მოყოლებული არსებობს.
დაბერების გენეტიკური ნიშნები ოთხივე სახეობაში მკვეთრად ჩანდა და ერთმანეთს შეესაბამებოდა. ეს კანონზომიერება უჯრედების სხვადასხვა ტიპს შორისაც ვლინდებოდა, მაგალითად, კუნთებისა და სისხლის უჯრედებს შორის.
სავარაუდოდ, ეს ბიომარკერები ნამდვილად დაბერების ნიშნებს წარმოადგენს, თუმცა უცნობია, თავად თუ იღებს ეს მარკერები დაბერების პროცესში მონაწილეობას.
შესაძლოა, ახალი ხელსაწყო დაბერების საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალების ეფექტიანობის შესაფასებლად გამოვიყენოთ, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ან წამლების. ისიც აღსანიშნავია, რომ ახალი საათი უკეთ შესწავლასა და დახვეწას საჭიროებს.
ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები