როგორც წესი, ქალაქები სოფლებთან შედარებით 1-3°C-ით უფრო ცხელია. ამის მიზეზი ისაა, რომ ასფალტი, ბეტონი და აგურები მზის სითბოს შთანთქავს და შემდგომ მას უფრო ნელა ასხივებს. ზოგი ქალაქი 7°C-ით უფრო ცხელიც კია. ამ ფენომენს ურბანულ სითბურ კუნძულს უწოდებენ.

ეს ყველაფერი შეიძლება საშიშიც იყოს, განსაკუთრებით უფრო თბილ ქვეყნებში. ექსტრემალური სიცხის პირობებში ორგანიზმის გაუწყლოება და გადახურება რეალურ რისკებს წარმოადგენს.

ერთ-ერთი გამოსავალი ხეების დარგვაა, ამ რეკომენდაციას მსოფლიოში უამრავი ქვეყანა უკვე ათწლეულებია მისდევს. მეორე მხრივ, ჩნდება შეკითხვაც: რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდი? რამდენად უფრო ცხელი იქნებოდა ქალაქები ხეების გარეშე?

ამის დასადგენად ახალი ნაშრომის ავტორებმა მსოფლიოს 9000-მდე ქალაქის მონაცემები შეისწავლეს, რომლებშიც ჯამურად დაახლოებით 3,6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. კვლევით დადგინდა, რომ ხეები ქალაქებში სიცხეს თითქმის ანახევრებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ქალაქში ხეებს თანაბარი სიხშირით არ რგავენ. უფრო მდიდარ და ნესტიან ქალაქებში საშუალოდ უფრო მეტი ხეა ხოლმე დარგული.

ხეები ჩრდილს წარმოქმნის, რის გამოც ასფალტი და შენობები სითბოს ნაკლებად აგროვებს. გარდა ამისა, ხის ფოთლებიდან წყლის ორთქლი გამოიყოფა (ამ პროცესს ტრანსპირაცია ეწოდება), რაც ტემპერატურას ამცირებს.

დავუბრუნდეთ კვლევის მთავარ შეკითხვას: რამდენად ცხელი იქნებოდა ქალაქები ხეების გარეშე? ამის დასადგენად მეცნიერებმა ჰაერის ტემპერატურისა და ხეების რაოდენობის შესახებ არსებული გლობალური მონაცემები შეისწავლეს, როგორც აღვნიშნეთ, 9000 ქალაქიდან. ამის შემდეგ მკვლევრებმა წარმოსახვითი სცენარის მოდელი შექმნეს, რომელშიც ხეების ფაქტორი აღარაა გათვალისწინებული. საბოლოოდ მოდელი ამჟამინდელ სიტუაციას შეადარეს.

გლობალურად ხეები ურბანული სითბური კუნძულის ეფექტს თითქმის 50%-ით ამცირებს. საშუალოდ ეს ეფექტი 1-3°C-ს ამატებს, ამიტომ ბევრი ქალაქი 0.5–1.5°C-ით გრილდება. ექსტრემალური სიცხის შემთხვევაში ეს შეიძლება მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს, თუმცა ყველა ქალაქი განსხვავებულად გრილდება.

ისეთ ცხელ და მშრალ ქალაქებში, როგორიც ფინიქსია (აშშ), ხეები ჰაერის ტემპერატურის მხრივ უზარმაზარ განსხვავებას ქმნის. ხოლო ზომიერი კლიმატის ქალაქებში (მაგალითად, ლისაბონი ან გეტებორგი) ამ გაგრილებას მაინც მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს, თუმცა გაცილებით ნაკლები.

ამ ყველაფერთან ერთად, კვლევა კლიმატის ცვლილების ფაქტორსაც უსვამს ხაზს. მეცნიერთა გამოთვლებით, თუ გლობალური დათბობა ამ ტემპით გაგრძელდა, 21-ე საუკუნის შუა ნაწილისთვის ხეები სიცხის სულ რაღაც 10%-ს შეაკავებს; უფრო მეტი ხის დარგვის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20%-მდე შეიძლება გაიზარდოს.

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ სიცხესთან საბრძოლველად ხეების დარგვა ერთადერთი საშუალება არ არის. ამისთვის უფრო ჭკვიანური ურბანული დაგეგმარება, ამრეკლი მასალების გამოყენება და მეტი მწვანე სახურავია საჭირო.

ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.