ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით ეგზოპლანეტა WASP-94A b-ზე უჩვეულო ატმოსფერული ფენომენი გამოავლინეს. დაკვირვებების მიხედვით, დილაობით იქ მყარი მატერიისგან შემდგარი ღრუბლები წარმოიქმნება, საღამოს კი ქრება.

ეს ობიექტი 2014 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწიდან დაახლოებით 689 სინათლის წლის მოშორებით მდებარე F ტიპის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს და ე.წ. ცხელი იუპიტერის ტიპს მიეკუთვნება — ესაა აირის გიგანტები, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავთან ძალიან ახლოს გადაადგილდება.

WASP-94A b-ის რადიუსი იუპიტერისას დაახლოებით 1.58-ჯერ აღემატება, ხოლო ვარსკვლავიდან მხოლოდ 0.055 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. შედარებისთვის, ერთი ასტრონომიული ერთეული დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილს შეესაბამება. ეგზოპლანეტა საკუთარ ორბიტაზე თითოჯერ შემოვლას სულ რაღაც ოთხ დღეს ანდომებს.

ადრეული დაკვირვებები მიუთითებდა, რომ WASP-94A b-ს ატმოსფეროში ნახშირბადისა და ჟანგბადის რაოდენობა იუპიტერისას ასობით აჭარბებდა, რაც პლანეტების წარმოქმნის მოდელებს ეწინააღმდეგებოდა. ახალი კვლევის მიხედვით, ეს შეფასება გადაჭარბებული აღმოჩნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეგზოპლანეტაზე ამ ელემენტების შემცველობა იუპიტერის მაჩვენებელს დაახლოებით ხუთჯერ აღემატება, რაც თანამედროვე თეორიებთან თავსებადია.

ეგზოპლანეტის ტრანზიტის (ვარსკვლავის დისკოს წინ ჩავლის) დროს მკვლევრებმა მისი ატმოსფეროს სხვადასხვა ნაწილი ცალ-ცალკე შეისწავლეს და ამინდის თავისებურებები გამოავლინეს. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა ცხელი იუპიტერის ტიპის ეგზოპლანეტაზე ღრუბლების ციკლს ასე დეტალურად დააკვირდნენ.

ფოტო: NASA

ახალი მონაცემებით მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, თუ რისგან შედგება ღრუბლები და როგორ წარმოიქმნება ან ქრება ისინი ეგზოპლანეტის სხვადასხვა ნაწილში. დაკვირვებების დროს ერთმანეთისგან გამიჯნეს რეგიონები, რომელთა მიმდებარედაც "დილა" და "საღამო" იყო. თავად ნათელი ნახევარსფერო, სადაც მუდმივად დღეა, პირდაპირ ვერ შეისწავლეს, რადგან ის ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული. იქ ტემპერატურა, სავარაუდოდ, 1000 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.

შედეგებმა ეგზოპლანეტის ორ მხარეს შორის მკვეთრი განსხვავება აჩვენა. დილის მხარეს (კიდე, საიდანაც ტრანზიტი იწყება) დიდი რაოდენობით ღრუბლები დააფიქსირეს, რომლებიც მაგნიუმის სილიკატს შეიცავს. ესაა მინერალი, რომელიც დედამიწის ქანებშიც გავრცელებულია. საღამოს მხარეს ასეთი ღრუბლების კვალი თითქმის არ აღმოჩნდა. მკვლევრების თქმით, გარკვეულ განსხვავებას ელოდნენ, თუმცა შედეგებმა ბევრად უფრო მკვეთრი კონტრასტი აჩვენა. შესაძლოა, ღრუბლები მხოლოდ მაგნიუმის სილიკატისგან არ შედგებოდეს და სხვა სილიკატურ მინერალებსაც შეიცავდეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მოგვეპოვება.

მეცნიერები საღამოს ღრუბლების გაქრობის ორ შესაძლო ახსნას განიხილავენ. ერთ-ერთი ვარაუდით, ისინი უკიდურესად ცხელ ნახევარსფეროში გადასვლისას ორთქლდება (დაახლოებით ისე, როგორც დედამიწაზე მზის ამოსვლის შემდეგ ნისლი ქრება ხოლმე). მეორე სცენარის მიხედვით, ძლიერ ქარს ღრუბლები ატმოსფეროს უფრო ღრმა ფენებში გადააქვს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დამატებითი დაკვირვებები ამ და სხვა ცხელი იუპიტერების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება. საინტერესოა, რომ მსგავსი ღრუბლები კიდევ ორ ობიექტზეცაა აღმოჩენილი, რაც მიუთითებს, რომ ასეთი ატმოსფერული პროცესები შეიძლება გავრცელებული იყოს

ნაშრომი გამოცემა Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.