შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
ფოტო: kalhh/Stevebidmead
ახალი ნაშრომის ავტორებმა რობოტი შექმნეს, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის (SMA) მქონე ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში დაეხმარა.
კვლევაში ექვსი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. ვარჯიშის პროგრამა ვიდეოთამაშებზე იყო დაფუძნებული. რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვებს კუნთები საგრძნობლად გაუძლიერდათ და მოძრაობის უნარიც გაუუმჯობესდათ.
SMA გენეტიკური დაავადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში კუნთების მოძრაობაში ჩართულ ნერვებს აზიანებს. მძიმე შემთხვევებში პაციენტებს დამოუკიდებლად სიარული, ჭამა და სუნთქვაც კი არ შეუძლიათ.
ახალი რობოტი 0,96 კგ-ს იწონის. ნაშრომის ინოვაციურობა იმაშია, რომ რობოტი მოძრაობას რთულს ხდის. ეს კუნთებსა და ნერვებს ააქტიურებს, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტიულია.
კლინიკურ ცდაში 6 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 6-იდან 10 წლამდეა. მათ მე-2 ტიპის SMA აქვთ. არც ერთ მათგანს ეტლიდან დამოუკიდებლად ადგომა არ შეეძლო. ცდისპირებმა რობოტის დახმარებით 6-კვირიანი სავარჯიშო პროგრამა გაიარეს. ვარჯიშები ინტერაქტიური ვიდეოთამაშების სახით იყო მოცემული.
ვიდეოთამაშის ინსტრუქციების შესრულებისას ბავშვებს მუხლებზე მსუბუქი რობოტი ჰქონდათ მიმაგრებული. ერთ-ერთი ინსტრუქცია ვირტუალური ბურთისთვის დარტყმა იყო, რაც ფეხის გაშლით უნდა მოეხერხებინათ. დახმარების ნაცვლად რობოტმა ბავშვებს ხელი შეუშალა. რაც უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო დარტყმა, მით უფრო მეტ წინაღობას იღებდა ბავშვი რობოტისგან. ამან კუნთები და ნერვები უკეთ აამუშავა.
ბავშვებმა 6 კვირის განმავლობაში 30 მსგავსი სესია გაიარეს. პროგრამის ბოლოს კუნთების სიძლიერისა და მოძრაობის სიმარტივის მხრივ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა. ბარძაყის ოთხთავა კუნთის ზომა წინა მხარეს 19%-ით გაიზარდა, კუნთის სიძლიერე კი 130%-ით. ეს ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლებია.
ცდისპირებს მუხლებიც გაუძლიერდათ, რაც ყოველდღიური მოძრაობის შესამჩნევი გაუმჯობესებითაც გამოიხატა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ექვსივე მონაწილემ ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომა შეძლო. შედეგი მაშინაც კი შენარჩუნდა, რაც ბავშვებმა რობოტის გამოყენება შეწყვიტეს და ჩვეულებრივ ფიზიოთერაპიას დაუბრუნდნენ.
ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები