Apple გეგმავს iPhone-ისთვის ახალი სერვისის შემოღებას, რომელიც მომხმარებლებს ჯგუფური ვახშმის ან სხვა ღონისძიებების ანგარიშის გაყოფის საშუალებას მისცემს. ამ ნაბიჯით კომპანია ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტების სფეროში კიდევ უფრო ღრმად შედის და მესამე მხარის აპლიკაციებს ეჯიბრება.

ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გადაიღონ ქვითრის ფოტო, თითოეულ ადამიანს მიანიჭონ შესაბამისი პუნქტები და გადახდის მოთხოვნა გაუგზავნონ — ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს გამოცემა Bloomberg. Apple ამ სერვისის გამოცხადებას სხვა დანარჩენ სიახლეებთან ერთად მომავალ კვირას, Worldwide Developers Conference-ზე გეგმავს.

ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება

ეს ფუნქცია Apple-ის ფინანსური სერვისების გაფართოების უახლეს ნაბიჯს წარმოადგენს. 2014 წელს Apple Pay-ის შემოღების შემდეგ, კომპანიამ გამოუშვა Apple Card და Goldman Sachs Group Inc.-ის მხარდაჭერილი შემნახველი ანგარიში, ასევე ინსტრუმენტები, რომლებიც ბიზნესს iPhone-ის საშუალებით გადახდების მიღების საშუალებას აძლევს.

ინიციატივები შეუფერხებლად არ განვითარებულა. Apple Card-ის პარტნიორობამ Goldman Sachs-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითი გავლენა იქონია და ბანკი ამ ბიზნესის JPMorgan Chase & Co.-ზე გადაცემაზე მუშაობს. Apple-მა ასევე შეწყვიტა "იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით"-ის ტიპის სერვისი, გაშვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.

ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება Wallet აპლიკაციის ან Messages-ის საშუალებით. მომხმარებლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გადახდები Apple Watch-ით დაამტკიცონ. სერვისი Apple Cash-თანაა დაკავშირებული — კომპანიის პირდაპირი გადახდების სისტემასთან. Apple-მა ადრე დაამატა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს მოწყობილობების ერთმანეთთან შეხებით ფულის გადარიცხვის საშუალებას აძლევს.

ახალი ინსტრუმენტი ითვლის თითოეული ადამიანის წილს ანგარიშში — პროდუქტის ღირებულებასა და გადასახადებთან ერთად და დაეხმარება Apple-ს ახალგაზრდა მომხმარებლებთან დაახლოებაში, რომლებიც ფულს სულ უფრო მეტად აპლიკაციების მეშვეობით მართავს და არა ტრადიციული ბანკების გზით.

ანგარიშის გაყოფის სერვისი კომპანიის შემოდგომის პროგრამული განახლებების ნაწილია, რომლებიც სხვა მხრივ ხელოვნურ ინტელექტზე, განახლებულ Siri ვირტუალურ ასისტენტსა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. iOS 27-ის განახლება ასევე მოიცავს AI-ზე დაფუძნებულ ფოტოს რედაქტირების ინსტრუმენტებს, Siri-ს კამერის ახალ რეჟიმსა და დიზაინის ცვლილებებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.