კრიზის მენეჯერიდან მოღალატემდე

მოდით დავიწყოთ, 18 თებერვლით, რადგან ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

ფოტო: გახარია / FB

გახარია პრემიერმინისტრობამდე ამტკიცებდა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი არ ჰქონდა, წასვლამდე 6 დღით ადრე კი ამბობდა, რომ ჯერ "მხოლოდ მოდის". მაგრამ წავიდა.

წასვლამდე ის ხშირად მოიხსენიეს, როგორც საუკეთესო კრიზის მენეჯერი, თენგიზ ცერცვაძემ მას დარტანიანიც უწოდა. თუმცა ყველა შეფასება პოზიტიური როდი იყო — მას ხშირად ახსენებდნენ გავრილოვის ღამეს და "თვალთხარიასაც" ეძახდნენ. თანამდებობიდან წასვლის, თუმცა პოლიტიკიდან არ წასვლის შემდეგ, გახარია ქართული ოცნებისთვის მალევე გახდა კოკაიშნიკი, მოღალატე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ნაცი".

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

2021 წლის არჩევნების წინ გახარიამ საპატიო ადგილი დაიკავა ე.წ. სისხლიან ბილბორდებზე. ბანერს "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ახალი წარწერა — "არა ღალატს" დაამატეს. არჩევნებში გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის მონაწილეობა მიიღო, თავად კი თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა ვერ გაიმარჯვა.

მეორედ მოსვლა

ფოტო: საქართველოს მთავრობა

გახარიას გადადგომიდან 7 საათში ცნობილი გახდა, რომ შემდეგი პრემიერმინისტრი ყოფილი პრემიერმინისტრი იქნებოდა. ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მკაცრი ტონით განუცხადა, რომ წესრიგს აღადგენდა.

22 თებერვალს ის ოფიციალურად გახდა ახალი პრემიერმინისტრი და მაშინვე დაიწყო "წესრიგის აღდგენა" — ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის მე-2 დღეს ენმ-ის ოფისში სპეცრაზმი შევიდა და ნიკა მელია დააკავა.

მეორედ მოსული პრემიერის მეორედ წასვლაზე ინფორმაციას სხვადასხვა მედია პერიოდულად ავრცელებს. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ღარიბაშვილმა ერთხელ იხუმრა კიდეც: "გეტყვით ხუმრობით, მე უკვე გუშინ გადავდექი". თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გადადგომამდე თითქმის ყველა პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ არსად არ მიდის.

ენმ-ის ოფისში სპეცრაზმის შეჭრა და მელიას დაპატიმრება

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. სპეცრაზმი შენობაში როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან შევიდა. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. იმ დღეს, მელიას გარდა, "პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო" კიდევ 21 ადამიანი დააკავა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/პირველი არხი

მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნიორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია.

მელიას დაკავების გამო წასულმა გახარიამ რამდენიმე თვის შემდეგ თქვა, რომ მელია, რა თქმა უნდა, დასაკავებელი იყო, თუმცა პრობლემას ფორმა წარმოადგენდა.

(ვერ) მიღწეული შეთანხმება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს, პოლიტიკური კრიზისის დროს ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2 მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგის განახლების საკითხები განიხილეს და კრიზისის დასაძლევად პირველ 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

12 მარტს შარლ მიშელის გადაწყვეტილებით საქართველოში მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა. 18 მარტს, 10-საათიანი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

16 აპრილს ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. უკვე 18 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზეს და მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მისცეს.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ კი, 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა.

ნიკა მელიას გათავისუფლება

ნიკა მელიამ რუსთავის #12 ციხე 10 მაისს დატოვა. მისი გათავისუფლება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს დადებული შეთანხმების ნაწილი იყო. თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვდნენ.

27 აპრილს საპატიმრო გიორგი რურუამაც დატოვა. ის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

დოკუმენტის ანულირება

შარლ მიშელის შეთანხმებიდან 100 დღის შემდეგ, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ დოკუმენტი ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან შეთანხმების არშესრულება ოპოზიციას დააბრალა. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

ენმ-მ მიშელის დოკუმენტს ხელი მხოლოდ ანულირების შემდეგ, 2 სექტემბერს მოაწერა.

ძალადობრივი კონტრაქცია და ვერ (არ) დაცული მოქალაქეები

5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის გამო მარში ვერ შედგა.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / EuronewsGeorgia.com

ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად იქნა აღქმული პრემიერმინისტრის 5 ივლისს დილით გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნდა დაანონსებული მარშის ჩატარება. ღარიბაშვილის მტკიცებით, "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები" პირიქით, უმცირესობების დისკრიმინაციას უწყობს ხელს. პრემიერმინისტრის აზრით, საქართველოში ლგბტ თემის წევრებს არავითარი საფრთხე არ ექმნებათ და "აბსოლუტურად ნორმალურ" ვითარებაში ცხოვრობენ, თუმცა განსხვავებულია რეალობა — საქართველოში ადამიანები სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო არიან ძალადობის მსხვერპლები, მათ ემუქრებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ძალადობენ ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, კლავენ.

ხელისუფლებისგან ასეთი დამოკიდებულება, ბუნებრივია კიდევ უფრო ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს. 5 ივლისს არ გვინახავს არცერთი უწყების ეფექტური ნაბიჯები, რათა საკუთარი მოქალაქეები დაეცვა.

იმ დღეს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ადგილზე მისულ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის ერთი, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა.

6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ, პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

მეტიც, 7 დეკემბერს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფოს პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა. რეესტრზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, კონსერვატიულ მოძრაობად წოდებული პარტიის თავმჯდომარე 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავაა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელსაც უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, განმარტება მხოლოდ 3 დღის შემდეგ გააკეთა.

პრემიერმინისტრი კი, იმის ნაცვლად, რომ არ დაცულ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა აეღო, ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ "იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ". მისი მტკიცებით, ეს აიცილეს, რადგან რისკები წინასწარ ჰქონდათ შეფასებული.

ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა გამოხატვის თავისუფლებისთვის. მან ისაუბრა კონსტიტუციაზე და ტრადიციულად, თავი იმართლა ანტიდისკრიმინაციული კანონით. მისი თქმით, "ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში".

ნინოწმინდის ბავშვთა სახლი — დანაშაული, რომელსაც ხელს აფარებდნენ

2021 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საპატრიარქოს კუთვნილ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სავარაუდო დანაშაულების შესახებ.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ბავშვთა სახლის დირექტორი, მეუფე სპირიდონ აბულაძე ამას ჰომოფობიური მოტივით ხსნიდა და ამბობდა, რომ ლომჯარია "ერთსქესიანთა ქორწინებას" უჭერდა მხარს. სახალხო დამცველი პანსიონში არც 19 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. ამის პარალელურად კი უფრო მეტი ადამიანი იხსენებდა ძალადობის შემთხვევებს ამ პანსიონში ყოფნის დროს.

5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ამით მოსამართლე ივანე ღლონტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სარჩელი, რომელიც პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანას ითხოვდა. საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებების შესახებ სასამართლოში დავა შეუძლია კანონიერ წარმომადგენელს. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, აქ კანონში ჩანაწერი განსხვავებულია და ამ შემთხვევაში ორგანიზაციას შეუძლია სასამართლოს მიმართოს სპეციალური მოსარჩელის სტატუსით. ამისთვის მას მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვა არ სჭირდება.

ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევაში, ორგანიზაცია PHR კანონიერი წარმომადგენელი არ არის და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვის გაყვანას ითხოვდნენ, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა და განჩინებაში დაწერა, რომ ორგანიზაცია არაუფლებამოსილია.

საპატრიარქოს პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ 14 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის პოზიციაზე მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა. ამის შემდეგ, 28 ივნისს სახალხო დამცველს მიეცა პანსიონში შესვლის შესაძლებლობა.

ჭამის აკრძალვა, საკვების თავზე დასხმა, სკამის თავში ჩარტყმა — ესაა ძალადობის შემთხვევები, რაზეც სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში საუბრობს. სახალხო დამცველმა 22 დეკემბერს პანსიონთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ შეისწავლა პანსიონის აღსაზრდელთა 4 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან ორზე გამოძიება თავად ომბუდსმენის, ორზე კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ომბუდსმენის განცხადებით, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოქმებში საუბარია მათი დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები უკვე ექვსი თვეა მუშაობენ აღსაზრდელების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ან ზრუნვის ალტერნატიულ სერვისში გადაყვანის საკითხზე. ომბუდსმენის თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დღემდე ბიოლოგიურ ოჯახში 12 არასრულწლოვანია გადაიყვანეს, 15 მცირე საოჯახო ტიპის სახლში, 7 — მინდობით აღმზრდელ ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიურ ოჯახში გადაყვანილი 12 მოზარდიდან 2 კვლავ პანსიონში დაბრუნდა, რაც, ომბუდსმენის შეფასებით, "ბიოლოგიური ოჯახების მზაობისა და მათი სათანადოდ გაძლიერების გამოწვევებს უკავშირდება". სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 22 ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში 17 აღსაზრდელი ირიცხება, რომელთაგან 15, ფაქტობრივად, პანსიონში ცხოვრობს. პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვანებს შორის ერთი შშმ პირია.

გვისმენენ?!

ფარული ჩანაწერების გავრცელება, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, საქართველოში ახალი ნამდვილად არ არის. ეს იმის მორიგი დადასტურებაა, რომ შესაძლოა, გვისმენენ ყველას, ისმენენ და აკვირდებიან ჩვენს ყველა საუბარს — საქმიანსა თუ მეგობრულს, პირადსა თუ სამსახურებრივს.

ფაილების ავტორის ვინაობა უცნობია, თუმცა ბმული, სადაც ეს ყველაფერი იყო განთავსებული, ჟურნალისტებს ელექტრონულ ფოსტაზე, hakim fasha-ს სახელით მოგვივიდა. უცნობია, არის თუ არა ეს ის ჰაკიმ ფაშა, რომელმაც ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებით "გაითქვა სახელი", თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ამაში სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ატვირთული Word-ის ფაილები ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების (და არამარტო) კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს, კითხულობენ მესიჯებს და აგროვებენ "კომპრომატებს" პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებში საუბარია კონკრეტულ დანაშაულებზეც, მათ შორის, პედოფილიაზე. უამრავ ფოლდერს შორის შეხვდებით დოკუმენტებს სახელწოდებებით: "მრუშები", "ბიზნესი და ფინანსური მაქინაციები", "ნაცებთან კავშირში მყოფი სასულიერო პირები", "რუსული გავლენა" და ა.შ.

"მიმდინარეობს გამოძიება" — ეს ფრაზა ამ საქმეზეც ზუსტად ასე დარჩა. დაიწყო, თუმცა არ ვიცით, როდის დასრულდება და დასრულდება თუ არა საერთოდ. წლის ბოლოს, 29 დეკემბერს სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ ე.წ. კრებსები, რომლებშიც სავარაუდო ფარული მოსმენების შესახებ წერია, ფაილები არ არის და ვორდის დოკუმენტებია. მისი თქმით, ავთენტურობის შესწავლა მიმდინარეობს და ნაწილი ადასტურებს ნამდვილობას, ნაწილი კი არა.

ჩამოვიდა თუ არ ჩამოვიდა (თუ არ ჩამოვიდა, როგორ დააკავეს?)

ძალიან ბევრი დაპირების, შემდეგ არ შესრულების და კვლავ დაპირების შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით გვაუწყა, რომ საქართველოში იყო. ეს ზოგმა დაიჯერა და ზოგმა არა. მან მაშინვე გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია.

ოფიციალური უწყებები და ქართული ოცნების ლიდერები ერთ ხმაში გვიმტკიცებდნენ, რომ ის საქართველოში არ იყო. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. ამის საპასუხოდ სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არათუ ჩამოვიდა, სხვადასხვა რეგიონსაც ესტუმრა და რომ არა სანზონის ერთ-ერთ ბინაში მისი დაკავება, ალბათ, ყველა ტურისტულ ადგილს მოივლიდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბიძინაობა

მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა საზოგადოებას სააკაშვილის დაკავება აცნობა, ღარიბაშვილმა სამთავრობო ტრიბუნიდან ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და მას ბიძინაობა, ასევე, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან 9 წლისთავი მიულოცა.

შიმშილობა

სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო. შემდეგ იყო საუბარი დანამატებზე, ფაფებზე, თაფლზე. მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ მთავრობას, გადაეყვანათ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.

მხოლოდ შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტდა.

ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ კი შეწყვიტა.

რა ხდება ახლა?

30 დეკემბერს, გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ აცხადებს, რომ მალე მოიშორებს "გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრამვებს" და კიდევ უფრო ენერგიულად ჩადგება მწყობრში. მისი თქმით, ახლაც მხნედ და ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-ს ოფისში 200-მდე ადამიანი შიმშილობს. "მასობრივი შიმშილობის" აქცია ნიკა მელიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა.

არჩევნების I და II ტური

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

2021 წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობდნენ, ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებდა. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

არჩევნებზე საუბარი, როგორც წესი, არჩევნებამდე იწყება. წელს დასამახსოვრებელი იყო ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერები გვეუბნებოდნენ, სიძულვილის ენა ჩვენი ხელწერა არ არისო, მთელი კამპანია ამით იყო გაჟღენთილი. თითქმის 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერმინისტრმა მთელი კამპანია წინა ხელისუფლების კრიტიკაში გაატარა. ამის პარალელურად იყო საუბარი "უწყვეტ მშვიდობასა" და "წარმატებულ მმართველობაზე".

ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ მეშახტეებმა მასთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ტურიზმის განვითარება წამოაყენეს. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას კი დააანონსა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილას უნდა შეიქმნას ახალი ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით, კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით. მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კი იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისი ტორპედო ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებს.

არჩევნების პირველ ტურში მმართველმა პარტიამ 46,747% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი 30,674%. არჩევნებში მესამე ადგილზე 7,808%-ით გავიდა "ოცნებიდან" წასული და "მოღალატედ" წოდებული გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია — საქართველოსთვის.

პირველი ტურის შედეგებით მე-2 ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, მათ შორის, თბილისში, სადაც ქართული ოცნებიდან კახა კალაძე, ხოლო ენმ-დან ნიკა მელია გავიდა. მმართველი პარტიის კონკურენტი ყველა შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა იყო, გარდა ერთისა, სადაც მმართველ გუნდთან ერთად მე-2 ტურში გახარიას პარტია გავიდა.

არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთ ქალაქში, წალენჯიხაში გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა.

ბათუმის ტრაგედია

ფოტო: მარიამ კობახიძე / On.ge

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა მხოლოდ ერთი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია — ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის. ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მაშველები მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდნენ, ნანგრევებიდან ადამიანები ამოეყვანათ.

ტრაგედიის ადგილზე მიდიოდნენ ოჯახის წევრები, ახლობლები და სრულიად უცხო ადამიანები. ისინი გარდაცვლილთა ხსოვნას აგებდნენ პატივს.

ფოტო: მიკი ცეცხლაძე / On.ge

ფოტო: კადრი ვიდეოდან/ევროკავშირი

ფოტო: მიკი ცეცხლაძე / On.ge

შერიგება/საყოველთაო თანხმობა

არავინ იცის, ზუსტად რა შედეგით დასრულდება ან ექნება თუ არა შედეგი საერთოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წამოწყებულ საყოველთაო თანხმობის პროცესს, თუმცა ორბელიანების სასახლეში თეთრ სკამებში გადაღებული ფოტოები ისტორიას თუ არა, Facebook Memory-ს მაინც დარჩება.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

16 დეკემბერს, პრეზიდენტმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ, შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.

მანამდე, 10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.

მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია. სამი არა, თუმცა ორი პრეზიდენტი ერთმანეთს ნამდვილად შეხვდა. მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

ამ ყველაფრის ფონზე ზურაბიშვილმა გამოგვიცხადა, რომ მას არც ბერკეტი და არც ძალა არ აქვს, რომ დაპირისპირებული ძალები შეარიგოს.

ბონუსად: შორს (არ) წასული თანამდებობის პირები

წასულებზე საუბარი აუცილებლად ბიძინა ივანიშვილით უნდა დავიწყოთ — პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს Facebook პოსტით გვითხრა, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ თითქმის აღარსად გამოჩენილა და კომენტარიც არ გაუკეთებია, აქტუალობა მაინც არ დაკარგა.

წლის ბოლოს კი ორმა თანამდებობის პირმა გვითხრა, რომ მიდიან, მაგრამ შორს არა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარტიის პოლიტსაბჭოში გადაინაცვლეს.

ფოტო მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დასახელდა

ფოტო: FB/მამუკა მდინარაძე

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კუჭავა არ იყო პარლამენტის პირველი თავმჯდომარე, ვინც წელს გაადგა. მანამდე ეს პოსტი არჩილ თალაკვაძემაც დატოვა.

გახარიას წასვლისა და ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში აღარ აღმოჩნდა. 19 თებერვალს ცქიტიშვილმა თქვა, რომ "ბოროტად ისარგებლა" ღარიბაშვილთან 15 წლიანი ნაცნობობით და სთხოვა, რომ მისცეს საშუალება დაუბრუნდეს ოჯახს და წავიდეს აქტიური პოლიტიკიდან.

18 მარტს თანამდებობა ვიცეპრემიერიმა და ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დატოვა. მან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაწერა და გვითხრა რომ წასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს ჰქონდა მიღებული.

დასამახსოვრებელ წასვლებს შორის იყო აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეც, რომელმაც თავი 21 დღეში ამოწურა და თანამდებობა დატოვა.

2021 წელი საკმაოდ დატვირთული გამოდგა. ვერც შარლ მიშელის შეთანხმებამ და ვერც ზურაბიშვილის "საყოველთაო თანხმობის" ინიციატივამ ვერ განმუხტა კრიზისი. წლის ბოლოს კი ქართულმა ოცნებამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ინსპექტორის სამსახური გააუქმა. ასევე დაჩქარებული წესით დამტკიცდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი. მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არც ოპოზიციონერების, არც სამოქალაქო საზოგადოების და არც პარტნიორების კრიტიკა.

რეალობა ასეთია — საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტს აცხადებს, დარჩენილი ნაწილი კი უმრავლესობას ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ აცვლევინებს. ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე "მასობრივი შიმშილობის" მონაწილეა. გაზრდილია საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა. როგორი იქნება 2022 წელი რთული სათქმელია. ცვაელებად პოლიტიკურ ვითარებაში პროგნოზები შეიძლება არ გამართლდეს.