"დაინახენ იმ გამწარებულმა ადამიანებმა, რომლებიც დღესაც ზიან ციხეში და რაღაცა უთხრენ ეხლა" — ასე ეხმაურება TV პირველთან ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაძე გლდანის ციხის პატიმრების მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გინებასა და მუქარას.

წაქაძის განმარტებით, გლდანის ციხეში გადაყვანით სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა. მისი თქმით, პატიმრებს არავინ ეკითხება, "საირმეში დასჭირდება, ჯუმეირაში თუ დუბაიში" და გადაჰყავთ იქ, სადაც საჭიროა.

"დღეს რა რა სტატუსი აქვს სადაც ზის? არის პატიმრის სტატუსი ხო. ხოდა პატიმარს ახლა უთანხმდებიან, სად უნდა გადაიყვანონ? რაც არის საჭირო კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებენ იმას. საქართველოში არის 10 000 პატიმარი, 10 000 პატიმარი სადაც მოინდომებს, ზოგს საირმეში დასჭირდება, ზოგს ჯუმეირაში, დუბაიში, ზოგს სად და ზოგ სად. ეგრე ხო არ შეიძლება არა?! მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სახელმწიფო მას დაიცავს ბოლომდე. არავითარი უფლებები არ დარღვეულა, რა უნდა შეუთანხმონ სად გადაიყვანონ?", — თქვა წაქაძემ მთავარ არხთან.

გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

მედიაში აღნიშნულის ამსახველი ვიდეო-კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, თავად მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ კრიმინალების გინების ქვეშ, პოლიციელებმა ის მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში.

8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.

მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.

ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის გარდა, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში".

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.