SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის (SETI) ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი თვლის, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენასთან საკმაოდ ახლოს ვართ.
ლიზა კალტენეგერმა, რომელიც კარლ სეიგანის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, The Telegraph-ს განუცხადა, რომ ვების ტელესკოპი ბიოხელწერის აღმოსაჩენადაცაა შექმნილი. ეს მოიცავს ორგანიზმის მიერ წარმოებულ მეთანსაც, რაც უცხო სიცოცხლის კვალის მიგნების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
ასევე: მეთანი სიცოცხლის პოტენციური ნიშანია — ჯეიმს ვების ტელესკოპს პლანეტებზე მისი დაფიქსირება შეუძლია
სპეციალისტები აცხადებენ, რომ მცირე ზომის მყარი ობიექტის შემთხვევაში, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, დიდი შანსია, რომ მეთანი სწორედ ბიოკვალი იყოს თუ: 1. იქ ნახშირორჟანგიც გვხვდება. 2. ატმოსფეროში უფრო მეტი მეთანია, ვიდრე ნახშირბადის მონოქსიდი. 3. პლანეტა წყლით მდიდარი არაა.
კალტნეგერი, რომლის ახალი წიგნი "უცხოპლანეტელები: პლანეტებზე ნადირობა კოსმოსში" სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა, აღფრთოვანებულია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით. მისი თქმით, ვების გამოყენებით კაცობრიობა ბევრ ახალს აღმოაჩენს და მათ შორის, ეს შეიძლება არამიწიერი სიცოცხლეც იყოს.
მეცნიერს განსაკუთრებით აინტერესებს ტრაპისტ-1-ის მიმდებარე პლანეტები. ტრაპისტ-1 წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზეა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ სისტემაში წყალია და შესაბამისად, აქ შეიძლება იყოს სიცოცხლეც. ეს სისტემა 2017 წელს აღმოაჩინეს და როგორც ჩანს, აქ "სასიცოცხლო ზონაში" რამდენიმე პლანეტაა.
"ჩვენ ამ სისტემაში აირების შესწავლის საშუალება გვექნება და ამას მომდევნო 10 წლის განმავლობაში შევძლებთ. სიცოცხლე პირველად შეიძლება სწორედ ამ სისტემაში აღმოვაჩინოთ", — თქვა კალტენეგერმა.
შესაბამისად, არის შანსი, რომ არამიწიერი სიცოცხლე უახლოეს წლებში აღმოვაჩინოთ.
ასევე: ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს არამიწიერი სიცოცხლის დაფიქსირება 20 საათში შეუძლია — კვლევა
გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის კვლევის თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს შორეული ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესწავლის გზით მათზე სიცოცხლის არსებობის განსაზღვრა სულ რაღაც 20 საათში შეუძლია.
ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი მილიონობით ეგზოპლანეტაა, რომელიც წითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება.
კომენტარები