ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის სამუშაო შეხვედრებს, "ასტროლაბს", გამართავს. პრაქტიკული შეხვედრები 15-იდან 18 მაისამდე გაგრძელდება.

"ასტროლაბის" ფარგლებში საშუალება გექნებათ, 4 დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ლექციები მოისმინოთ. ამას გარდა, შემდეგ თავადაც შეგიძლიათ ჩაერთოთ კვლევით პროცესში: მეცნიერების დახმარებით კოსმოსურ წყაროებზე დაკვირვებები დაამუშაოთ და ისინი ვიზუალურად გამოსახოთ.

როგორც ილიაუნის განცხადებაში ვკითხულობთ, "მსგავს ინტერაქტიულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეცნიერებთან საუბრის საშუალება მოსწავლეებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს, რამდენიმე დღით თავი ამ დარგის ნაწილად იგრძნონ".

სამუშაო შეხვედრებს შემდეგი მეცნიერები გაუძღვებიან:

  • დოქტორი ადრიანა პირესი, მთვარისა და პლანეტარული მეცნიერებების ცენტრი, ჩინეთის სამეცნიერო აკადემია (ჩინეთი), პოტსდამის ასტროფიზიკის ლაიბნიცის ინსტიტუტი (გერმანია);
  • პროფესორი რობერტო ტუროლა, პადოვის უნივერსიტეტი (იტალია);
  • პროფესორები ნინო ჩხეიძე და ანდრია როგავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • პროფესორი ზაზა ოსმანოვი, თავისუფალი უნივერსიტეტი.

დოქტორი ადრიანა პირესი ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარია მაღალი ენერგიების მიმართულებით. მისი აღმოჩენილია იზოლირებული პულსარების ყველაზე უცნაური და გამორჩეული კლასის, ე.წ. შესანიშნავი შვიდეულის, რამდენიმე წყარო.

პროფესორი რობერტო ტუროლა ნეიტრონულ ვარსკვლავებსა და შავ ხვრელებს იკვლევს. იგი დარგის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეცნიერია მსოფლიოში.

რაც შეეხება ქართველ პროფესორებს, ნინო ჩხეიძე, ანდრია როგავა და ზაზა ოსმანოვი ნეიტრონული ვარსკვლავებისა და გიგანტური შავი ხვრელების კვლევებზე მუშაობენ.

ლექციებზე დასწრება ყველას შეუძლია, თუმცა "ვორკშოპის" პრაქტიკულ ნაწილებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაგჭირდებათ. ამისათვის მე-9 ან უფრო მაღალი კლასის მოსწავლე უნდა იყოთ. შეხვედრები ინგლისურ და ქართულ ენებზე გაიმართება.

ღონისძიების დეტალურ განრიგს ამ ბმულზე იხილავთ, ხოლო რეგისტრაციას კი ამ ბმულიდან შეძლებთ 10 მაისის 24:00 საათამდე. თუკი დასასწრებად შეგარჩევენ, ამას მეილით შეიტყობთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.