მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
არქეოლოგიებისთვის ნამარხი არის საგანძური, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას დაკარგულ სამყაროზე. ამ მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უძველესი ნაკვალევები, რითაც პრეისტორიულ არსებებზე მეტის გაგებას ვახერხებთ.
მკვლევრებს ასეთი ნაკვალევით ბევრი აღმოჩენის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის ახალი სახეობის შესწავლა. თუმცა, უძველესი ნაკვალევის აღმოჩენა რთულია, რადგან ის დროთა განმავლობაში ქრება.
და, აი, ახლა პალეონტოლოგებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში ძალიან მნიშვნელოვან ნაკვალევს მიაგნეს.
ეს კვალი გიგანტურმა მტაცებელმა დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ დატოვა.
გიგანტური მტაცებლის მიერ დატოვებული უნიკალური კვალი
მკვლევრები მალევე მიხვდნენ, რომ აღმოჩენა აქამდე ნანახ სხვა ნაკვალევს არ ჰგავდა. ნაკვალევის ანალიზისას (კლანჭების კვალით) მკვლევრები მალევე მიხვდნენ, რომ ის დიდ მტაცებელს ეკუთვნოდა.
"ტიპურ მტაცებელ დინოზავრს სამი კლანჭი წინ აქვს მიმართული და მათი კვალი გიგანტური ინდაურისას ჰგავს. ორი კლანჭის შემთხვევაში საქმე უფრო გიგანტურ მტაცებელ ფრინველთან გვაქვს", — თქვა სკოტ პერსონსმა, ჩარლსტონის კოლეჯის პალეონტოლოგმა.
წინა ნაკვალევებისგან განსხვავებული
ეს გიგანტური ფრინველები, ისევე როგორც ცნობილი ველოცირაპტორები, 2 კიდურზე იდგნენ. ცნობისთვის, ველოცირაპტორი იყო დინოზავრი, თუმცა ზომით ის პატარა გახლდათ — დაახლოებით მოზრდილი ძაღლის ხელა. ამის ფონზე, უცნაურია, რომ ახლად აღმოჩენილი ნაკვალევი სიგრძეში 33 სანტიმეტრია. ამ არსებების ასეთი დიდი ნაკვალევი აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ.
მტაცებელი ფრინველის გიგანტური სახეობა
კვლევამ აჩვენა, რომ ნაკვალევი მტაცებელი ფრინველის ახალ სახეობას (Fujianipus) მიეკუთვნება. საინტერესოა, რომ ეს არსება სიგრძეში დაახლოებით 5 მეტრი იქნებოდა.
გარდა ამისა, ნაკვალევი მიუთითებს იმაზე, რომ Fujianipus მტაცებელთა ცალკეულ ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ცნობილია როგორც ტროდონტიდები.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ როგორც წესი, ეს უძველესი მტაცებელი ფრინველები ზომაში დიდები არ იყვნენ, განსხვავებით უკანასკნელი აღმოჩენისგან.
კვლევის შედეგები iScience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები