ექიმებმა უკვე ასობით პაციენტზე დაიწყეს მელანომის ვაქცინის გამოცდა, რომელიც ცალკეულ ინდივიდებზეა მორგებული და მსოფლიოში ამ ტიპის პირველი ვაქცინაა. ექსპერტთა შეფასებით, მკურნალობის ეს მეთოდი კიბოს განკურნების კუთხით რევოლუციური შეიძლება აღმოჩნდეს.

მელანომა წელიწადში დაახლოებით 132 ათას ადამიანს აწუხებს გლობალურად და კანის კიბოებიდან ყველაზე მომაკვდინებელია. ამჟამად მისი მთავარი სამკურნალო საშუალება რადიოთერაპიაა, თუმცა პროცესში ზოგჯერ ქიმიოთერაპიასა და სხვადასხვა მედიკამენტსაც იყენებენ.

მეცნიერები უკვე ახალ ვაქცინებს ტესტავენ, რომლებიც პაციენტებზე ინდივიდუალურადაა მორგებული. ვაქცინა სხეულს კიბოს უჯრედების დახოცვისკენ უბიძგებს და დაავადების დაბრუნების პრევენციასაც ისახავს მიზნად.

მეორე ფაზის ცდაში გამოიკვეთა, რომ ვაქცინებმა მელანომის პაციენტებში კიბოს დაბრუნების რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა. ახლახან უკვე საბოლოო, მესამე ფაზის, კლინიკური ცდაც დაიწყო, რომლისთვისაც დაახლოებით 1100 პაციენტს შეაგროვებენ.

ცნობილია, რომ ვაქცინებს სხვა კიბოებზეც ცდიან, მათ შორის: ფილტვის, შარდის ბუშტისა და თირკმლის სიმსივნეებზე.

///

ინდივიდუალიზებული ვაქცინა Moderna-ს ეკუთვნის და mRNA-4157 (V940) ეწოდება. იგი იმუნურ სისტემას ააქტიურებს, რათა პაციენტის კონკრეტულ კიბოს ებრძოლოს. ეს მეთოდი ნეოანტიგენებს იღებს მიზანში — სიმსივნის უნიკალურ მარკერებს, რომლებიც იმუნურმა სისტემამ შეიძლება ამოიცნოს. ვაქცინა 34-ამდე ნეოანტიგენის ინსტრუქციებს შეიცავს და იმუნურ სისტემას პაციენტის კიბოს უნიკალური მუტაციების შესაბამისად ააქტიურებს.

იმისათვის, რომ ვაქცინა პაციენტის საჭიროებებს მოარგონ, ქირურგიული ოპერაციის დროს სიმსივნის ნიმუშს იღებენ, შემდეგ კი ამ ნიმუშის დნმ-ს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შიფრავენ.

"ეს საკმაოდ ინდივიდუალიზებული თერაპიაა და, ზოგიერთი გაგებით, ვაქცინაზე ბევრად ჭკვიანურია", — აცხადებს დოქტორი ჰიზერ შოუ, ცდის მთავარი კოორდინატორი — "იგი მთლიანად პაციენტის საჭიროებების მიხედვით არის შექმნილი — სხვა პაციენტს ვერ გაუკეთებ, რადგან არ გექნება მოლოდინი, რომ მასზეც იმუშავებს. შესაძლოა, პაციენტებს ზოგი ანტიგენი საერთო ჰქონდეთ, თუმცა, სავარაუდოა, რომ საკმაოდ ინდივიდუალური ახალი ანტიგენებიც ექნებათ, რომლებსაც მათი სიმსივნის კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს. შესაბამისად, ვაქცინა ნამდვილად ინდივიდზეა მორგებული".

საბოლოო მიზანი ისაა, რომ პაციენტები კიბოსგან სამუდამოდ განიკურნონ. დოქტორ შოუს აზრით, იმუნოთერაპიაში ამ ვაქცინებმა რევოლუციური მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს.

სტივ იანგი, კლინიკური ცდის ერთ-ერთი პაციენტი, და დოქტორი ჰეზერ შოუ

ფოტო: Yui Mok/PA

ცნობისთვის, მეორე ფაზის ცდით შემდეგი რამ გამოიკვეთა: მაღალი რისკის მელანომების მქონე ადამიანებს, რომლებიც ვაქცინას Keytruda-სთან (იმუნოთერაპიის ერთ-ერთი ტიპი) ერთად იკეთებდნენ, 49%-ით უმცირდებოდათ სიკვდილის ანდა მომდევნო სამ წელში კიბოს დაბრუნების რისკი; ეს იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ Keytruda-თი მკურნალობდნენ.

მესამე ფაზის ცდაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. შესაბამისად, ვაქცინის ეფექტიანობისა და მოქმედების შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებთ, ასე კი მით მეტი ადამიანი შეძლებს მისით მკურნალობას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.