მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
ვეზუვის ამოფრქვევისას დაზიანებული პაპირუსის გრაგნილი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაშიფრეს.
პიზის უნივერსიტეტში მომუშავე გრაციანო რანოკიამ, კოლეგებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა ძველ გრაგნილზე დატანილი ტექსტი გაეშიფრა. ეს დამწვარი პაპირუსი პომპეისთან ახლოს მდებარე რომაულ ქალაქ ჰერკულანუმში იპოვეს და, როგორც აღმოჩნდა, ის ძველბერძენ ფილოსოფოს პლატონის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
ორივე ქალაქი ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს განადგურდა, როცა ვეზუვი ამოიფრქვა და მიდამო ფერფლითა და ვულკანური მატერიით დაფარა. ამ კატასტროფული მოვლენისას დაზიანებული ერთ-ერთი გრაგნილი ფილოსოფოს ფილოდემოსის ჩანაწერებს შეიცავს, რომელსაც "აკადემიის ისტორია" ჰქვია. ის პლატონის მიერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში დაარსებულ აკადემიას ეხება.
ასევე, მასში თავად ამ ფილოსოფოსის ცხოვრებაზეცაა მოთხრობილი, მათ შორის იმ ადგილზე, სადაც ისაა დაკრძალული. მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სოკრატეს სახელგანთქმული მოსწავლის, პლატონის, საფლავი სწორედ აკადემიის ტერიტორიაზეა, რომელიც რომაელმა მხედართმთავარმა სულამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 86 წელს გაანადგურა. ამის მიუხედავად, კონკრეტულად რომელ არეალშია სამარხი, გაურკვეველი იყო.
თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, მკვლევრებმა გრაგნილში უფრო ზუსტ მინიშნებას მიაგნეს. მათ პაპირუსზე დატანილი ტექსტის გასაშიფრად ულტრაიისფერი, ოპტიკური, თერმული და ტომოგრაფიული სკანირების მეთოდებს მიმართეს. გრაგნილში, რომელიც ამჟამად ნეაპოლის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ინახება, 1000-დე სიტყვა გაშიფრეს, რაც ფილოდემოსის მთლიანი ტექსტის დაახლოებით 30%-ია.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც სპეციალისტებმა ამოიკითხეს, ისაა, რომ პლატონი მისი სკოლისთვის განკუთვნილი ბაღის ტერიტორიაზეა დაკრძალული. ის ათენის აკადემიაში, ე.წ. მუსეიონთან ახლოს, მდებარეობს.
გრაგნილზე წერია ისიც, რომ ფილოსოფოსი მონობაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 404-399 წლებში ცხოვრობდა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს თარიღი ძვ.წ. 387 წელი იყო). ტექსტში ვხვდებით დიალოგსაც, რომელშიც პლატონი თრაკიელი მუსიკოსის შესაძლებლობებს იწუნებს.
ახალი მიგნება ცხადყოფს, რომ თანამედროვე ტექნოლოგია წარსულის შესწავლაში გვეხმარება და შესაძლოა, მისი მეშვეობით ისტორიის ისეთი ნიუანსები გამოვააშკარაოთ, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.
კომენტარები