"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
მარსის სამხრეთ პოლარულ რეგიონ Angustus Labyrinthus-ში, რომელსაც "ინკების ქალაქადაც" მოიხსენიებენ, გაზაფხულობით საინტერესო ფენომენი იჩენს თავს. იქ ზედაპირზე ათასობით მუქი ლაქა წარმოიქმნება, რომლებიც ფორმით ობობას სხეულს მოგვაგონებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წითელ პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობას არ უკავშირდება.
ისინი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდებს ExoMars Orbiter-სა და Mars Express-ს აქვს დაფიქსირებული. ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ორბიტიდან მათი კვალი მარტივადაა შესამჩნევი, მაგრამ მაინც რა პროცესების შედეგად ჩნდება მსგავსი უჩვეულო წარმონაქმნები?
ეს ფორმაციები, რეალურად, აირის არხებია, რომელთა ზომაც 45 მეტრიდან 1 კილომეტრამდე მერყეობს. ისინი მაშინ ჩნდება, როცა მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის პერიოდში თბება. ტემპერატურის მატება იქ ნახშირორჟანგის ყინულის ლღობას უწყობს ხელს, ყველაზე დაბლა განლაგებულ შრეებში კი ყინული სუბლიმირდება, ანუ პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადადის.
მისი გავრცელებისას შედარებით ზემოთ არსებული ყინულის შრეები იმსხვრევა და მაღლა მიმავალ ნაკადს თან მუქი შეფერილობის მტვერიც მიჰყვება. შედეგად, ყინულოვანი საფარიდან მტვრის გეიზერები იფრქვევა და შემდეგ ისევ ყველაზე ზევითა შრეს ეფინება. სწორედ ამის გამო იღებს ეს არხები ობობას მსგავს ფორმას.
ამ ადგილს "ინკების ქალაქი" იმიტომ შეარქვეს, რომ მას ხაზობრივი სტრუქტურა აქვს, რითაც აღნიშნული ქედები სწორედ ნანგრევების მიერ დატოვებულ კვალს მოგვაგონებს. ერთი პერიოდი მიიჩნეოდა, რომ ეს ქვიშის გაქვავებული დიუნები ან ძველი მყინვარების გაქრობის შემდეგ დატოვებული ნარჩენები იყო.
ამის მიუხედავად, 2022 წელს Mars Orbiter-ის მონაცემებით დადგინდა, რომ Angustus Labyrinthus უფრო დიდი ფორმაციის ნაწილია, რომლის სიგანეც დაახლოებით 86 კილომეტრია. ეს შესაძლოა, კრატერი იყოს, გეომეტრიული განლაგების ქედები კი — მაგმის ინტრუზიები, რომლებიც მარსთან სხვა სხეულის შეჯახების გამო გაცხელებულ ნაპრალებიან ქერქში ამოიზარდა. კრატერი შემდეგ დანალექით უნდა დაფარულიყო, რომლის ეროზიამაც ხაზობრივი სტრუქტურები ნაწილობრივ გამოავლინა.
კომენტარები