დედამიწაზე უდიდესი ცხოველი ლურჯი ვეშაპია. წყლის ეს ბინადარი იმდენად გიგანტურია, რომ მისი სიგრძე 33.5 მეტრამდეც აღწევს, წონა კი 150 000 კილოგრამს აჭარბებს. მასთან შედარებით ხმელეთზე გავრცელებული სახეობების ზომა საკმაოდ მცირეა, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა.

თუ წყალში პირველობა ლურჯ ვეშაპს ეკუთვნის, ხმელეთზე ის პატაგოტიტანს ეკავა, კერძოდ Patagotitan mayorum-ს. ესაა ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ოდესმე მიწაზე უარსებია.

ამ დინოზავრების სიმაღლე 37 მეტრი იყო, ხოლო წონა დაახლოებით 70 ტონა. ეს იგივეა, რომ 10 აფრიკული სპილო გავაერთიანოთ — დღესდღეობით ხმელეთზე მობინადრე უდიდესი ცხოველი. ამგვარი მახასიათებლების მიუხედავად, პატაგოტიტანი მასიურობით ლურჯ ვეშაპს ჩამოუვარდებოდა, მაგრამ მაინც საკმაოდ უზარმაზარი იყო.

ფოტო: Christopher Chavez

ეს პრეისტორიული ცხოველი ზავროპოდთა ტიპს მიეკუთვნება, რომელთაც ძალიან გრძელი კისერი და ასეთივე კუდი გამოარჩევდათ. ასეთები იყვნენ, მაგალითად, დიპლოდოკები, ბრონტოზავრები და აპატოზავრები.

როგორც სახელიდანაც ჩანს, პეტაგოტიტანები პატაგონიის რეგიონში იყვნენ გავრცელებული, რომელიც სამხრეთ არგენტინის ტერიტორიაა. მათთან ერთად იქ ბინადრობდნენ არგენტინოზავრებიც, რომლებიც ხმელეთზე არსებულ უდიდეს ცხოველებად მიიჩნეოდნენ მანამ, სანამ პალეონტოლოგები Patagotitan mayorum-ს აღმოაჩენდნენ.

იქიდან გამომდინარე, რომ მათი ზომის შესახებ მხოლოდ ვარაუდი არსებობს, რადგან მთლიანი სხეულის ნამარხი არ გვაქვს, ზოგისთვის ეს მაინც საკამათო საკითხია. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლოა, პეტაგოტიტანებისა და არგენტინოზავრების სიდიდე მეტ-ნაკლებად ერთნაირი ყოფილიყო.

საერთო ჯამში პატაგონიაში Patagotitan mayorum-ის 6 ნამარხია მიკვლეული და ისინი პირველად 2017 წელს აღწერეს. ნაშთების გარშემო არსებული ქანები მიანიშნებს, რომ ეს ზავროპოდები 100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, როცა ცარცული პერიოდი იყო.

ამ დინოზავრების ზომისა და ფორმის გათვალისწინებით, ისინი მცენარეებით იკვებებოდნენ და გრძელ კისერს მაღალი ხეებიდან ფოთლების მოსაპოვებლად იყენებდნენ. ასევე, სავარაუდოდ, ნელა მოძრაობდნენ, რადგან ამხელა სხეულის გამო მათთვის გადაადგილება მარტივი არ იყო.

სამაგიეროდ, ისინი მტაცებლებისგან იყვნენ დაცული. დიდი ალბათობით, ამგვარ სიდიდეს მათ ევოლუციურად სწორედ აღნიშნული მიზეზით მიაღწიეს. ყველაფრის მიუხედავად, არაა გამორიცხული, მომავალში მათზე გიგანტური ცხოველის ნამარხსაც მივაგნოთ, რადგან სამხრეთ ამერიკაში პალეონტოლოგიური გათხრები შედარებით გვიან დაიწყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.