რუსეთში დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი TV Rain "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის ვებ-გამოცემა ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტების" სიაში ასევე შეიყვანა საგამოძიებო გამოცემა iStories. TV Rain-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, წინასწარ შეტყობინება ამ გადაწყვეტილების შესახებ არ მიუღიათ. თუმცა როგორც გამოცემა წერს, არცერთ მათგანისთვის სიაში შესვლა არ ყოფილა მოულოდნელი, იმის გათვალისწინებით, რა ზეწოლას განიცდის სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია რუსეთში.

TV Rain 2010 წლიდან მაუწყებლობს, ის ხშირად ხდება კრემლის კრიტიკის ობიექტი. 23 აპრილს ამ სიაში მოხვდა გამოცემა Meduza-ც, რომელიც რუსეთის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს "უცხოური მედია-აგენტების" სიაში 43 მედია შედის, მათგან 25 ინდივიდუალური ჟურნალისტია.