თუ ბოლო რამდენიმე თვის წინ ორსულად იყავით, შესაძლოა, დილემის წინაშე დამდგარიყავით — შემაწუხებელი ტკივილის ატანა თუ პარაცეტამოლი.

გასული წლის სექტემბერში აშშ-ს მთავრობასთან დაკავშირებულმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ფეხმძიმობის დროს პარაცეტამოლის მოხმარება აუტიზმთან არის დაკავშირებული. მეტიც, ეს მედიკამენტი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობასთანაც (ADHD) დააკავშირეს.

და, აი, ახლა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევა ამ ვარაუდს უარყოფს.

კვლევა ადასტურებს, რომ ფეხმძიმობისას პარაცეტამოლის, იგივე აცეტამინოფენის (პანადოლი და ტილენოლი) მიღება არ ზრდის ბავშვში აუტიზმისა და ADHD-ის განვითარების რისკებს.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარაცეტამოლი უსაფრთხო და ეფექტიანი გზაა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.

ფოტო: Canva

რას ეხებოდა ახალი კვლევა

მკვლევრებმა მასშტაბური სისტემური მიმოხილვა ჩაატარეს. მათ მეტაანალიზით ადამიანთა ერთი კონკრეტული ჯგუფი არ შეისწავლეს — მკვლევრებმა მრავალი წინა კვლევის შედეგები გააანალიზეს.

მთლიანობაში, მკვლევრებმა 43 კვლევა გააანალიზეს, რომლებშიც შესწავლილი იყო, მუცლადყოფნის პერიოდში პარაცეტამოლის ზემოქმედების ეფექტი ბავშვებზე.

აღსანიშნავია, რომ ყურადღება მიექცა დედმამიშვილების კვლევებს. ამ კვლევებში შედარებულები იყვნენ დედმამიშვილები — ორსულობისას ერთი იყენებდა პარაცეტამოლს, ხოლო მეორე არა.

ეს მიდგომა შედარების გასაკეთებლად მნიშვნელოვანია და უფრო ზუსტ მონაცემებს იძლევა.

დედმამიშვილებს საერთო გენეტიკა აქვთ, ისინი იზიარებენ სახლის გარემოსა და ოჯახურ წარსულს. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული ფაქტორები მაქსიმალურად შემცირებულია.

რა აღმოაჩინეს?

მასშტაბურ კვლევაში, მეცნიერებმა ვერ მიაგნეს აუტიზმისა და ADHD-ის რისკების ზრდას ბავშვებში, რომელთა დედებიც ფეხმძიმობისას პარაცეტამოლს იყენებდნენ.

შედეგები ასეთი იყო როდესაც:

1 — ავტორებმა შეისწავლეს მხოლოდ დედმამიშვილებზე ჩატარებული კვლევები.

2 — მიკერძოების დაბალი რისკის მქონე კვლევებისას.

3 — გამოკვლეულ ბავშვებს აკვირდებოდნენ 5 წელზე მეტხანს.

შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვან ფაქტორებს ითვალისწინებდნენ, აუტიზმთან კავშირი არ გამოვლინდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება უსაფრთხოა.

ეს შედეგები თანხვედრაშია 2024 წელს ჩატარებულ სხვა კვლევასთანაც. საუბარია კვლევაზე, რომელიც შვედეთში ჩატარდა და თითქმის 2.5 მილიონი ბავშვი მოიცვა.

კვლევამ გამოავლინა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: როდესაც კვლევისას არ იყენებენ დედმამიშვილების ფაქტორს, პარაცეტამოლის ორსულობისას მიღება შეიძლება მცირედით დაკავშირდეს აუტიზმთან.

მეორე მხრივ, როდესაც მკვლევრები დედმამიშვილების კვლევისას მკაცრ სტატისტიკურ მეთოდოლოგიას იყენებენ და თავიდან იშორებენ დამაბნეველ ფაქტორებს, ეს კავშირები ქრება.

Lancet-ში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მსგავსად, შვედურმა კვლევამაც დაასკვნა, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება საერთოდ არ არის დაკავშირებული აუტიზმთან, თუ ADHD-ის განვითარებასთან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

პარაცეტამოლი ერთი ჩვეულებრივი წამალი არ არის, რომლის ჩანაცვლებაც მარტივია. ორსულობისას ტკივილისა და მაღალი ტემპერატურის სამკურნალოდ ის (ძირითადად) ერთადერთი ვარიანტია.

მეტიც, ორსულობისას ტკივილის გაყუჩება ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, ორსულობისას სიცხის ვერ გაკონტროლება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვის. ორსულობისას ცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებები.

შესაბამისად, ორსულობისას პარაცეტამოლისგან თავის არიდება (ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო) სულაც არ არის კარგი არჩევანი. ტკივილისა და სიცხის არ მკურნალობისას, შესაბამისი რისკები უფრო დიდია, ვიდრე პარაცეტამოლის მიღებისას.

დასასრულს, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ყოველთვის უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.