გული ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მისი ქსოვილი რეგენერაციას ვერ განიცდის. ახლა ავსტრალიაში მომუშავე მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის უჯრედები შეიძლება აღდგეს.

ეს უჯრედები მაშინ ნადგურდება, როცა სისხლის მიმოქცევას რაღაც ზღუდავს და მათ ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. გულს ამ დაზიანებული ადგილის ჩანაცვლება ფიბროზული (ნაწიბუროვანი) ქსოვილებით შეუძლია, მაგრამ ის არ "ფეთქავს", ამიტომ არაეფექტიანია და განმეორებითი ინფარქტის გამოწვევის რისკსაც კი ქმნის.

მაგალითად, თაგვების გულს რეგენერაციის უნარი აქვს, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივის მაინც — ვიცით, რომ მათი გულის კუნთის უჯრედები (კარდიომიოციტები) ინფარქტის შემდეგ ხელახლა იყოფა. ადამიანის შემთხვევაში მსგავსი უჯრედები ბევრად მცირემასშტაბიან რეგენერაციას განიცდის.

მოვარდისფრო არეალები რეგენერაციის ზონებს გვიჩვენებს.

ფოტო: Dr Robert Hume/University of Sydney

"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ინფარქტის შემდეგ გულზე ნაიარევი რჩება, მაგრამ ის კუნთოვან უჯრედებს მაინც წარმოქმნის, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. ბოლო აღმოჩენა სასიხარულოა, მაგრამ ეს ინფარქტის სავალალო შედეგებს თავიდან ვერ გვაცილებს. შესაბამისად, ისეთი თერაპიების შექმნის იმედი გვაქვს, რომელთა მეშვეობითაც გულის ბუნებრივ რეგენერაციულ უნარს გავაძლიერებთ", — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, რობერტ ჰუმი.

მან და მისმა კოლეგებმა ცოცხალი ადამიანის გულის ქსოვილი ისეთი დონორის მთლიან გულში შეისწავლეს, რომლის ტვინიც მკვდარი იყო. ასევე, გააანალიზეს შუნტირების პროცედურისას მოპოვებული ნიმუშებიც. საბოლოოდ, მათ რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) გაშიფრეს, ცილები შეისწავლეს და ქსოვილების მეტაბოლიზმი გამოიკვლიეს. ავტორებმა სისხლისგან დაცლილი არეალებიც აღწერეს, სადაც კარდიომიოციტების დაყოფა მიმდინარეობს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Circulation Research გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.