შარშან ოკეანეებმა იმაზე მეტი სითბო შთანთქა, ვიდრე 1960 წლიდან დღემდე დოკუმენტირებულ მონაცემებში დაფიქსირებულა. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Advances in Atmospheric Science გამოქვეყნდა.

დედამიწის ოკეანეები მავნე აირების ემისიის გამო ატმოსფეროში დაგროვებული ზედმეტი სითბოს 90%-ზე მეტს შთანთქავს. შესაბამისად, რაც უფრო მეტი სითბოა ატმოსფეროში, მით უფრო იზრდება ოკეანეების ტემპერატურაც, ეს კი გლობალურ კლიმატზე აისახება.

ოკეანეების სითბოს ნიშნულს მეცნიერები განსხვავებული საზომებით ადგენენ; ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი მათი ზედაპირის გლობალური წლიური ტემპერატურის განსაზღვრაა (ოკეანის ზედა არეალის რამდენიმე მეტრის ფარგლებში). მაგალითად, 2025-ში ამ მაჩვენებელმა 1981-2010 წლებისას დაახლოებით 0.5°C-ით გადააჭარბა, რაც ისტორიაში მესამე ყველაზე მაღალი ნიშნულია.

კიდევ ერთი მეთოდი ოკეანის სითბური ენერგიის განსაზღვრაა, რომელიც ზეტაჯოულებში იზომება — 1 ზეტაჯოული 1,000,000,000,000,000,000,000 ჯოულს უდრის. მეცნიერებმა სწორედ ეს ხერხი გამოიყენეს და ოკეანეები ზედაპირიდან 2000 მეტრ სიღრმემდე შეისწავლეს (ზუსტად ეს ზონა შთანთქავს ყველაზე მეტ სითბოს). მათ ამისთვის აშშ-ის, ევროპისა და ჩინეთის კლიმატური ორგანიზაციების მიერ მოპოვებული მონაცემები გააანალიზეს.

ფოტო: Thomas Vimare/Unsplash

აღმოჩნდა, რომ 2025 წელს ოკეანეებმა დამატებით 23 ზეტაჯოული სითბური ენერგია მიიღო და ამ მხრივ რეკორდი მიყოლებით მეცხრედ დაამყარა. უნდა ითქვას, რომ უპრეცედენტო მატების ასეთი ხანგრძლივი ტენდენცია აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

სიტუაციის სიმწვავე უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, წელიწადში 23 ზეტაჯოული ენერგია იგივეა, რომ ოკეანეებში ჰიროსიმაში ჩამოგდებულის მსგავსი 12 ბომბი ყოველწამიერად ფეთქდებოდეს. შედარებისთვის, 2024 წელს სითბური ენერგია 16 ზეტაჯოული იყო, ანუ შარშან ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

2025-ში ყველაზე მეტი სითბო ტროპიკულ და სამხრეთ ატლანტის რეგიონებში, ხმელთაშუა ზღვაში, ინდოეთის ოკეანესა და სამხრეთის ოკეანეში გამოვლინდა (ანტარქტიდის გარშემო). მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შედეგები კლიმატური სისტემის "თერმული ეკვილიბრიუმის" რღვევასა და სითბოს დაგროვებაზე მიანიშნებს. ოკეანეების ასეთი მდგომარეობის გამო იზრდება გახშირებული ნალექისა და ტროპიკული შტორმების რისკიც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.