მთვარეზე სასტუმრო გაიხსნება? — ნომრის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია
ფოტო: Tag Hartman-Simkins / Futurism. Source: GRU / Getty Images
კომპანია GRU Space მთვარეზე სასტუმროს დაჯავშნის შესაძლებლობას გვთავაზობს. თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით წავა, ერთვარსკვლავიანი სასტუმრო ტურისტების მიღებას 2030-იან წლებში დაიწყებს. ინფორმაციას ამაზე Ars Technica ავრცელებს.
ნომრის დაჯავშნა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი, პირველადი შენატანი კი 250 000-იდან მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ დაჯავშნის საფასურია და არა ფრენის ან სასტუმროსი.
ცნობისთვის, GRU აბრევიატურა "გალაქტიკური რესურსების გამოყენებად" იშიფრება. კომპანიას მხოლოდ ორი სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი თავად დამფუძნებელია, სკაილერ ჩანი, რომელმაც კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი (აშშ) გასულ წელს დაამთავრა. კომპანიას სტარტაპების აქსელერატორი Y Combinator აფინანსებს. შესაბამისად, ამ წამოწყებაში თანხა მაინცაა ჩადებული.
"გავაცნობიერე, რომ ისეთ ეპოქაში დავიბადე, რომელშიც პლანეტათაშორისი მოგზაურობა რეალური პერსპექტივაა. ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაშიც შეიძლება ერთმა ადამიანმა დრო დახარჯოს", — აღნიშნა ჩანმა Ars Technica-სთან ინტერვიუში.
ჩანს მართლაც ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. როგორც მათ ვებგვერდზე ვკითხულობთ, თავიდან კომპანია სასტუმროს ააშენებს, შემდეგ კი მთვარის ბაზასა და სხვა ნებისმიერ ინფრასტრუქტურას, რომელიც მთვარის კოლონიზაციისთვის შეიძლება დაგვჭირდეს.
ჩანის ჩანაფიქრია, რომ მთვარის ზედაპირზე 2029 წელს გასაბერი სტრუქტურა გაგზავნონ. მისიის მიზანი მთვარის გრუნტისგან აგურების შექმნა იქნება, რომელთაც სამომავლოდ სხვადასხვა ნაგებობის ასაშენებლად გამოვიყენებთ. ფიქრობენ, რომ 2031 წლისთვის მთვარეზე სასტუმროს გაგზავნიან და "ორმოში" მოათავსებენ, რათა ტურისტები კოსმოსური გამოსხივებისგან დაიცვან.
კომპანიის გეგმებს თუ დავუჯერებთ, 2032 წელს სასტუმრო 4 ტურისტს უმასპინძლებს, რომელთაც დარჩენა რამდენიმე დღით შეეძლებათ. ცალკე საკითხია, რამდენად განხორციელებადია კომპანიის გეგმები.
კომენტარები