2029 წლისთვის კოსმოსში კერძო ტელესკოპის გაშვება იგეგმება, რომელიც ჰაბლზე დიდი იქნება
ფოტო: SchmidtSciences/Chris Gunn & K. Miller, A. Mejía
ორგანიზაცია Schmidt Science-მა 2029 წლისთვის ოთხი ახალი ობსერვატორიის ამუშავება დააანონსა. ერთ-ერთი მათგანი პირველი კერძო კოსმოსური ტელესკოპია, დანარჩენი სამი კი ხმელეთზე აშენდება. ერიკ და ვენდი შმიტების ობსერვატორიული სისტემა — ასეთი იქნება ამ ასტრონომიული "ქსელის" სახელი, რომელიც ორგანიზაციის დამფუძნებელი ცოლ-ქმრის პატივსაცემად შეარჩიეს.
ეს ტელესკოპებია: Argus Array, Deep Synoptic Array (DSA), Large Fiber Array Spectroscopic Telescope (LFAST) და Lazuli, რომელსაც კოსმოსში გაუშვებენ.
- პირველ მოწყობილობაში 1000 პატარა ტელესკოპის გაერთიანებით 8-მეტრიან სარკეს შექმნიან. ის მთლიან ცას ყოველღამე გადაიღებს და დღეში 7.8 პეტაბაიტ მონაცემებს მოიპოვებს;
- LFAST-ში ოდნავ მოზრდილი ტელესკოპებით 3-მეტრიანი სარკე უნდა მიიღონ. ის სპექტროსკოპიულ ინფორმაციას შეაგროვებს, ანუ შორეული ობიექტების სინათლეს სხვადასხვა სიგრძის ტალღებად დაყოფს და ასე ქიმიურ შედგენილობას გამოავლენს. მას ეტაპობრივად სხვა მომცრო ტელესკოპები მიემატება და სარკის ზომა 30 მეტრამდე გაიზრდება;
- DSA რადიოსიგნალებზე კონცენტრირდება, რისთვისაც ხმელეთზე გადანაწილებულ 1650 ანტენას გამოიყენებს. გრაფიკული პროცესორების მეშვეობით მისგან კოსმოსის რადიო გამოსახულებებს რეალურ დროში მივიღებთ.
რაც შეეხება Lazuli-ს, მას ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპზე დიდი სარკე ექნება (3.1 მეტრი) და სამყაროს 23 სპექტრში დააკვირდება — ოპტიკურიდან ინფრაწითლამდე. დიზაინი სპექტროგრაფსა და კორონოგრაფსაც მოიცავს: პირველით ის ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემების შედგენილობას შეისწავლის, მეორით კი მნათობების სიკაშკაშეს დაბლოკავს, რათა ნეპტუნზე მცირე ზომის ეგზოპლანეტები დააფიქსიროს.
მისი და LFAST-ის გამოსაყენებლად ასტრონომებს განაცხადის წარდგენა დასჭირდებათ, დანარჩენი ორი ობსერვატორიის მონაცემები კი საჯარო იქნება. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოთხივე ტელესკოპი ერთად იმუშავებს — თუ ერთი მათგანით რაიმე საინტერესო ობიექტს შენიშნავენ, მეტის გასაგებად მისკენ მეორესაც მიმართავენ. ასევე, ყველა ამ მოწყობილობის მონაცემები ერთ სისტემაში იქნება ცენტრალიზებული.
ორგანიზაცია ამ ობსერვატორიებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ცნობილია ისიც, რომ Lazuli-ს შექმნა, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ძვირი სულაც არ დაჯდება.
Lazuli-ს შესახებ ინფორმაცია არარეფერირებად პლატფორმა ArXiv-ზე გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

კომენტარები