ინდონეზიის გამოქვაბულში ქვაზე შესრულებული უძველესი ნახატი აღმოაჩინეს
ფოტო: Ahdi Agus Oktaviana
ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე არქეოლოგებმა გამოქვაბული აღმოაჩინეს, შიგნით კი უნიკალური სტილით შესრულებული ნახატები დახვდათ. გეოქიმიური ანალიზით დაადგინეს, რომ ეს პრეისტორიული შედევრი მინიმუმ 67 800 წლის წინ შექმნეს. გამოდის, ეს ქვაზე შესრულებული უძველესი ნახატია, რაც კი მეცნიერებს აქამდე აღმოუჩენიათ.
ნამუშევარი კუნძულ სულავესიზე აღმოაჩინეს. ამ რეგიონში მსგავსი გამოსახულებები აქამდეც უპოვიათ — მაგალითად, მსუქანი მუცლის მქონე ღორი (სახვითი ხელოვნების ყველაზე ძველი, 45 500 წლის წინ შექმნილი, ნიმუში) და ნადირობის კომპლექსური სცენა, რომელიც სიუჟეტურ-თემატური ხელოვნების უძველეს ნიმუშად მიიჩნევა (51 200 წლის წინ შექმნეს).
უახლესი აღმოჩენა ჩამოთვლილთაგან სრულიად განსხვავებულია. ნახატის შესაქმნელად ადამიანმა, როგორც ჩანს, ხელის გული ქვაზე მიაბჯინა და ზემოდან პიგმენტი შეასხურა. ქვაზე შედეგად ხელის გამოკვეთილი კონტური დარჩა. იგი ძალიან ჰგავს ხელის შაბლონით შესრულებულ ნახატებს, რომელთაც ნეანდერტალელები ტოვებდნენ ევრაზიაში, თუმცა ინდონეზიაში აღმოჩენილი ანაბეჭდები გაცილებით ძველია და რაღაც უნიკალურიც ახასიათებს.
"თითის წვერებს ფრთხილად შეუცვალეს ფორმა, რომ წაწვეტებული გამოჩენილიყო. ამ დეტალს შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს, თუნდაც ცხოველებთან დაკავშირებული", — IFLScience-თან საუბრისას განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა მაქსიმ ობერტმა, გრიფიტის უნივერსიტეტის არქეოლოგმა.
კვლევისას გუნდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესიში 44 ადგილი აღწერა, სადაც ქვაზე შესრულებული ნამუშევრები შენიშნეს. აქედან 14 ადგილი ახლა აღმოაჩინეს. რამდენიმე გამოქვაბულში მხატვრული აქტივობის ორი ტალღა შენიშნეს, რომლებიც ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდებოდა და 35 000-წლიანი შუალედით მიმდინარეობდა. კედლებზე ცხოველები და სხვა ობიექტებიც იყო გამოსახული.
ეს ყველაფერი იმაზე, რომ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი — რომლებსაც ერთმანეთისგან ათიათასობით წელი აშორებდათ — ერთსა და იმავე გამოქვაბულებს უბრუნდებოდნენ, შიგნით კი საკუთარ კვალს ტოვებდნენ. დროთა განმავლობაში ეს გამოქვაბულები ადამიანის შემოქმედების ერთგვარი საცავები გახდა.
"მხატვრები, სავარაუდოდ, ადრეული თანამედროვე ადამიანები იყვნენ, რომლებიც დიდი გამყინვარების პერიოდში იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამ დროისთვის ზღვის დონეები ბევრად დაბალი იყო და რეგიონიც ძალიან სხვანაირად გამოიყურებოდა", — ხსნის ობერტი.
სულავესიში, როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ ადრე აღმოჩნდნენ. წინა გათვლებით, ამ არეალში პირველი ადამიანები დაახლოებით 50 ათასი ან 65 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ. გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუშებისა და სხვა გენეტიკური კვლევის მიხედვით, როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი მეტად ახლოსაა რეალობასთან.
ახალი კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა კალციუმის კარბონატის ნალექები გააანალიზეს, რომლებიც პიგმენტის ზემოდან წარმოიქმნება. ეს ნაწილაკები მხოლოდ ნახატის შესრულების შემდეგ ჩნდება, ამიტომ მათი ანალიზით შეგვიძლია გამოსახულების უმცირესი შესაძლო ასაკი გავიგოთ.
ხელის შაბლონით შექმნილი ნამუშევრები 67 800 წლით დათარიღდა. შესაბამისად, ეს გამოსახულებები გამოქვაბულის ხელოვნების ყველაზე ძველი ნიმუშებია, რაც კი ოდესმე შესწავლილა. აქამდე ვიცოდით, რომ ხელოვნების უძველესი ნიმუში ესპანეთში იყო შექმნილი (სავარაუდოდ, ნეანდერტალელების მიერ), თუმცა იგი ინდონეზიის ნიმუშებზე 1100 წლით გვიან აღმოჩნდა შექმნილი.
გამოქვაბულის ნახატები არამხოლოდ ადასტურებს, რომ იმ დროს იქ ადამიანები ცხოვრობდნენ, არამედ გარდამტეხ პერიოდსაც ასახავს, როცა ადამიანის შემოქმედება უკვე ხანგრძლივ კვალს ტოვებდა.
"გამოქვაბულის კედლებზე ნახატების შექმნა იმაზე მიანიშნებს, რომ მათთვის მნიშვნელოვან ადგილებს ნიშნავდნენ და იდეებს გამოხატავდნენ იდენტობაზე, კავშირზე ანდა ბუნებრივ სამყაროსთან ურთიერთობებზე. ეს ჩვეულებრივი აქტივობა არ ყოფილა. ეს დაგეგმვას, ცოდნის გაზიარებასა და კულტურულ მნიშვნელობას მოითხოვდა", — განაცხადა ობერტმა.
შესაძლოა, სულავესიში აღმოჩენილი ნიმუშები ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყოს სხვა აღმოჩენების სერიისა. არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ პრეისტორიული ხელოვნების უფრო მეტ ნიმუშს იპოვიან ახლომახლო კუნძულებზე და არამხოლოდ — ცხადია, თუ, რა თქმა უნდა, ტროპიკულმა შტორმებმა და სიცხემ არ გაანადგურა ისინი.
ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები