ისტორია ბიჭზე, რომელმაც უძილოდ 11 დღე გაძლო — რა გვემართება ხანგრძლივი სიფხიზლისას
ფოტო: Shutterstock.com
ალბათ, გიფიქრიათ, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ძილის გარეშე გაძლება. პირველ რიგში გეტყვით, რომ გინესის წიგნში ამგვარი რეკორდების დოკუმენტირება შეწყდა, რადგან კომისიას ჯანმრთელობისთვის საზიანო ასეთი ქმედების ხელშეწყობა ან წახალისება არ სურდა.
ეს გასაკვირი არაა, რადგან ძილი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ხანგრძლივი სიფხიზლე ჩვენს ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ძილის ნაკლებობამ შეიძლება პარანოია ან ჰალუცინაცია გამოიწვიოს და ისეთი პრობლემების რისკი გაზარდოს, როგორიც ინსულტი და დიაბეტია.
სანამ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი ამ კატეგორიაში გამარჯვებულების გამოვლენას შეწყვეტდა, ერთ-ერთი რეკორდი 1963 წელს დაფიქსირდა. რენდი გარდნერმა და ბრიუს მაკალისტერმა, რომლებიც იმ დროს მოზარდები იყვნენ, უჩვეულო სამეცნიერო პროექტი წამოიწყეს — მათ სურდათ გაეგოთ, რა ეფექტი აქვს უძილობას კოგნიტიურ და ფიზიკურ უნარებზე.
ბიჭებმა მონეტა ააგდეს, რათა როლები გადაენაწილებინათ; უძილობის გაძლება რენდის ერგო, მეგობარი კი მას უნდა დაჰკვირვებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ გაზეთშიც დაიბეჭდა და ექსპერიმენტმა ძილის მკვლევარ უილიამ დემენტის ყურადღება სწორედ მაშინ მიიპყრო. რენდის მშობლების თხოვნით, ის პროექტს გაუძღვა და აშშ-ის საზღვაო ძალების სამედიცინო ნეიროფსიქიატრიული კვლევითი განყოფილების სპეციალისტებიც დაიხმარა.
სიფხიზლის შესანარჩუნებლად 16 წლის ბიჭი კალათბურთსა და პინბოლს თამაშობდა. გუნდის წევრები მას ტუალეტის შეღებული კარიდანაც ესაუბრებოდნენ, რათა არ ჩასძინებოდა, და, რაც მთავარია, დაწოლის საშუალებას არ აძლევდნენ.
თავიდან რენდის უძილობის გამო რაიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი არ ჰქონია, თუმცა მეორე დღეს დააფიქსირეს, რომ მას შეხებით ობიექტების იდენტიფიცირება უჭირდა; მესამე დღეს მას გუნება-განწყობა გაუუარესდა და ენის გასატეხებსაც ვეღარ ამბობდა; მეოთხე დღეს ბიჭს უკვე ჰალუცინაციები და დელუზიები დაეწყო: ეჩვენებოდა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელი იყო, სახლში ყოფნისას კი წინ, ოთახის ნაცვლად, ტყეში შესასვლელს ხედავდა.
რენდი იხსენებდა, რომ ამის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა. სხეული ჯერ კიდევ ემორჩილებოდა, მაგრამ გონებამ თითქოს ფუნქციონირება შეწყვიტა. მას პარანოია გამოუვლინდა, მაგრამ ისე მძიმედ არ ყოფილა, როგორც მისი წინამორბედი — პიტერ ტრიპი — რომელმაც უძილოდ 201 საათი გაძლო (მაგ. ელანდებოდა, რომ თავის სტუდიაში კატები და თაგვები დარბოდნენ). საბოლოოდ, მომდევნო დღეებში 16 წლის "ცდისპირის" მეტყველება შენელდა, სიტყვებს სათანადოდ ვეღარ წარმოთქვამდა და მეხსიერებაშიც ჩავარდნები ჰქონდა. ამის მიუხედავად, იგი პინგ-პონგს მაინც თამაშობდა.
ექსპერიმენტის ბოლო დღეს რენდის უკვე არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა და კითხვებზე პასუხის გასაცემადაც კი დახმარებას საჭიროებდა. გონებრივი უნარების ტესტირებებიც ძალიან მალე სრულდებოდა, რადგან ბიჭს სწრაფად ავიწყდებოდა, რას აკეთებდა.
რეკორდის დამყარების შემდეგ მის ძილს სპეციალური მოწყობილობებით აკვირდებოდნენ. დაასკვნეს, რომ უძილობის დროს ტვინის ზოგიერთი რეგიონი ხანმოკლედ "თვლემდა", რაც მოგვიანებით ვირთხებშიც დაფიქსირდა. დაადგინეს ისიც, რომ ჰალუცინაციები 90-წუთიანი ციკლების სახით ვლინდებოდა, ძილის REM ფაზის მსგავსად (ის თვალების სწრაფი მოძრაობით ხასიათდება). უცნობია, მისი ჰალუცინაციები უძილობით იყო გამოწვეული თუ იმ პრეპარატით, რომელსაც სიფხიზლის შესანარჩუნებლად იღებდა.
რაც შეეხება უძილოდ გატარებული დროის უკანასკნელ რეკორდს, ის ბრიტანელმა მაურინ ვესტონმა დაამყარა, რომელმაც ძილის გარეშე 18 დღესა და 17 საათს გაძლო. ბოლო დღეებში ჰალუცინაციები მასაც აწუხებდა.

კომენტარები