ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძროხა საგანს მიზანმიმართულად იყენებს.
ფოტო: Osuna Mascaró
დღეიდან ძროხები შეუერთდნენ იმ ცხოველების სიას, რომლებიც დადასტურებულია, რომ მიზანმიმართულად იყენებენ საგნებს.
შვეიცარიულმა ყავისფერმა ძროხამ, სახელად ვერონიკა (Bos taurus), საგნების მიზანმიმართულად გამოყენების უნარი გამოავლინა. ჩვეულებრივ ასეთი ქცევა პრიმატებისთვისაა დამახასიათებელი, ამიტომ ძროხა ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია.
"რატომ არ ვიცოდით ეს აქამდე? შესაძლოა, იმიტომ, რომ მსხვილფეხა პირუტყვის კვლევები იშვიათად ტარდება", — თქვა ვენის ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტის კოგნიტიურმა ბიოლოგმა, ელის აუერსპერგმა.
ფოტო: Osuna Mascaró
საგნების მიზანმიმართული გამოყენება აქამდე ისეთ კოგნიტიურ უნარად მიიჩნეოდა, რომელსაც მხოლოდ ადამიანები ფლობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ასე არ არის: ინსტრუმენტებს იყენებენ ყვავები, დელფინები — და ახლა უკვე გვაქვს დამადასტურებელი კადრები, რომ ეს ძროხასაც შეუძლია.
ვერონიკა შინაური ძროხაა და ის ავსტრიულ ფერმაში ცხოვრობს. ფერმის პატრონი, ვიტგარ ვიგელი უკვე ათი წელია აკვირდება ძროხას, თუ როგორ იყენებს ის ჯოხებს. ვერონიკას ქცევამ ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ვიდეო აუერსპერგმა და მისმა კოლეგამ, ანტონიო ოსუნა-მასკარომ ნახეს.
"როდესაც ვიდეო ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი — ძროხა საგანს მიზანმიმართულად იყენებს", — თქვა აუერსპერგმა.
ამის შემდეგ მკვლევრები ვერონიკას ფერმას ეწვივნენ.
ტესტი მარტივი იყო: ვერონიკას წარუდგინეს ასიმეტრიული საგანი, რომლის თითოეულ ბოლოს განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა. ამ შემთხვევაში ეს იყო იატაკის ცოცხალი — ერთ მხარეს სახელური, მეორეზე კი ძაფები.
ვერონიკამ ცოცხი მიზანმიმართულად გამოიყენა — ძაფიან ბოლოს სხეულის იმ ნაწილების მოსაფხანად იყენებდა, რომლებიც მისთვის მიუწვდომელი იყო. მეტიც, ის ზოგჯერ ჯოხს სახელურის მხრიდანაც იჭერდა. ის, თუ რომელი მხრიდან დაიჭედა ჯოხს, დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად სენსიტიური იყო კანი.
გარდა ამისა, ჯოხის გამოყენება კონტექსტზე იყო დამოკიდებული. ძაფიან ბოლოს ვერონიკა მაშინ იყენებდა, როდესაც ნაკლებად კონტროლირებად მოძრაობებს აკეთებდა, ხოლო სახელურის ბოლოს — უფრო ზუსტად და მიზნობრივად მოიხმარდა.
ერთი საგნის სხვადასხვა ფუნქციით გამოყენების უნარი ველურ ბუნებაში ძალიან იშვიათია.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ვერონიკას ეს ქცევა ძროხებში გამონაკლისი არ უნდა იყოს. მათი თქმით, შეიძლება ჩვენ ძროხებს შესაბამისად არ ვაკვიდებით.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები