ბოლო დროს მინიმალიზმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მიმდინარეობაზე, რომლის არსიც საგნების რაოდენობის მაქსიმალურად შემცირებაა და რომლის სლოგანიც გვეუბნება, რომ "ყველაფერი ნაკლები უფრო მეტია", წარმოუდგენლად ბევრს საუბრობენ. აღნიშნული ტერმინი უამრავ ფილოსოფიურ მიმდინარეობას, პროდუქტსა თუ ცხოვრებისეულ არჩევანს მიეწერება.

ღრმა ფილოსოფიური გაგებით, მინიმალიზმი ჩვენგან წარმოუდგენლად დიდ მოთმინებასა და თავშეკავებას მოითხოვს. ასეთ დროს მთავარი კითხვა, რომელიც მას დაესმის, არის — შეგვამცირებინებს თუ არა ის იმ ზიანს, რასაც ჩვენი ქმედებით პლანეტას ვაყენებთ. ამ მოსაზრების დამცველია ხელოვანი მაიკლ ლენდი, რომელმაც 2001 წელს პროექტის, ჩამოშლა, ფარგლებში პროტესტის ნიშნად ყველა საკუთარი ნივთი გაანადგურა.

თუმცა, ზოგჯერ საქმე გაცილებით მარტივადაა და მინიმალიზმი იქამდე დაიყვანება, თუ რა ნივთს ვფლობთ და რას არა. ამ პოზიციის გამზიარებელია იაპონელი მწერალი მარი კონდო, რომელმაც "სიხარულის მონიჭების" ცნება ჩამოაყალიბა. მისი აზრით, ადამიანი თავის გარშემო არსებული ნივთებისგან სიამოვნებას უნდა იღებდეს. ავტორისეულმა აღქმამ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა და "კონ-მარის" მეთოდმა მწერალს 11 მილიონი გაყიდული წიგნი მოუტანა.

კონდო მინიმალიზმის იმ ახალი ისტორიის ნაწილია, რომელმაც პოპულარობა გასულ ათწლეულში მოიპოვა. ამ ტალღასვე ეკუთვნის მინიმალისტების სახელით ცნობილი დუო, ჯოშუა ფილდს მილბარნი და რაიან ნიქოდემუსი, რომლებიც მიზნად იმის კვლევას ისახავენ, თუ რა დატვირთვა აქვს მატერიალურ ნივთებს ჩვენს ცხოვრებაში. ბავშვობის მეგობრებმა 2009 წელს აღმოაჩინეს, რომ თავიანთ სტრესულ და მაღალშემოსავლიან კარიერულ ცხოვრებაში მინიმალიზმი სინათლის და სიმსუბუქის შემომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მათ დაინახეს, რომ ნივთების შეგროვების "მანია" მათი უბედურებისა და უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყო. "მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ სულ სხვა ოცნებები მქონდა, ამერიკულ ოცნებას ვიყავი გამოდევნებული", — ამბობს ნიქოდემუსი.

მინიმალისტები ამტკიცებენ, რომ ნაკლები ნივთის ქონა თავისუფლებისა და კმაყოფილების მოპოვებასთან პირდაპირ კავშირშია.

ფოტო: Alamy

მინიმალისტური ცხოვრების იდეით შეპყრობილებმა, მილბარნმა და ნიქოდემუსმა თავიანთი ნივთების რაოდენობა 90%-ით შეამცირეს და გადაწყვიტეს, რომ სიამოვნება არა მათგან, არამედ იმ შთამაგონებელი ბლოგების, წიგნებისა და სატელევიზიო სერიების შექმნით მიეღოთ, რომლებიც საკუთარ კარიერადაც აქციეს. ნეტფლიქსის სერიები, Less Is Now, მათი ახალი წამოწყებაა, რომელშიც პირად, სახალისო ისტორიებს ჰყვებიან და ამა თუ იმ პრობლემის დასაბამის პოვნას ექსპერტებთან ერთად ცდილობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ექსპერტი, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, Greenpeace, წარმომადგენელი, ენი ლეონარდია. ლეონარდი ამბობს, რომ "კორპორაციებმა და ეკონომიკური მოგებისკენ ბრმა სწრაფვამ ნივთების შეძენა ნამდვილ მანიად აქცია. სავაჭრო თერაპიის ტრენდად ქცევა კი იმაზე მიუთითებს, რომ ხალხს გარკვეული სოციუმისადმი მიკუთვნების, მიზნებისა და იდენტობის სხვაგვარად გამოხატვის უნარი აღარ შესწევს". ლოს-ანჯელესის მეგაეკლესიის დამფუძნებელი, ერვინ მაკმანუსი კი მინიმალიზმის სპირიტუალურ მნიშვნელობაზე საუბრობს: "მინიმალიზმი უმნიშვნელოვანეს გაკვეთილს გვასწავლის. მისი დახმარებით ჩვენ გარშემო არსებულ უფუნქციო ნივთებს ამოვიცნობთ და იმისკენ ვიწყებთ სვლას, რაც რეალურად მნიშვნელოვანია".

კრიტიკოსები მინიმალისტების პროექტის პარადოქსულ ხასიათს უსვამენ ხაზს: 20 მილიონი მიმდევრის მქონე წამოწყების ფარგლებში ხომ გამუდმებით იქმნება ახალ-ახალი პროდუქტი. თუმცა, მილბარნსა და ნიქოდემუსს გულწრფელად სჯერათ თავიანთი მისიის, აჩვენონ ადამიანებს, რომ "ნაკლები ნივთით შინაარსიანი ცხოვრების მოპოვებაა შესაძლებელი". მათი ახალი წიგნიც, გიყვარდეთ ადამიანები, გამოიყენეთ ნივთები — რადგან საპირისპირო ქმედება არასდროს მუშაობს, მათ ძირითად გზავნილს განსაზღვრავს: ნივთების შემცირების არსი მხოლოდ მათი რაოდენობის კლებაში არ მდგომარეობს. "ჩვენ ამ ხერხს გაცილებით უფრო დიდი მიზნისთვის მივმართავთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცის იმისთვის გათავისუფლებაა, რომ დროს, სიმშვიდეს, შემოქმედებითობას, გამოცდილებებს, კმაყოფილებასა და თავისუფლებას ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლის შესაძლებლობა მივცეთ", — ამბობენ ისინი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანების მფლობელობაში არსებული ნივთების რაოდენობა სულ უფრო იმატებს, გასაკვირი აღარაა მინიმალიზმისადმი ინტერესის უწყვეტი ზრდაც. მაგალითად, ამერიკული ოჯახი საშუალოდ 300 ათას ნივთს ფლობს, უძრავი ქონების სფეროში მომუშავე აგენტებს კი ყველაზე ხშირად მომხმარებლებისთვის დამატებითი სასაწყობე ფართის ძებნა უწევთ. ამის საპირისპიროდ, "პატარ სახლის" იგივე tiny house მიმდინარეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ისეთ მცირე ზომის სახლებში გადასვლით, რომლის ფართობიც 40 კვ.მ-ს არ აღემატება და რომელსაც უმეტესად თავად მეპატრონეები აშენებენ, ადამიანებს სურთ, საცხოვრებელი ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანონ, უბრალოება და თავისუფლება კი მაქსიმალურად შეიგრძნონ. მიმდინარეობა აშშ-ში ჩამოყალიბდა და ის ფეხს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თანდათან იკიდებს.

ხელოვნებაში მინიმალიზმის მთავარი მიზანი ახალი საწყისების ძიებაა და არა — სიცარიელის.

წიგნის, ნაკლებისადმი სწრაფვა: ცხოვრება მინიმალიზმით, ავტორი, კაილი ჩეიკა მიიჩნევს, რომ მინიმალიზმს იმაზე გაცილებით ღრმა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მისი აზრით, მიმდინარეობა ახალი ცხოვრების დაწყებაში გვეხმარება და ეს ყველაფერი მხოლოდ ნივთების გადაყრას სულაც არ გულისხმობს. წიგნი, რომელიც მან 2020 წელს გამოსცა, 1960-იანი წლების იმ კულტურულ მოვლენებს მიმოიხილავს, რომლებმაც ტერმინის, მინიმალიზმი, დაბადებას დაუდო საფუძველი. მინიმალისტურ მოძრაობას დღეს მრავალი ცნობილი დიზაინერი, მწერალი, არქიტექტორი და მხატვარი მისდევს. მათ შორის არიან სახვითი ხელოვნების არტისტები — დონალდ ჯუდი, დენ ფლავინი და აგნეს მარტინი და კომპოზიტორები — ჯონ კეიჯი, ფილიპ გლასი და ჯულიუს ისტმანი.

"მაშინ, როდესაც მინიმალიზმი ხელოვნებაში გამოჩნდა, არტისტებმა სილამაზის აღმოჩენა ისეთ მოულოდნელ ნივთებში სცადეს, როგორიც, მაგალითად, ინდუსტრიული მასალაა. ნივთებზე და შემოსავლის ზრდაზე ფოკუსირებაზე უარის თქმა, შესაძლოა, კონსუმერიზმის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებად მოგვეჩვენოს. მაგრამ მსგავსი მიდგომა — როცა მხოლოდ საჭირო ნივთებს ყიდულობ და სადა ესთეტიკას აფასებ — ნელ-ნელა ნორმაც კი ხდება", — ამბობს ჩეიკა.

თუმცა მას არ მოსწონს, როცა "ზოგიერთი ადამიანი მუდმივად ცდილობს, რომ თეთრ იატაკზე იჯდეს და თეთრი კედლებით გარშემორტყმულ სიცარიელეში იცხოვროს. ეს ყველაფერი საკუთარი თავის გამიზნულ ტანჯვას ემსგავსება. მინიმალიზმი ასეთ დროს სრულ სიცარიელეს უტოლდება. არადა, მინიმალიზმის მნიშვნელოვანი ასპექტი დაუფასებელი ნივთების აღმოჩენაა. დღეს მსგავსი რამ იშვიათობაა. ხშირად ადამიანებს კონკრეტული ტანსაცმლის ყიდვა მხოლოდ იმიტომ უნდებათ, რომ მას ინსტაგრამის მინიმალისტურ გვერდებზე ნახულობენ. ამას არაფერი საერთო არ აქვს საგნებისთვის ახალი თვალით შეხედვის პრაქტიკასთან". ჩეიკასვე თქმით, ინსტაგრამს მინიმალიზმის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის: "ამ პლატფორმისთვის დამახასიათებელი ფოტოების განლაგება და თეთრი სადა ფონი მინიმალისტურ ესთეტიკას ზედმიწევნით ერგება". მისი მომდევნო წიგნი "ციფრულ მინიმალიზმზე" ამ საკითხს უფრო დეტალურად განიხილავს.

ქონა და უქონლობა

თანამედროვე მინიმალიზმი მეოცე საუკუნეში კი გაჩნდა, თუმცა ის ფილოსოფიურ სათავეს ღრმა წარსულში იღებს. ის 2 500 წლის წინ მცხოვრებ გამორჩეულ ფიგურას, დიოგენეს შეგვიძლია დავუკავშიროთ. დიოგენე დაახლოებით ძვ.წ. 412 წელს დაიბადა და თანამედროვე თურქეთის ტერიტორიიდან ათენამდე იმოგზაურა. ის სახლის ქონას საჭიროდ არ მიიჩნევდა და, გადმოცემის თანახმად, თიხის კასრში ცხოვრობდა.

ერთ-ერთ პირველ მინიმალისტად დიოგენე სინოპელი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის 2 500 წლის წინ, თიხის კასრში ცხოვრობდა.

ფოტო: Getty Images

ყველაფერი, რასაც დიოგენე ფლობდა, საათი, ხელჯოხი და ტყავის ქისა იყო (რომელშიც ვინ იცის, რას ინახავდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ფული არ ებადა). "მან ბედნიერება თვითგანათლებასა და თვითმყოფადობაში იპოვა", — ამბობს ფილოსოფიის პროფესორი, უილიამ სტივენსი. დიოგენემ საზოგადოების მიერ დადგენილი ღირებულებები უარყო: "მან საკუთრებისა და სოციალური სტატუსის მნიშვნელობა უკუაგდო. ასე რომ, ის პირველი მინიმალისტი იყო".

ძვ.წ. მესამე საუკუნიდან კი ელინისტური ფილოსოფია, სტოიციზმი ჩნდება, რომელიც, ნაწილობრივ, "ტკივილსა და სირთულეებთან დაჩივლების გარეშე გამკლავებას გულისხმობს". ის მარტივი ცხოვრებისა და ცვლილებების მიღებას და საკუთრების მაგივრად საკუთარ თავზე ფოკუსირებას ქადაგებს. სენეკას, ცნობილი სტოიკოსის წერილში ვკითხულობთ, "საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრება სიმდიდრის გარეშეც შეგიძლიათ. და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მატერიალური ნივთები დროს ვერ უძლებენ".

სტოიციზმის ნიშნები ამერიკელი მწერლის, გრედჰენ რუბინის წიგნშიც, გარე წესრიგი, შინაგანი სიმშვიდე, იკვეთება. მისი თქმით, 2019 წლის წიგნის ინსპირაცია მიმდინარე მოვლენები იყო: "არეულ სამყაროში ადამიანები გრძნობდნენ, რომ კონტროლს მუდმივად კარგავდნენ. ამგვარი შეგრძნებები მათ პანდემიამდეც კი ჰქონდათ. ბუნებრივია, რომ ადამიანებს სურთ, საკუთარ გარემოზე კონტროლი ჰქონდეთ, რადგან ეს მათ გაურკვევლობისა და შფოთის მართვაში ეხმარება. ხალხს გამუდმებით ვეკითხებოდი, რა განიჭებთ ბედნიერებას? და ზოგჯერ პასუხი ისეთი მარტივი იყო, როგორიცაა საწოლის დალაგება. სულ მცირე წესრიგიც კი ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ისინი დღეს სწორად იწყებენ".

რუბინი იმ მინიმალისტებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ხალხს არაფრის ქონისკენ მოუწოდებენ. "ვფიქრობ, რომ მატერიალურ სამყაროსაც შეიძლება ჰქონდეს სპირიტუალური განზომილება და ჩვენ ხშირად ნივთებს უფრო მაღალი ღირებულებების აღმოსაჩენად ვიძენთ. ასე რომ, შესაძლოა, დეკორატიული მზესუმზირას შეძენას გარკვეული მიზანი ჰქონდა — შეიძლება, ის ოჯახის წევრებს ახლისებს ან, სულაც, თქვენი სახლის ატმოსფეროს ფერებს ჰმატებს".

მატერიალური ნივთებისადმი ემოციურ კავშირზე საუბრისას რუბინს საკუთარი მეგობრის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც "კარადა ისეთი გრძელი, ფორმალური კაბებით ჰქონდა სავსე, რომლებსაც აღარ იცვამდა. თუმცა ისინი მას პარტნიორს ახსენებდა — მის საყვარელ ადამიანს, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. ამგვარად, ეს კაბები მის სასიამოვნო მოგონებებთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, რადგან ისინი მაშინ ეცვა, როცა პარტნიორი ცოცხალი იყო". საბოლოოდ, რუბინის მეგობარმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ერთ, განსაკუთრებით საყვარელ კაბას დაიტოვებდა, "შესაძლოა, სამუდამოდ არა, მაგრამ ამ პერიოდისთვის მაინც".

"როდესაც ბედნიერი ცხოვრების მოპოვებაზე ვსაუბრობთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ტანსაცმლით გამოტენილი კარადა მხოლოდ ტრივიალური პრობლემაა. თუმცა, ადამიანები ყოველთვის ამბობენ, რომ სახლში არსებული აურზაურის დალაგების შემდეგ გაცილებით უფრო ენერგიულები და ფოკუსირებულები ხდებიან. არასდროს დამავიწყდება, როგორ მითხრა ერთხელ ვიღაცამ, როგორც იქნა, მაცივარი დავალაგე, ახლა ვიცი, რომ პროფესიის შეცვლაც შემიძლიაო", — ურთავს რუბინი.

მინიმალიზმი არქიტექტურაში

ბრიტანელ არქიტექტორ ჯონ ფოუსონთან შედარებით, მინიმალიზმის ახლანდელი მიმდევრები მხოლოდ ახალბედები არიან. ფოუსონი საკუთრ შემოქმედებაში რედუქციონიზმს 40 წელზე მეტია, რაც მიმართავს. მან ეს ყველაფერი იაპონელი დიზაინერის, შირო კურამატასგან ისწავლა და მინიმალისტური ესთეტიკის გავლენა მისი ნამუშვრების დიდ ნაწილში შეინიშნება. ფოუსონის ნამუშევრებში ნიუ-იორკში მდებარე კელვინ კლაინის პირველი მაღაზია და კენსინგტონში მდებარე დიზაინის განახლებული მუზეუმი შედის.

არქიტექტორ ჯონ ფოუსონის სადა ნამუშევრები მისი მინიმალისტური, მკაცრი ესთეტიკით არის გაჯერებული.

ფოტო: Getty Images

"ძალიან პატარა ასაკიდან დავინტერესდი, თუ რა აქცევდა ამა თუ იმ ადგილს კომფორტულ გარემოდ", — აღნიშნავს ფოუსონი. მინიმალიზმისკენ სწრაფვა მან ბავშვობიდანვე გამოავლინა — მაშინ, როდესაც საკუთარი ოთახიდან საწოლის გარდა თითქმის ყველა ნივთი მოაშორა.

"ნივთების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა უდიდეს დისციპლინას მოითხოვს", — ამბობს ის. თუმცა ფოუსონს არც თვითირონია აკლია. ის თავისი უმცროსი დის მიწერილ წერილს იხსენებს: "მასში ეწერა, წერილს მინიმალისტური კლუბის წევრობის საბუთს ვურთავო. სინამდვილეში კი კონვერტში თეთრი, ცარიელი ფურცელი დამხვდა. ასე რომ, დამცინავ კრიტიკას თავიდანვე ხშირად ვიღებდი".

მისი ყველაზე განსხვავებული ნამუშევრები რელიგიური დაწესებულებებია. ჩეხეთში მდებარე სააბატო, აღმოსავლეთ ლონდონის წმინდა იოანეს განახლებული ეკლესია და ოპტიკური ინსტალაცია წმინდა პავლეს ეკლესიის კიბეზე მისი ხედვის სისუფთავესა და დიზაინის სიმარტივეს გამოხატავს. "მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ცხოვრება საკუთარი თავის შეზღუდვისგან ძალიან შორს არის", — ამბობს ის. მინიმალისტის მუზა, მისი ცოლი კატერინა "უსაზღვროდ მოსიყვარულე ადამიანი, ძალიან კარგი მზარეული და შესანიშნავი დედაა. თუმცა ის მეტისმეტად უწესრიგოა. როდესაც ის სახლიდან გადის — თუნდაც ერთი საათით — ვცდილობ, ყველაფერი წესრიგში მოვიყვანო და ნებისმიერი ზედაპირი სუფთა და ცარიელი დავტოვო", — ამბობს ფოუმენი.

მიმდინარეობა კაპიტალისტურ ბაზარზე უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს — ის სათანადოდაა შეფუთული და მოგებაც მოაქვს. ფოუსონი მინიმალიზმზე შექმნილ ცნობილ წიგნებსა და სერიებზე საუბრობს: "წიგნების მაღაზიებში ვიყურები და მარი კონდოს წიგნისნაირ გამოცემებს ვაწყდები. ხშირად ვფიქრობ, იქნებ, მეც დამეწერა წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ნივთებისგან დაცარიელებულ სამყაროში? თუმცა, მგონია, რომ ჩემი წიგნი უკვე ზედმეტი ნივთი იქნება".