ზღვა, რომელსაც ახსოვს — აფხაზეთი ვენეციის ბიენალეზე
ვენეციის ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ხელოვნების გამოფენაა, რომელიც პირველად 1895 წელს გაიმართა და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
გამოფენაზე, სხვადასხვა ქვეყნის პავილიონებში, მრავალი გამორჩეული ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი. 2026 წლის ბიენალეს ერთ-ერთი მონაწილე ქართველი ხელოვანი, თედო რეხვიაშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელებში თავისი ისტორია გაგვიზიარა.
თედოს გასული წლის ნოემბერში შესთავაზეს ბიენალეზე, სხვა ქვეყნის პავილიონში მონაწილეობა: "ეს ქვეყანა აღმოჩნდა ნაურუ (სახელმწიფო, რომელმაც 2009 წელს აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო). იმედგაცრუებული დავრჩი და უარის წერილიც მოვამზადე," — წერს თედო
თუმცა, დაფიქრების შემდეგ თედომ გადაწყვიტა, რომ უარის მაგივრად ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ გამოეყენებინა — თუ მისცემდნენ საშუალებას, რომ აფხაზეთის თემაზე ემუშავა, მაშინ მიიღებდა ნაურუს პავილიონში მონაწილეობას. მალევე გადაწყდა, რომ თედოს ნამუშევარი პავილიონში პირველი იქნებოდა წარმოდგენილი.
ფოტო: Facebook / Tedo Rekhviashvili
ფოტო: Facebook / Tedo Rekhviashvili
ნამუშევრის სახელია The sea, that remembers (ზღვა, რომელსაც ახსოვს): "ესაა სიმბოლო ნიჟარისა, რომელიც ინახავს აფხაზეთის ისტორიას, ზღვისა და ომის ხმას. ესაა ნიჟარა, როგორც სახლისა და მარადიულობის სიმბოლო, მუდმივი მიბრუნებისა და მოსმენის ობიექტი," — წერს თედო.
ქანდაკება დაფარულია ისეთი პეიზაჟებით, როგორც, ხელოვანის აზრით, დღემდე წარმოგვიდგენია აფხაზეთი — მზე, სიმწვანე და ლურჯი ზღვა. თედოს მიზანი იყო, რომ მკაფიო და მარტივი ნამუშევრით გამოეხატა პროტესტი, როგორც ადამიანს, რომლის ოჯახის დიდი ნაწილიც აფხაზეთიდანაა. პროტესტი ნაურუს მიმართ, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
იდეურ ღერძს წარმოადგენს "ტროას ცხენის" პრინციპი, როგორც ერთი მხატვრის სიტყვა ჩვენი მტერი სახელმწიფოს მეგობარ პავილიონში, რათა სწორედ ნაურუს სივრციდან მომეყოლა აფხაზეთზე, საქართველოზე — ამბობს თედო.
როგორც ხელოვანი ხსნის, ნაურუს პავილიონის კონცეფცია აგებული იყო პატარა ერების გაქრობის, კოლონიალიზმისა და ეკოლოგიური პრობლემების ირგვლივ, მისი ნამუშევარი კი პავილიონს ომის გამო გაქრობისა და დანაკარგის იდეით შეუერთდა.
ნამუშევრის აღწერა
ფოტო: Facebook / Tedo Rekhviashvili
თედომ წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა ისიც, რომ ნამუშევრის აღწერაში ხსენებულიყო რუსეთი, ოკუპაცია, დახოცილი და გამოძევებული ქართველები.
მჯერა, რომ ზემოხსენებული იდეა მნიშვნელოვანია დღეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც ხელისუფლება განზრახ მუშაობს ისეთი ფასეულობების გაბითურებაზე, როგორიცაა ადამიანი, თავისუფალი სიტყვა, სამშობლო, სუვერენიტეტი, გმირი, მტერ-მოყვარე და ა.შ. — წერს მხატვარი.
ნამუშევრის ნახვა 22 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები