შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
ფოტო: Getty
ბრიტანეთში ენდომეტრიოზი 10-იდან 1 ქალს აქვს. ეს მტკივნეული მდგომარეობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს უჯრედების მსგავსი უჯრედები სხეულის სხვა ნაწილშიც იზრდება. ქალებს ამ დიაგნოზის მისაღებად საშუალოდ 9 წელი სჭირდებათ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის საპილოტო კვლევის თანახმად, შეიქმნა ახალი ტექნიკა, რომლითაც დაავადებას უფრო მალე ამოიცნობენ. მიდგომა სპეციალიზებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას გულისხმობს.
დღესდღეობით ზუსტი დიაგნოზის მიღება ლაპაროსკოპიით ხდება. ეს მუცელში პატარა კამერის მოთავსებას გულისხმობს.
ახალ კვლევაში 19-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ენდომეტრიოზის დიაგნოზი ან უკვე მიღებული ჰქონდათ, ან ამ დაავადების საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდათ. მეცნიერებმა მათ სპეციალიზებული კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს. ამასთან ერთად, ნივთიერება მარაციკლატიდი შეუყვანეს, რომელიც ახალი სისხლძარღვების ჩამოყალიბების ადგილს მიემაგრა.
ახალი ტექნიკის გამოყენებით სწორად დიაგნოსტირება 16 ქალის შემთხვევაში გახდა შესაძლებელი. ეს მიგნება მართლაც იმედისმომცემია. მკვლევრების აზრით, ახალი ტექნიკა შეიძლება დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ეფექტიან ხელსაწყოდ იქცეს, განსაკუთრებით ზედაპირული პერიტონიალური ენდომეტრიოზის შემთხვევაში. ეს დაავადების ადრეული ფორმაა, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული და ამავდროულად რთულად ამოსაცნობია.
მიგნებას სხვა მეცნიერებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრის, ლუსი უიტაკერის თქმით, არაინვაზიური ტექნიკების განვითარება მართლაც აუცილებელია.
ამ საკითხზე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუ ეს მეთოდი მართლაც დაინერგა, დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზევე ინება შესაძლებელი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი ტექნიკა რადიაციასთან შემხებლობას მოიცავს, რაც სარისკოა. მეორე მხრივ, გარკვეული საფრთხეები ლაპაროსკოპისაც ახლავს თან, ამიტომ ახალი მეთოდისა და ლაპაროსკოპიის რისკების საფუძვლიანად შედარებაა საჭირო.
ნაშრომი გამოცემაში Lancet Obstetrics, Gynaecology and Women's Health გამოქვეყნდა.
კომენტარები