პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს (PCOS) სახელი ოფიციალურად გადაერქვა. დაავადებას უკვე პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი (PMOS) ეწოდება. გადაწყვეტილება ამ კვირაში, ევროპის ენდოკრინოლოგიის კონგრესზე მიიღეს, რომელიც პრაღაში გაიმართა. მას წინ ჯანდაცვის ექსპერტებისა და პაციენტების 14-წლიანი კოლაბორაცია უძღოდა.
ძველ სახელს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. მათი აზრით, ეს ტერმინი არასწორი და პოტენციურად საზიანოც იყო: მასში მხოლოდ ერთი ორგანოა ნახსენები, რაც დაავადების მულტისისტემურ ბუნებას სათანადოდ ვერ ასახავს.
PMOS-ის შესახებ ერთ-ერთი არასწორი შეხედულება ისაა, რომ იგი მხოლოდ რეპროდუქციული დაავადებაა, რომელიც საკვერცხეებიდან იწყება. ზოგი პაციენტისთვის უნაყოფობა მართლაც გამოწვევაა, მაგრამ არა ყველასთვის. გარდა ამისა, აღნიშნული სინდრომის ეფექტები საკვერცხეებს ბევრად ცდება, შეიძლება ტვინიდანაც კი იწყებოდეს.
არარეგულარული მენსტრუაცია, უჩვეულო ოვულაცია, ჭარბთმიანობა სახეზე ან სხეულზე, აკნე და უნაყოფობა ნამდვილად PMOS-ის სიმპტომებია, თუმცა დაავადებას მნიშვნელოვანი ენდოკრინული, მეტაბოლური, ფსიქოლოგიური და დერმატოლოგიური სიმპტომებიც ახლავს თან. ეს ყველაფერი რეპროდუქციული წლების დასრულების შემდეგაც კი შეიძლება გაგრძელდეს.
დღესდღეობით PMOS დაახლოებით 170 მილიონ ქალს აწუხებს. მიიჩნევა, რომ პაციენტების 70%-ს დიაგნოზი არ აქვს მიღებული. ზოგი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დაავადების ძველ სახელწოდებაშია.
ყველაზე აშკარა ცვლილება ის არის, რომ PCOS-იდან "C" ამოიღეს, რომელიც კისტას აღნიშნავს. კისტები პირველად 1935 წელს ორმა ჩიკაგოელმა ქირურგმა აღწერა.
ირვინგ შტაინი და მაიკლ ლევენტალი ქალებში უნაყოფობას იკვლევდნენ. ერთ-ერთი ოპერაციის დროს მათ შენიშნეს, რომ პაციენტის საკვერცხეები გადიდებული იყო და მომცრო ზომის რამდენიმე კისტის მსგავს სტრუქტურას შეიცავდა. კისტების ამოღების შემდეგ პაციენტებს მენსტრუალური ციკლი აღუდგათ, ზოგს კი საკუთარი ბიოლოგიური შვილებიც ეყოლა.
ამ დროს მეცნიერებს ოვულაცია ძალიან ცუდად ჰქონდათ გაგებული. ისეთი სასქესო ჰორმონები, როგორებიც ესტროგენი და პროგესტერონია, ახალაღმოჩენილი იყო.
1958 წელს შტაინმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მან დიაგნოზს შტაინ-ლევენტალის სინდრომი უწოდა. ნაშრომში ეწერა, რომ დაავადება ოპერაციით იკურნებოდა. ხოლო მოგვიანებით ამ დარღვევას PCOS ეწოდა.
აღმოჩნდა, რომ ეს "კისტები" სრულიად სხვა რამე იყო: საკვერცხის ფოლიკულები, რომლებმაც ზრდა შეწყვიტეს. დღეს უკვე ვიცით, რომ ეს PMOS-ის უნიკალური მახასიათებელი არ არის და ქირურგიულ ჩარევას იშვიათად თუ საჭიროებს. სხვათა შორის, ზოგი პაციენტის ექოსკოპიაზე ეს საერთოდ არც ჩანს.
ერთ-ერთი გინეკოლოგი, რომელმაც სახელის შეცვლაში აქტიურად მიიღო მონაწილეობა, ABC News Australia-თან PMOS-ზე საუბრობს. მისი თქმით, ბევრ ადამიანს (მათ შორის, ექიმებსაც) ჰგონია, რომ დაავადების დროს საკვერცხე დიდ კისტებს შეიცავს, რომლებიც შეიძლება გასკდეს ან ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. სინამდვილეში საკვერცხეს განუვითარებელი ფოლიკულების უზარმაზარი რეზერვი აქვს, რომლებიც ოვოციტებს (კვერცხუჯრედებს) შეიცავს.
ზოგადად, ძალიან ბევრი ქალის შემთხვევაში სხვა სიმპტომები (მაგალითად, წონასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან ან კანთან დაკავშირებული) ხშირად უგულებელყოფილი იყო.
PMOS-ის ზუსტი გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. მკურნალობა მრავალმხრივია და მეტწილად პაციენტის ინდივიდუალურ შემთხვევაზეა დამოკიდებული. მკურნალობის მეთოდები ხშირად ჰორმონალურ, მეტაბოლურ და ქირურგიულ გზებს მოიაზრებს.
ტერმინისთვის "მეტაბოლურის" დამატება შეიძლება ძალიან ხელსაყრელი გამოდგეს. მიიჩნევა, რომ პაციენტების 85%-ს ინსულინრეზისტენტობაც აქვს. გარდა ამისა, ტიპი 2 დიაბეტის, ჭარბწონიანობისა და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების უფრო მაღალი რისკიც აქვთ. ამის მიუხედავად, ამ დაავადებებს ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ამოწმებენ.
ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია, რომ ტერმინი "PMOS" დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაშიც (ICD) აისახოს. ამ სისტემას ამჟამად 195 ქვეყანა მიჰყვება.
კომენტარები